ქართული სიტყვიერების ისტორიისათვის სამგვარი წყარო მოიპოვება: პირველ წყაროს შეადგენენ წერილობითი ცნობები ხალხური შემოქმედებისა და მისი შესრულების შესახებ, მეორეს-–- ნივთიერი კულტურის ძეგლებზე გამოხატული სხვადასხვა სიუჟეტის გახსნა და მესამეს –– ხალხში გავრცელებული ზეპირი თქმულებები და გადმოცემები.
ადრინდელ ორიგინალურ ცნობებს ქართველი ხალხის შემოქმედების შესახებ „ქართლის ცხოვრებაში“ ვხედავთ. „ქართლის ცხოვრების“ ავტორები მიგვითითებენ როგორც ზეპირსიტყვაობის ხასიათზე, ისე მისი შესრულების წესებზე. ეს დიდი ისტორიული ძეგლი მდიდარ ცნობებს შეიცავს.
თამარ მეფის (მე-12–-13 ს-ის) ისტორიკოსი ბასილი სახოტბო ისტორიული ლექსებისა და შრომის სიმღერების გავრცელების თაობაზე გადმოგვცემს: „რამეთუ სახლთა ზედა აკროსტიხულად თამარის შესხმათა დასწერდეს, ბეჭედთა ზედა და დანათა, და არგანთა შეამკობდეს და ზედა თამარის ქებათა დასწერდეს და ყოველთა პირნი ერთბამად მზა იყვნეს, რათა ღირსი რამე თამარის საქებლობისა სიტყუა აღმოთქვან; ყმანი მემროწლენი, განპებასა შინა ორნატთასა, თამარის ქებათა მელექსეობდიან; ერაყს მყოფნი მეებნენი*, გინა მეჩანგენი* თამარის შესხმათა მუსიკელობდიან; ფრანგნი და ბერძენნი, ზღვასა შინა მენავენი, ნიავ-კეთილობათა შინა, თამარი ქებათა იტყოდიან. ესრეთ ყოველი სოფელი სავსე იყო მისმიერითა ქებითა, და ყოველი ენა ადიდებდა, რომელსაცა ოდენ სახელი მისი ასმიოდეს“ (ქ. ცხ–ბა, II, 146).
*ებანი და *ჩანგი მუსიკალური ინსტრუმენტებია.
ამ ცნობიდან ჩანს, რომ მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეებში საზოგადოების სხვადასხვა ფენაში გავრცელებული ყოფილა მელექსეობა, ზეპირსიტყვაობა. განსაკუთრებით ჩვენს ყურადღებას იპყრობს ის ცნობა, სადაც მიწათმოქმედთა შესახებაა ლაპარაკი.
„ორნატი–– სახნველთა მიერ გაკუალული, კუალი არა რასა ეწოდება ფერხთა დანაჩნევთა კიდე“. მაშასადამე. თამად დედოფლის 'ისტორიკოსისეული ცნობით: ყმანი მენახირენი–-მეჯოგენი ხვნაში კვალის გავლებისას ლექსობდნენ. ამის მიხედვით ირკვევა, რომ მხვნელ-მთესველნი ველზე მუშაობის დროს (ასევე მწყემსებიც) სიმღერებს ასრულებდნენ და ლექსებს წარმოსთქვამდნენ. შრომის სიმღერები და ლექსები კი, როგორც საერთოდ ცნობილია, უხსოვარი დროიდან თან სდევდა ადამიანის სამეურნეო მუშაობას. ეს სიმღერები, „ლექსობანი“, უთუოდ, პირდაპირ თუ არა, წინამორბედნი მაინც იყვნენ გუთნურისა და ნადურისა.
ადამიანის სამეურნეო მოქმედებასთან დაკავშირებული ზეპირსიტყვიერების გარდა, „ქართლის ცხოვრებაში“ ჩვენ ვპოულობთ ისეთ ცნობებს, რომლებიც მიუთითებენ საწესჩვეულებო სიტყვიერების არსებობაზე და მისი შესრულების წესებზე. ასეთია, მაგალითად, გადმოცემანი თამარ დედოფლის ქორწილის შესახებ. ავტორი ისტორიული ქრონიკისა „პირველი ქმარი თამარისი“ მოგვითხრობს:
„ვითარ იყო ხუედრი და რიგი ულუმპიანობისა და შარავანდედობისა მათისა, ეგრეთ იქმნა ქორწილი, სახე დაუდებელი და იგავ-მიუწვდომელი. სიმრავლენი სახიობათანი, ძღუნობანი და ნიჭებანი თვალთანი და მარგალიტთანი, ოქრო-ჭედილთა და უჭედელთანი". მის შემდეგ ისტორიკოსი, თამარის დავითთან შეუღლების აღწერისას საქორწილო–საწესო ჩვეულებებსა და მათთან დაკავშირებულ სიტყვაობასაც უფრო განავრცობს და ენაწყლიანად უმატებს: „იყი ზმა მგოსანთა და მუშაითთა, და სახიობათა მჭვრეტელნი იყო რაზმთა სიმრავლე...“.