ამბავი პირველი

რომელშიც მოთხრობილია სარკისა და მისი ნამსხვრევების შესახებ

 

მოდით, დავიწყოთ თხრობა! როდესაც ამ ამბავს ბოლომდე მოვყვებით, უფრო მეტი გვეცოდინება, ვიდრე ახლა ვიცით.

იყო და არა იყო რა, იყო ერთი ავსული, ავზე ავი, ნამდვილი როკაპი. ერთხელ, კარგ ხასიათზე მყოფმა, უცნაური სარკე გააკეთა: მასში, ყველაფერი კარგი და მშვენიერი ცუდად და მახინჯად მოჩანდა, ხოლო ცუდი და მახინჯი, კიდევ უფრო საშინლად გამოიყურებოდა.

ულამაზესი ბუნება მოხარშული ისპანახი გეგონებოდათ, უმშვენიერესი ადამიანები კი - უმახინჯესი არსებები: სარკეში ისინი თავდაყირა ჩანდნენ და მუცელი საერთოდ არა ჰქონდათ. სახე კი ისე მოღრეცოდათ, ვერც კი იცნობდით.

თუ რომელიმე მათგანს წერტილის ოდენა ჭორფლი მაინც ჰქონდა, კარგად მეყოლეთ, მთელი ცხვირი და ტუჩები ჭორფლით დაეფარებოდათ, ხოლო თუ რაიმე კეთილი აზრი დაებადებოდათ, სარკეში ისე დამახინჯდებოდა, ავსული სიხარულისაგან სიცილით იგუდებოდა.

ავსულის მოწაფეები - მას თავისი სკოლა ჰქონდა - ყველას ატყუებდნენ, რომ მოხდა სასწაული და სარკეში ყველაფერი ისე ჩანს, როგორც სინამდვილეშიაო. მთელ ქვეყანაში დაარბენინებდნენ სარკეს და ბოლოს ქვეყნიერების არცერთი კუთხე, არცერთი ადამიანი არ დარჩა, მასში თავისი თავი დამახინჯებული სახით არ ეხილა.

ბოლოს ცაში ასვლა განიზრახეს. რაც უფრო მაღლა ადიოდნენ, სარკე მით უფრო მრუდდებოდა და ხელში ძლივსღა იჭერდნენ. აი, ისინი ღრუბლებსაც გასცდნენ, სარკე კიდევ უფრო გამრუდდა, აცახცახდა, ხელიდან გაუვარდათ, დედამიწაზე დაეცა და მილიარდ ნაწილებად დაიმსხვრა.

ამის გამო კიდევ უფრო დიდი უბედურება დატრიალდა: ქვიშის მარცვლის ოდენა, ნამცეცა ნამსხვრევები მთელს დედამიწაზე გაიფანტა, ადამიანებს თვალებში უვარდებოდათ და შიგვე რჩებოდა. ამის გამო ადამიანები ყველაფერს უკუღმა აღიქვამდნენ და ყოველ მოვლენაში მხოლოდ ცუდს ხედავდნენ - ნამსხვრევებს ხომ სარკის თვისებები ჰქონდათ.

ზოგიერთი ნამსხვრევი პირდაპირ გულში ხვდებოდა, რაც ყველაზე საშინელი რამ გახლდათ: ასეთი ადამიანების თბილი გული ყინულის ნატეხად იქცეოდა. დიდ ნამსხვრევებს ფანჯრის მინებად ხმარობდნენ, საიდანაც კეთილი მეგობრის დანახვა სასურველი არ იყო, რადგან ისინი ავებად და მახინჯებად ჩანდნენ.

ზოგიერთ ნამსხვრევს სათვალის მინებად იყენებდნენ. ვაი მას, ვინც ამ სათვალეს გამოიყენებდა, რადგან მასში ყველაფერს შებრუნებით დაინახავდა.

ავსულს ყველაფერი ეს ისე ართობდა, სიცილით იჭაჭებოდა. დედამიწაზე კი უამრავი ასეთი ნამსხვრევი ტრიალებდა და თავის მორიგ მსხვერპლს დაეძებდა. მოდით, მათ შესახებ მოვყვეთ!

 

ამბავი მეორე

პატარა გოგონა და ბიჭი

 

ერთ დიდ ქალაქში, სადაც იმდენი სახლი იდგა, ისე ბევრი ხალხი ცხოვრობდა, რომ ზოგს ბაღის გასაშენებლად მიწის მცირე ნაკვეთიც არ გააჩნდა და ქოთანში მოთავსებული ოთახის ყვავილებით კმაყოფილდებოდა, ორი ღარიბი ბავშვი ცხოვრობდა. ისინი და-ძმანი არ იყვნენ, მაგრამ ერთმანეთი ისე უყვარდათ, როგორც ნამდვილ დას და ძმას.

მათი მშობლები ერთმანეთის გვერდით მდებარე სახლების სხვენებში ცხოვრობდნენ, რომელთა სახურავები ერთიმეორეს თითქმის ეხებოდნენ და რომელთა შორის წყალსაწრეტი ღარი იყო გადებული.

სხვენებს ფანჯრები სწორედ იმ მხარეს, ერთმანეთის პირდაპირ ჰქონდათ დატანებული. საკმარისი იყო წყალსაწრეტი ღარისთვის გადაგებიჯებინათ, რომ ერთი ფანჯრიდან უმალვე მეორე ფანჯარაში აღმოჩნდებოდით.

ბავშვების მშობლებს ხის თითო დიდი ყუთი ჰქონდათ, სადაც მწვანილი ეთესათ და თითო ვარდის ბუჩქიც დაერგოთ, რომლებიც დიდებულად გაფურჩქნულიყვნენ. ყუთები რატომღაც ღარის გარდი-გარდმო ეწყო და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ყვავილების ორი მწკრივი ერთი ფარჯრიდან მეორესკენ მიემართებოდა.

ცერცვის ყვავილწნულები ყუთებიდან გადმოკიდებულიყვნენ. ვარდის ბუჩქების რტოები ერთმანეთში ჩაწნულიყვნენ და ფანჯრებში იჭყიტებოდნენ. მშობლები ბავშვებს ნებას რთავდნენ, სახურავიდან ერთმანეთს სტუმრებოდნენ და ვარდის ბუჩქის ქვეშ, სკამებზე მსხდარიყვნენ, სადაც შესანიშნავად ერთობოდნენ.

ზამთარში ასეთ სიხარულს ისინი მოკლებული იყვნენ. ფანჯრები ხშირად მთლიანად იყინებოდა და გარეთ აღარაფერი ჩანდა. მაგრამ ბავშვები გამოსავალს მაინც პოულობდნენ: ღუმელზე სპილენძის მონეტას გაახურებდნენ და გაყინულ ფანჯარას მიადებდნენ.

იმ ადგილას ყინული ლღვებოდა და მშვენიერი, მრგვალი საჭვრეტიც მზად იყო. სწორედ ამ საჭვრეტიდან უმზერდნენ ერთმანეთს ალერსიანად გოგო და ბიჭი - გერდა და კაი.

ზაფხულში ისინი ერთს ისკუპებდნენ და ერთმანეთს ესტუმრებოდნენ ხოლმე, ზამთარში კი ქვემოთ, კიბის მრავალი საფეხური უნდა ჩაერბინათ და შემდეგ ამდენივე აერბინათ. ეზოში თოვლის ფანტელები ცვიოდა და ბარაქიანად ბარდნიდა.

- ეს თეთრი ფუტკრები ირევიან, - ამბობდა მოხუცი ბებია.

-  მათაც ჰყავთ დედოფალი? - ეკითხებოდა ბიჭი. მან იცოდა, რომ ნამდვილ ფუტკრებს დედოფალი ჰყავდათ.

- დიახ, ჰყავთ! - პასუხობდა ბებია. - ფანტელები გარშემო მას მჭიდრო გუნდად ერტყმიან, მაგრამ იგი ყველაზე დიდია და მიწაზე არასოდეს ჯდება, მუდმივად შავ ღრუბლებში დაფრინავს. ხშირად, ღამით ქალაქის ქუჩებშიც ჩაიქროლებს ხოლმე და ფანჯრებში იჭყიტება. სწორედ ამის გამო იყინება ფანჯრის მინა და ზედ ყინულის ასეთი, ყვავილივით ლამაზი, ნაქარგები ჩნდება.

- ვიცით, ვიცით, ჩვენც გვინახავს! - ამბობდნენ ბავშვები და სჯეროდათ, რომ რასაც ბებია ამბობდა, ყველაფერი სრული სიმართლე გახლდათ.

- თოვლის დედოფალს აქ შემოსვლა არ შეუძლია? - კითხულობდა გოგონა.

- აბა ერთი გაბედოს! - პასუხობდა ბიჭი. - მე მას ცხელ ღუმელზე დავსვამ და მყისვე დადნება.

ბებია ბიჭს თავზე ხელს გადაუსვამდა ხოლმე და საუბარს სხვა რამეზე გადაიტანდა.

საღამოთი, კაიმ, ძილის წინ, თითქმის მთლიანად გახდილმა, გარეთ გახედვა გადაწყვიტა, სკამზე შედგა და სპილენძის მონეტის დახმარებით გაკეთებულ სამზერში გაიჭყიტა.

ფანჯრის იქეთ თოვლის ფიფქები ფარფატებდნენ. ერთ-ერთი მათგანი, ყველაზე დიდ, საყვავილე ყუთს დაეცა და ზრდა დაიწყო. იზარდა, იზარდა და ბოლოს უმშვენიერეს ქალწულად იქცა, რომელიც ისეთ სიფრიფანა ქათქათა ქსოვილში იყო გახვეული, თითქოს მილიონობით თოვლის ვარსკვლავით მოუქსოვიათო.

ქალი მართალია ყინულისა იყო და თვალის მომჭრელად ბრწყინავდა, მაგრამ მაინც ცოცხალი იყო. თვალები მოციმციმე ვარსკვლავებივით უბრწყინავდა, მაგრამ მათში არც სითბო იგრძნობოდა და არც სიმშვიდე. ყინულის ქალმა ბიჭს თავი დაუკრა და ხელით თავისთან მიიხმო. კაი შეშინდა და სკამიდან ჩამოხტა. მოეჩვენა, თითქოს ფანჯრის წინ დიდმა ფრინველმა ჩაიფრინა.

მეორე დღეს მზემ გამოანათა, თუმცა ისევ ყინავდა. მალე დათბა კიდეც და გაზაფხულიც დადგა. ირგვლივ მწვანე ბალახი ამოიწვერა, მოფრინდნენ ფრინველები და ბუდეების შენება დაიწყეს. მშობლებმა ფანჯრები გააღეს და ბავშვებს კვლავ შეეძლოთ სახლების სართულებს ზემოთ, წყალსაწრეტ ღარზე მოწყობილ თავიანთ პაწაწინა ბაღში ჯდომა.

იმ წელიწადს ვარდები ისე ყვაოდნენ, როგორც არასდროს. ბავშვები ხელიხელ ჩაჭიდებულნი მღეროდნენ, ვარდებს კოცნიდნენ და მზეს შეჰხაროდნენ. ახ, რა შესანიშნავი ზაფხული იდგა, რა კარგი იყო ვარდის ბუჩქების ქვეშ თამაში, რომელთა ყვავილობა თითქოს არასდროს წყდებოდა!

ერთხელ კაი და გერდა ერთად ისხდნენ და ფრინველ-მხეცებით დასურათებულ წიგნს ათვალიერებდნენ. ამ დროს სამრეკლოს დიდმა საათმა ხუთჯერ დარეკა.

- ვაი! - წამოიყვირა კაიმ. - გულში რაღაცამ მიჩხვლიტა და თვალშიც რაღაც ჩამივარდა!

გოგონა კისერზე ჩამოეკიდა და თვალებში ჩახედა, მაგრამ იქ ვერაფერი ვერ აღმოაჩინა.

- ალბათ ამოვარდა, - თქვა ბიჭმა.

მაგრამ ეს ასე არ იყო. ბიჭს გულსა და თვალში სწორედ იმ სარკის ნამსხვრევები ჩაუვარდა, რომლის შესახებაც უკვე გიამბეთ.

საწყალი კაი! ახლა მისი გული ყინულივით გაცივდებოდა და თვალებითაც ყველაფერს დამახინჯებულად დაინახავდა.

- რა გატირებს? - შეეკითხა ის გერდას. - მე სულაც არა მტკივა! ფუი, რა საძაგლად გამოიყურები! - დაიყვირა მან ბოლოს. - შეხედე, ის ვარდი ჭიას მთლიანად გამოუხრავს. ეს მეორე კი მთლად მახინჯია! რა საშინელი ვარდის ბუჩქებია - ისეთივე უსახურნი არიან, როგორც ის ხის ყუთები, სადაც ისინი არიან დარგულნი!

კაიმ ხის ყუთს წიხლი ჰკრა, ხოლო ვარდები დაგლიჯა.

- კაი, რას აკეთებ? - შესძახა გერდამ, მან კი შეშინებული გოგონას თვალწინ კიდევ ერთი ვარდი მოგლიჯა, საყვარელი მეგობარი მიატოვა და თავის ფანჯარაში შეძვრა.

იმ დღის შემდეგ ბიჭი მთლიანად შეიცვალა. მოიტანდა გერდა ნახატებიან წიგნს - კაი უკმეხად მიახლიდა, რომ ეგ ნახატები ჩვილი ბავშვისთვის თუ გამოდგებაო; მოუყვებოდა მოხუცი ბებია რაიმე ამბავს - აუცილებლად შეედავებოდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ საკუთარი ბებიის გამოჯავრება დაიწყო: დაიკოსებდა ცხვირზე სათვალეს, მასავით დადიოდა და მისი ხმით ლაპარაკობდა. ყველაფერს ისე კომიკურად აკეთებდა, რომ ხალხი სიცილით იხოცებოდა. მალე კაიმ მეზობლების გამოჯავრებაც დაიწყო და მათ ნაკლოვანებებს ისე ოსტატურად გადმოსცემდა, რომ ხალხი ამბობდა:

- საოცრად ნიჭიერი ბიჭუნაა!

ყველაფრის თავი და თავი კი , მის გულსა და თვალებში მოხვედრილი სარკის ნამსხვრევები გახლდათ. სწორედ ამის გამო იყო, რომ თვით მისთვის ძვირფას ციცქნა გერდასაც კი აჯავრებდა, რომელიც მთელი გულით უყვარდა.

ბიჭია გართობა-თამაშიც კი სულ სხვანაირი გახდა - უფრო ჭკვიანური და გააზრებული. ერთხელ, ზამთარში, ეზოში იგი დიდი გამადიდებელი შუშით მივიდა, თავისი ლურჯი ქურთუკის კალთა თოვლის ფიფქებს შეუშვირა და გოგონას უთხრა:

- აბა, გერდა, ამ თოვლის ფიფქებს დახედე!

გამადიდებელ შუშაში თოვლის ფიფქი ბევრად უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე სინამდვილეში იყო და ულამაზეს ყვავილს ან ათკუთხა ვარსკვლავს ჰგავდა.

- ხედავ რა ეშმაკურადაა ნაკეთები! - უთხრა კაიმ. - გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ნამდვილი ყვავილები! თანაც როგორი სიზუსტეა! არც ერთი გამრუდებული ხაზი! ეჰ. რა კარგი იქნებოდა, რომ არ დნებოდნენ!

ცოტა ხნის შემდეგ კაიმ დიდი ხელთათმანები და ციგა მოიტანა და გერდას შიგ ყურში ჩაჰყვირა:”მე ნება დამრთეს სხვა ბავშვებთან ერთად მოედანზე ვისრიალო!” - და მოედნისკენ მოკურცხლა.

ყინულის მოედანზე უამრავი ბავშვი სრიალებდა. ვინც უფრო გულადი იყო, თავის ციგას გლეხების მარხილს მიაბამდა და ძალზე შორს მისრიალებდა.

ეს ძალზე საინტერესო რამ გახლდათ. გახურებული მხიარულებისას, მოედანზე თეთრად შეღებილი, დიდი მარხილი გამოჩნდა. მასში, თეთრ ქურქში გახვეული ვიღაც იჯდა, რომელსაც თავზეც თეთრი ქუდი ეხურა. მარხილმა მოედანს ორჯერ შემოუარა ირგვლივ. კაიმ სწრაფად მიაბა მარხილს თავისი ციგა და მასთან ერთად გასრიალდა.

მარხილმა სიჩქარეს მოუმატა, შემდეგ მოედნიდან გვერდზე შეუხვია. მარხილში მჯდომი მობრუნდა და კაის კარგი ნაცნობივით, თავი ღიმილით დაუკრა. ბიჭმა ციგის მარხილიდან მოხსნა რამდენჯერმე დააპირა, მაგრამ ქურქიანი უცნობი ყოველი ცდისას თავს მეგობრულად უქნევდა და ისიც მარხილთან ერთად მისრიალებდა.

აი, ისინი ქალაქის კარიბჭეს გასცდნენ. აქ მოულოდნელად ჩამობნელდა - ისეთი უკუნი ჩამოწვა, თითს თვალთან ვერ მიიტანდი.

კაიმ თოკს, რომლითაც მარხილზე იყო გამობმული, სასწრაფოდ გაუშვა ხელი, მაგრამ ციგა, თითქოს მარხილს მიეწებაო, საშინელი სისწრაფით განაგრძობდა სრიალს.

ბიჭმა ხმამაღლა დაიყვირა, მაგრამ არავინ გამოეხმაურა. თოვლი კი ისევ ბარაქიანად ბარდნიდა, ციგა და მარხილი ქარივით მიჰქროდნენ, ნამქერებში ყვინთავდნენ, თხრილებს და ღობეებს ახტებოდნენ. კაი შიშისაგან ერთიანად ცახცახებდა.

თოვლის ფანტელები თანდათან იზრდებოდნენ და ბოლოს დიდ, თეთრ მამლებად იქცნენ. უეცრად ისინი სხვადასხვა მხარეს გაფრინდნენ, მარხილი გაჩერდა და მასში მჯდომი ფეხზე წამოდგა. ეს იყო მაღალი, ტანადი, დამაბრმავებლად თეთრი ქალი - თოვლის დედოფალი; ქურქიც და ქუდიც მას თოვლისა ჰქონდა.

- დიდებულად ვისრიალეთ! - თქვა დედოფალმა. - მაგრამ შენ მთლად გაყინულხარ - შემოძვერი ჩემთან ქურქში!

მან ბიჭი მარხილში ჩაისვა და თავისი ქურქი შემოახვია. კაის მოეჩვენა, თითქოს თოვლის ზვინში ჩაეშვა.

- შენ ისევ გცივა? - შეეკითხა თოვლის დედოფალმა და შუბლზე აკოცა.

ყინულივით  ცივმა კოცნამ ბიჭს მთელ ტანში დაუარა და გულამდე მიაღწია, რომელიც ისედაც ნახევრად გაყინული გახლდათ. კაის მოეჩვენა, რომ ცოტაც და მოკვდებოდა... მაგრამ ეს მხოლოდ ერთ წუთს გაგრძელდა. შემდეგ კი პირიქით მოხდა, თავი ისე კარგად იგრძნო, რომ სიცივეს საერთოდ აღარც კი გრძნობდა.

- ჩემი ციგა! ციგა არ დაგავიწყდეს! - უცბად გაახსენდა მას.

ციგა ერთ-ერთ თეთრ მამალს ზურგზე აჰკიდეს და ისიც მათ მარხილს უკან გამოედევნა. თოვლის დედოფალმა კაის კიდევ ერთხელ აკოცა და ბიჭს გერდაც დაავიწყდა, ბებიაც და ყველა სხვა შინაურიც.

- მეტს აღარ გაკოცებ, თორემ შეიძლება კოცნაში დაგახრჩო, - უთხრა თოვლის დედოფალმა.

კაიმ შეხედა მას. ღმერთო, რა ლამაზი იყო! უფრო მშვენიერი და ჭკვიანი სახე ვერც კი წარმოედგინა. ახლა უკვე აღარ ეშინოდა და მშვიდად უყვებოდა, რომ არითმეტიკის ოთხივე მოქმედება ზეპირად იცის, თანაც წილადებით; იცის რამდენი კვადრატული კილომეტრის ფართი უჭირავს ამა თუ იმ ქვეყანას და რამდენი მაცხოვრებელია იქ. დედოფალი კი პასუხად მხოლოდ უღიმოდა და კაის მოეჩვენა, რომ სინამდვილეში ძალზე ცოტა ცოდნა ჰქონდა.

უეცრად თოვლის დედოფალი მასთან ერთად შავ ღრუბლებში აიჭრა. ქარიშხალი ისე ღრიალებდა და კვნესოდა, თითქოს ძველებურ სიმღერებს მღეროდა.

ისინი ტყეების, ტბების, ზღვების და ხმელეთის თავზე მიფრინავდნენ. მათ ქვემოთ სუსხიანი ქარები ქროდნენ, მგლები ყმუოდნენ, თეთრად ბრწყინავდა თოვლი, ყაშყაშით დაფრინავდნენ შავი ყორნები, ხოლო ზემოდან დიდი, ნათელი მთვარე დანათოდათ.

აი, რას ხედავდა კაი გრძელზე გრძელი ღამის განმავლობაში, დილით კი ყინულის დედიფლის ფერხთით ჩაეძინა. 

 

ამბავი მესამე

ქალი, რომელსაც ყვავილნარი ჰქონდა და ჯადოქრობა შეეძლო

 

მოდით, ახლა იმის შესახებ მოვყვეთ, თუ როგორ მოიქცა გერდა, როდესაც კაი აღარ დაბრუნდა. სად დაიკარგა ბიჭი, არავინ იცოდა. ყმაწვილები ყვებოდნენ, რომ მათ მხოლოდ ის დაინახეს, როგორ გამოაბა კაიმ თავისი ციგა დიდ, შესანიშნავ მარხილს, როგორ შეუხვია მასთან ერთად მოსახვევში და ქალაქის კარიბჭიდან გავიდა.

ბევრი ცრემლი დაიღვარა მასზე, დიდხანს და მწარედ ტიროდა გერდა. ბოლოს დაასკვნეს, რომ კაი დაიღუპა, მდინარეში დაიხრჩო, რომელიც ქალაქგარეთ მიედინებოდა. ტაატით მიიზლაზნებოდნენ ზამთრის პირქუში დღეები.

მაგრამ აი, დადგა გაზაფხული, გამოანათა მზემ.

- კაი მოკვდა და აღარ დაბრუნდება! - თქვა გერდამ

- არა მჯერა! - უპასუხა მზის სხივმა.

- ის მოკვდა და აღარ დაბრუნდება! - გაუმეორა გოგონამ მერცხლებს.

- არა გვჯერა! - უპასუხეს მათ.

ბოლოს გერდასაც აღარ სჯეროდა მეგობრის დაღუპვა.

- მოდი ჩემს ახალ, წითელ წაღებს ჩავიცვამ (კაის ისინი ჯერ არ ენახა), - თქვა მან ერთხელ დილით, - წავალ და კაის შესახებ მდინარეს ვკითხავ.

ჯერ კიდევ ადრე იყო. გოგონამ მძინარე ბებიას აკოცა, ჩაიცვა თავისი წითელი წაღები და მარტოდმარტომ ქალაქგარეთ, მდინარეს მიაშურა.

- მართალია, რომ შენ წაიყვანე ჩემი ძმობილი? - შეეკითხა გერდა. მე შენ ჩემს წითელ წაღებს გაჩუქებ, თუ კაის უკანვე დამიბრუნებ!

გოგონას მოეჩვენა, რომ ტალღები უცნაურად უკატუნებდნენ თავს. მაშინ მან წითელი წაღები გაიხადა - ყველაზე ძვირფასი, რაც კი მას გააჩნდა, - და წყალში გადაყარა. მაგრამ ისინი ნაპირთან ახლოს დაცვივდნენ და ტალღებმა უკანვე გამორიყეს - წყალი თითქოს არ იღებდა მის საჩუქარს, რადგან სამაგიეროდ კაის დაბრუნება არ შეეძლო.

გოგონამ კი იფიქრა, საკმაოდ შორს ვერ ვისროლეო, იქვე, ლელიანში მდგარ, მოქანავე ნავში ჩაძვრა, კიჩოს კიდეზე შედგა და წაღები კვლავ მოისროლა წყალში. ნავი დაბმული არ იყო და ბიძგისაგან წყალში შეცურდა. გერდამ უკან, ნაპირზე გადახტომა მოინდომა, მაგრამ სანამ კიჩოდან ცხვირთან მიირბენდა, ნავი მდინარეში შეცურდა და დინებამ დაღმა გააქანა.

გერდა საშინლად შეშინდა, მორთო ყვირილი და ტირილი, მაგრამ მისი ხმა მხოლოდ ბეღურებს ესმოდათ. პატარა ჩიტუნებს კი გოგონას ხმელეთზე გადასხმა არ შეეძლოთ და თითქოს მისი გამხნევება უნდათო, ნაპირ-ნაპირ ჭიკჭიკით მიაცილებდნენ:

- ჩვენ აქა ვართ! ჩვენ აქა ვართ!

ნავს ზვირთები სულ უფრო შორს მიაქროლებდნენ. წინდების ამარა დარჩენილი გერდა წყნარად იჯდა: მისი წითელი წაღები ნავს ცურვით უკან მოსდევდნენ, მაგრამ ვერ ეწეოდნენ.

”შეიძლება ნავს კაისთან მივყავარ?” - გაიფიქრა გოგონამ. გამხიარულდა, ფეხზე წამოხტა და დიდხანს ტკბებოდა მწვანედ მოხასხასე, ლამაზი სანაპიროების ცქერით.

და აი, ნავი ერთ დიდ, ალუბლის ბაღთან მიცურდა. ბაღში ჩალით დახურული პატარა სახლი იდგა, რომელსაც წითელი და ლურჯი მინებით შემკული ფანჯრები ჰქონდა. კარებთან ორი ხის ჯარისკაცი გაჯგიმულიყო, რომლებიც სალამს აძლევდნენ ყველას, ვინც კი გვერდით ჩაუვლიდათ. გერდამ მათ დაუძახა - ისინი მას ცოცხლები ეგონა, მაგრამ ჯარისკაცებმა რა თქმა უნდა არ უპასუხეს. აი იგი სულ ახლოს მოცურდა მათთან. ნავი თითქმის მიადგა ნაპირს და გოგონამ კიდევ უფრო ხმამაღლა დაიძახა. სახლიდან ძალზე მოხუცი, ყავარჯნიანი დედაბერი გამოვიდა, რომელსაც თავზე ლამაზი ყვავილებით მოხატული, ჩალის ქუდი ეხურა.

- ოჰ, შე საწყალო ბავშვო! - უთხრა დედაბერმა. - რამ წამოგიყვანა ამ უზარმაზარი, სწრაფი  მდინარით ასე შორს?

ამ სიტყვებით დედაბერი წყალში შევიდა, ნავს ყავარჯენი მოსდო, ნაპირზე გამოათრია და გოგონა ნავიდან ამოიყვანა. ხმელეთზე მოხვედრით გახარებულმა გერდამ, თავი ბედნიერად იგრძნო, თუმცა ცოტა არ იყოს, დედაბრის ეშინოდა.

- აბა, წამოდი და მომიყევი, ვინა ხარ და აქ საიდან გაჩნდი? - უთხრა დედაბერმა.

გერდა დაწვრილებით უყვებოდა თავის თავგადასავალს, დედაბერი კი თავს აქეთ-იქით აქნევდა და ერთსა და იმავეს იმეორებდა: ოჰ! ოჰ! როდესაც გოგონამ თხრობა დაამთავრა, დედაბერს ჰკითხა, კაი ხომ არსად გინახავსო.

- აქეთ ჯერ არ ჩამოუვლია, - უპასუხა დედაბერმა, - მაგრამ აუცილებლად ჩამოივლის. ასე, რომ წუხილი ჯერ ნაადრევია. უმჯობესია ალუბლები იგემო და ყვავილების ცქერით დატკბე, რომლებიც ბაღში ყვავიან: ისინი გაცილებით წარმტაცნი არიან, ვიდრე წიგნის ნახატებია და ყოველ მათგანს ზღაპრების მოყოლა შეუძლია. ბოლოს დედაბერმა გერდას ხელი მოჰკიდა, სახლში შეიყვანა და შიგ ჩაკეტა.

სახლს ფანჯრები იატაკიდან ძალზე მაღლა ჰქონდა დატანებული და მათში ნაირნაირი ფერების მინები იყო ჩასმული: წითელი, ლურჯი, მწვანე. ამის გამო ოთახი რაღაც საოცარი ფერებით იყო განათებული. მაგიდაზე საუცხოო ალუბლით სავსე კალათა იდგა და გერდას შეეძლო იმდენი ეჭამა, რამდენიც სურდა. სანამ ის ალუბალს მიირთმევდა, დედაბერი ოქროს სავარცხლით თმებს უვარცხნიდა. ხუჭუჭა თმა, გოგონას ვარდივით ნაზ, ალერსიან სახეს, ოქროსფერ კულულებად ეხვეოდა.

- დიდი ხანია ვოცნებობდი ასეთ საყვარელ გოგონაზე! - თქვა დედაბერმა. - აი ნახავ, რა შესანიშნავად ვიცხოვრებთ ჩვენ ერთად!

და მან გააგრძელა გოგონას თმის ვარცხნა. რაც მეტს ვარცხნიდა, გერდას მით უფრო მეტად ავიწყდებოდა თავისი მეგობარი კაი - დედაბერს ხომ ჯადოქრობა შეეძლო. ოღონდ ბოროტი არ იყო და მხოლოდ ხანდახან თავისი სიამოვნებისთვის ჯადოქრობდა. ახლაც გერდაც იმიტომ მოაჯადოვა, რომ ძალზე მოუნდა გოგონა თავისთან დაეტოვებინა. აი, დედაბერი ბაღში შევიდა და გაფურჩქნულ ვარდის ბუჩქებს ჩამოუარა: შეახებდა თუ არა მათ ყავარჯენს, ბუჩქები იმ წამსვე მიწაში ძვრებოდნენ და მათგან ნაკვალევიც კი აღარ რჩებოდა. ამას იმიტომ აკეტებდა, რომ ეშინოდა, გოგონა ვარდებს რომ შეხედავს, თავისი ვარდის ბუჩქი და თავისიანები გაახსენდება, შემდეგ კაისაც გაიხსენებს და ჩემგან გაიქცევაო.

ამის შემდეგ გერდა დედაბერმა ყვავილნარში წაიყვანა. ოჰ, რა სურნელი იდგა იქ, რა სილამაზე: ირგვლივ ნაირნაირი ყვავილები იწონებდნენ თავს და თანაც ეს ხდებოდა ზამთარში. მთელს ქვეყნიერებაზე, ვერც ერთ წიგნში, ასეთი სილამაზის ნახატებს ვერ იპოვნიდით. გერდა სიხარულისაგან ყვავილებს შორის დარბოდა და მანამ თამაშობდა, სანამ მზე ალუბლის მაღალ ხეებს არ მიეფარა. შემდეგ ლოგინი გაუშალეს - წითელი აბრეშუმის, ლამაზად მოქარგული საბანი დაახურეს, ხოლო სასთუმლად იებით გატენილი ბალიში დაუდეს. გოგონას ტკბილად ჩაეძინა და ისეთი ლამაზი სიზმრები იხილა, დედოფალს რომ დაესიზმრება ხოლმე თავის ქორწილის დღეს.

მეორე დღეს გერდას ისევ დართეს მზით გაბრწყინებულ ყვავილნარში თამაშის ნება. ასე გავიდა მრავალი დღე. გოგონა უკვე ყველა ყვავილს სცნობდა. მიუხედავად მათი სიმრავლისა, გულში მაინც რომელიღაც ყვავილი აკლდა, ოღონდ რომელი, ეს ვერაფრით მოეგონებინა. და აი, ერთხელ იგი იჯდა და დედაბრის ჩალის ქუდზე ამოქარგულ ყვავილებს ათვალიერებდა, რომელთა შორის ყველაზე ლამზი ვარდი გაზლდათ - დედაბერს მისი წაშლა დავიწყებოდა. აი, რას ნიშნავს გულმავიწყობა!

- როგორ, ამდენ ყვავილებს შორის ვარდი არ არის? - გაიფიქრა გოგონამ და მათ მოსაძებნად ყვავილნარში გაიქცა. ბევრი ეძება, მაგრამ რაც არ იყო, აბა როგორ იპოვნიდა.

მაშინ გერდა მიწაზე დაჯდა და ტირილი დაიწყო. მისი თბილი ცრემლები ზუსტად იმ ადგილას ეცემოდნენ, სადაც ადრე ერთ-ერთი ვარდის ბუჩქი იდგა. როგორც კი ცრემლებმა მიწა დაასველეს, ვარდის ბუჩქი მყისვე ამოიზარდა, თანაც ისეთივე გაფურჩქნული, როგორც წინათ იყო.

გერდამ ვარდის ბუჩქს ხელი მოხვია, დაუწყო კოცნა და თავისი ვარდები გაახსენდა, ხოლო შემდეგ კაიც მოაგონდა.

- ოჰ, რამდენი დრო გავიდა! - სთქვა გოგონამ. - მე ხომ კაის მოსაძებნად წამოვედი!.. თქვენ ხომ ვერ მეტყვით, სად არის იგი? - ჰკითხა ვარდებს. - მართალია, რომ იგი მოკვდა და აღარ დაბრუნდება?

-  ის არ მომკვდარა! - უპასუხეს ვარდებმა. - ჩვენ ხომ მიწის ქვეშ ვიყავით, სადაც მკვდრები წვანან. კაი მათ შორის არ გვინახავს.  

- დიდად გმადლობთ! გერდამ მადლობა გადაუხადა ვარდებს და ახლა სხვა ყვავილებს მიაშურა: - ხომ არ იცით, სად არის კაი?

მაგრამ ისინი მზეს მიფიცხებოდნენ და ოცნებობდნენ.

მაშინ გედამ მწვანედ მოხასხასე, ბალახში მოელვარე ბაბუაწვერას მიაკითხა:

- ჩემო მზესავით ნათელო პაწიავ! - უთხრა გოგონამ. - მითხარი სად ვეძებო ჩემი ძმობილი?

ბაბუაწვერამ თავისი მზერა გერდას მიაპყრო და ნაზი ღიღინით უპასუხა, მაგრამ ვაი რომ ამ სიმღერაში კაის შესახებ არც ერთი სიტყვა არ თქმულა!

- გაზაფხულის პირველი დღე იდგა. ბრდღვიალა მზეს პატარა ეზო გაენათებინა. მისი სხივები მეზობელი სახლის თეთრად შეღებილ კედლებზე დასრიალებდნენ. იქვე, კედლის სიახლოვეს, მოყვითალო ყვავილმა ამოყო თავი, რომელიც მზეზე ოქროსფრად ბრწყინავდა.

ეზოში მოხუცი ბებია გამოვიდა. მასთან სტუმრად მისი შვილიშვილი, ღარიბი მოახლე გოგონა მოვიდა და მოხუცს აკოცა. გოგონას კოცნა ოქროზე ძვირფასი იყო, რადგან იგი პირდაპირ გულიდან მოდიოდა. ოქრო იყო დაფენილი მის ტუჩებზეც, ოქროთი იყო სავსე მისი გულიც, ოქროთი იყო მოჭედილი ცაც იმ ადრეულ დილით! აი, ყველაფერი ის, რისი თქმაც მსურდა! - ჩაიღიღინა ბაბუაწვერამ.

- საწყალი ჩემი ბებია! - ამოიოხრა გერდამ. ალბათ ვენატრები და წუხს ჩემზე, როგორც კაიზე სწუხდა. მაგრამ მალე დავბრუნდები კაისთან ერთად. ყვავილების გამოკითხვა კი აღარ ღირს - სულ ერთია, მათგან ვერაფერს გაიგებ. - თქვა გერდამ და ყვავილნარის ბოლოსკენ გაიქცა.

გოგონას ყვავილნარის კარები დაკეტილი დახვდა, მაგრამ დაჟანგული საკეტი იმდენი ანჯღრია, რომ ბოლოს და ბოლოს გააღო და გზაზე ფეხშიშველი გამოვარდა. რამდენჯერმე უკან მოიხედა, ხომ არავინ მომდევსო.

ბოლოს იგი დაიღალა, ქვაზე ჩამოჯდა და ირგვლივ მიმოიხედა: უკვე ზაფხულიც გასულიყო და გვიანი შემოდგომა იდგა. მხოლოდ დედაბრის ყვავილნარში, სადაც მზე მუდმივად ბრწყინავდა და წლის ყოველ დროში ათასნაირი ყვავილები ხარობდნენ, ეს არ შეიმჩნეოდა.

- ღმერთო, როგორ შევყოვნდი! უკვე შემოდგომაც მოსულა! რა დროს დასვენებაა! - თქვა გერდამ და ისევ გაუდგა გზას.

ოჰ, როგორ ტეხდნენ დაღლილი ფეხები! როგორ ციოდა ირგვლივ! ტირიფის გრძელი ფოთლები მთლიანად გაყვითლებულიყვნენ. ნისლი მსხვილ წვეთებად დამჯდარიყო მათზე და მიწაზე წყლად მოწანწკარებდა. ფოთლები დაბლა ცვიოდნენ. მხოლოდ კვრინჩხს შერჩენოდა მწკლატრე ნაყოფი. ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფრად და უღიმღამოდ გამოიყურებოდა.

 

ამბავი მეოთხე

პრინცი და პრინცესა

 

გერდა იძულებული შეიქნა დასასვენებლად კვლავ დამჯდარიყო, მის პირდაპირ, თოვლზე დიდი შავი ყვავი დახტოდა. დიდხანს მისჩერებოდა ის გოგონას თავის კატუნით და ბოლოს უთხრა:

- ყვა-ყვა! გამარრჯობა!

ადამიანთა ენაზე უფრო სწორად ლაპარაკი მას არ შეეძლო. მაგრამ მას გოგონასთვის სიკეთე სურდა და შეეკითხა, რად დაეხეტებოდა ამ ქვეყნად მარტოდ მარტო. თუ რას ნიშნავდა ”მარტოდ მარტო” ხეტიალი, გერდამ კარგად იცოდა, რადგან იგი თავის თავზე გამოსცადა. გოგონამ ყვავს თავისი თავგადასავალი უამბო და ბოლოს შეეკითხა, ხომ არ უნახავს კაი.

ყვავი ჩაფიქრდა, თავი დააკანტუნა და თქვა:

- მგონი ვნახე! მგონი ვნახე!

- მართლა? - წამოიყვირა გერდამ და სიხარულისაგან ყვავი ისე დაკოცნა, კინაღამ დაახრჩო.

- ჩუმად! ჩუმად! - უთხრა ყვავმა. - მე მგონი ის სწორედ შენი კაი იყო, მაგრამ პრინცესას გამო ალბათ მას შენ უკვე დაავიწყდი.

- როგორ, ის პრინცესასთან ერთად ცხოვრობს? - ჰკითხა გოგონამ.

- ახლავე მოგიყვები, - უთხრა ყვავმა, - მაგრამ თქვენს ენაზე ლაპარაკი ძალზე მიჭირს. აი, შენ რომ ყვავების ენა იცოდე,  მაშინ გაცილებით უკეთ გაგაგებინებდი ყველაფერს.

- სამწუხაროდ ყვავების ენა ჩენთვის არავის უსწავლებია, - უპასუხა გერდამ. - როგორი სამწუხაროა...

- არა უშავს - უთხრა ყვავმა - მართალია ცუდად, მაგრამ როგორმე შევძლებ, ყველაფერი მოგიყვე.

და მან გოგონას მოუთხრო ყველაფერი, რაც იცოდა.

- ამ სამეფოში, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით, ერთი პრინცესა ცხოვრობს. ისეთი ჭკვიანია, რომ მეტი აღარ შეიძლება! ნამდვილი ჭკუის კოლოფია - რაც ქვეყნიერებაზე გაზეთებია, ყველა წაკითხული აქვს და რაც იქ სწერია, უკვე დავიწყებულიც! ერთხელ, სამეფო ტახტზე ჯდომისას - ეს კი, როგორც ხალხი ამბობს არც თუ ისე სასიამოვნოა - სიმღერა წამოიწყო, სადაც ასეთი ფრაზა ურევია: ”რატომ ვარ ნეტა, გაუთხოვარი?”  ”მართლაც, რატომ არ ვთხოვდები?” გაიფიქრა გულში და იმ წამსვე გათხოვება მოუნდა.

მაგრამ მეუღლედ ისეთი ადამიანი უნდოდა, რომელიც შეკითხვებზე კი არ გაიბღინძებოდა, არამედ წესიერ პასუხს გასცემდა - გაბღენძილებთან ყოფნა ხომ საშინლად მოსაწყენია! და აი, ერთ დღეს, ბუკითა და ნაღარით სასახლის მთელ სეფე ქალებს თავი მოუყარეს და პრინცესას სურვილი გააცნეს. ამ ამბავმა ყველანი ძალზე გაახარა: ”ძალიან ძალიან მოსაწონი სურვილია! - ერთხმად თქვა ყველამ.

– ჩვენც ზუსტად ასე ვფიქრობდით!” ყველაფერი ეს ჭეშმარიტება გახლავთ! - დაამატა ყვავმა. - სასახლის კარზე საცოლე მყავს, მოშინაურებული ყვავია, იქ თავისუფლად დაფრინავს და ყველაფერი ეს მან მიამბო.

- მეორე დღეს, - განაგრძო თხრობა ყვავმა, - ყველა გაზეთს გულის გამოსახულებიანი არშია ჰქონდა შემოვლებული და მასში ლამაზი ხვეულხაზებით პრინცესას სახელი იყო გამოყვანილი. განცხადებაში კი ეწერა, რომ ყველა უცოლო, კარგი გარეგნობის მქონე ახალგაზრდა კაცს შეუძლია მოვიდეს სასახლეში და პრინცესას გაესაუბროს; ვისაც ყველაზე კარგი სიტყვა-პასუხი ექნება და წესიერი მოქცევა ეცოდინება, პრინცესა მას თავის მეუღლედ აირჩევსო.

დიახ, დიახ, - გაიმეორა ყვავმა. - ყველაფერი ეს ისეთივე სიმართლეა, როგორც ის, რომ ამ წუთს მე შენს წინ ვზივარ.

ხალხი სასახლეს ერთბაშად მოაწყდა. ნამდვილი ზედახორა და ჭყლეტა შეიქნა. მაგრამ არც პირველ და არც მეორე დღეს არავის არ გაუმართლა.

ქუჩაში ყველა საქმრო მშვენივრად საუბრობდა და სიტყვა-პასუხიც კარგი ჰქონდათ, მაგრამ როგორც კი სასახლის ეზოს კარიბჭეს გადააბიჯებდნენ, ვერცხლის საჭურველიან გვარდიელებთან ერთად, ოქროსფერ ტანსაცმელში გამოწყობილ კარისკაცებს დაინახავდნენ და უზარმაზარ, გაჩახჩახებულ დარბაზში შევიდოდნენ, ბრინჯივით იბნეოდნენ: სამეფო ტახტთან მისულებს, მოჯადოებულივით ენა მუცელში უვარდებოდათ და მხოლოდ პრინცესას მიერ წარმოთქმულ სიტყვებს იმეორებდნენ.

გადმოაბიჯებდნენ კარიბჭეს უკან და მეტყველების უნარიც იმ წამსვე უბრუნდებოდათ. კარიბჭიდან სასახლის კარამდე საქმროების გრძელზე გრძელი რიგი იყო გადაჭიმული. მე თვითონ ვიყავი იქ და საკუთარი თვალით ვიხილე.

- მაგრამ კაი? - მოუთმენლად შეეკითხა გერდა. - ისიც მოვიდა პრინცესას ხელის სათხოვნელად?

- დამაცა! დამაცა! ახლა სწორედ მის შესახებ უნდა მოგითხრო! მესამე დღეს ერთი ბიჭი გამოცხადდა. არც ეტლით მოგრიალებულა და არც ცხენით მოჯირითებულა, ფეხით მოვიდა და პირდაპირ სასახლეში შევიდა. თვალები შენსავით უბრწყინავდა, მშვენიერი გრძელი თმები ჰქონდა, მაგრამ აი, ტანზე კი ღარიბულად ეცვა.

- ის ნამდვილად კაი იქნებოდა! - გაუხარდა გერდას. - სახლიდან ის ხიმ ციგით გავიდა.

- ადვილი შესაძლებელია, კარგად არ დავკვირვებივარ! - უპასუხა ყვავმა და თხრობა გააგრძელა. - ჩემმა საცოლემ მიამბო, როდესაც ის სასახლის კარებში შესულა და ვერცხლის საჭურველიანი გვარდიელები დაუნახავს, ხოლო კიბეებზე ოქროსფერ ტანსაცმელში გამოწყობილი კარისკაცები, სულაც არ შემკრთალა, მხოლოდ თავი გადაუქნევია და უთქვამს - ”კიბეზე დგომა ძალზე მოსაწყენია, უმჯობესია ოთახებში შევიდეო!” დარბაზები სინათლისაგან ჩახჩახებდნენ. დიდებულები და ნაზირ-ვეზირები ჩექმების გარეშე დადიოდნენ და ოქროს ლანგრებს დაატარებდნენ. მოკლედ, ისეთი ზეიმი იყო, უკეთესი არ შეიძლებოდა! ბიჭის ჩექმები კი საშინლად ჭრაჭუნებდნენ, მაგრამ მას ეს სულაც არ ადარდებდა.  

- უთუოდ კაი იყო!  - აღტაცებით წამოიძახა გერდამ. - მას ხომ ახალი ჩექმები ეცვა. მე თვითონ მომისმენია, როგორ ჭრაჭუნებდნენ ისინი, როდესაც ბებიასთან სტუმრობდა.

- ჰო, მაგრად ჭრაჭუნებდნენ, - გააგრძელა ყვავმა. - მაგრამ ბიჭი მაინც თამამად მივიდა პრინცესასთან. იგი სართავი ჯარის ბორბლის ოდენა მარგალიტზე იჯდა, ირგვლივ სასახლის კარის ქალები ეხვივნენ თავიანთი მსახურებით. ხოლო ამ უკანასკნელთ, თავიანთი მსახურები ახლდნენ. ის, ვინც უფრო ახლოს იდგა კარებთან, მით უფრო ამაყად ეჭირა თავი. ხოლო კარებში მდგარ მსახურთა მსახურების მსახურს, თავი ისე ქედმაღლურად ეჭირა, შეხედვას ვერ გაუბედავდი.

- რა საშინელებაა! - თქვა გერდამ. - კაი მაინც დაქორწინდა პრინცესაზე?

- მე რომ ყვავი არ ვიყო, თუმცა საცოლე მყავს, იმ პრინცესას მეც შევირთავდი. ბიჭი ისე თავისუფლად ესაუბრებოდა პრინცესას, როგორც მე ვსაუბრობ ყვავების ენაზე, ყოველ შემთხვევაში ასე მიამბო ჩემმა საცოლემ, მოშინაურებულმა ყვავმა. თურმე თავი ძალზე საყვარლად და თავისუფლად ეჭირა და საუბარში განუცხადებია, რომ აქ ხელის სათხოვნელად კი არ მოსულა, არამედ პრინცესას ბრძნული აზრების მოსასმენად.  მოკლედ, ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოსწონებიათ.

- დიახ დიახ, ეს კაია! - თქვა გერდამ ის ხომ ძალზე ჭკვიანია! მან ზეპირად იცის არითმეტიკის ოთხივე მოქმედება, თანაც წილადებთან ერთად! ოჰ, ძალიან გთხოვ, წამიყვანე იმ სასახლეში!

- სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად ძალზე ძნელი, - უპასუხა ყვავმა. - მოდი ჩემს საცოლეს ვკითხავ, იქნებ რაიმე გვირჩიოს. შენ გგონია, ასე ადვილად შეგიშვებენ სასახლეში?

- დარწმუნებული ვარ, შემიშვებენ! - უთხრა გერდამ. - როგორც კი კაი ჩემს იქ ყოფნას გაიგებს, მაშინვე ჩემთან გაჩნდება.

- სანამ დავბრუნდებოდე, ამ ღობესთან დამელოდე, - თქვა ყვავმა და გაფრინდა.

გვიანი საღამო იყო, როდესაც ის დაბრუნდა.

- ყვა, ყვა! ჩემმა საცოლემ შენთან ათასი მოკითხვა დამაბარა და პურის ნატეხიც გამომატანა. იგი მან სამზარეულოდან აწაპნა. იქ პური ბევრია, შენ კი ალბათ გშია!.. მოკლედ, სასახლეში შენ არავინ შეგიშვებს - ვერცხლის საჭურველში ჩამჯდარი გვარდია და მოოქროვილ ტანსაცმელში გამოწყობილი კარისკაცები არაფრის დიდებით არ გაგატარებენ. მაგრამ ნუ სწუხხარ, შენ იქ მაინც მოხვდები; ჩემმა საცოლემ იცის, როგორ უნდა შეაღწიო პრინცესას საწოლ ოთახში საიდუმლო შესასვლელით და სად ინახება ოთახის გასაღები.

ყვავმა გერდა სასახლესთან მიიყვანა. ისინი ჯერ ბაღში შევიდნენ და გრძელ ხეივანს გაუყვნენ, სადაც ერთი მეორის მიყოლებით ცვიოდნენ შემოდგომის ფოთლები. ერთ ხანს შეიცადეს და როდესაც სასახლეში სინათლე ჩაქრა, ყვავმა გერდა ნახევრად გაღებულ კართან მიიყვანა.

ოჰ, როგორ უცემდა გული გოგონას შიშისა და მოუთმენლობისაგან! ეჩვენებოდა, თითქოს რაღაც ცუდ საქმეს ჩადიოდა, სინამდვილეში კი  მხოლოდ იმის გაგება სურდა, იმყოფებოდა თუ არა აქ კაი!  დიახ, დიახ, ის ალბათ აქ არის! გერდას ნათლად დაუდგა თვალწინ მისი მეტყველი თვალები, გრძელი, ლამაზი თმები. კარგად ახსოვდა, როგორ უღიმოდა იგი, როდესაც ვარდის ბუჩქების ქვეშ, ერთმანეთის გვერდით ისხდნენ. როგორ გაუხარდება კაის, როდესაც კვლავ დაინახავს მას, მოისმენს, რა გრძელი გზა გამოიარა მისი გულისთვის, გაიგებს, როგორ სწუხდნენ მასზე ახლობლები! ოჰ, ლამის ჭკუიდან შეშლილიყო შიშისა და სიხარულისაგან!

აი, ისინი უკვე კიბის ბაქანზე არიან. კარადის თავზე სანთურა ენთო, იატაკზე კი მოშინაურებული ყვავი იჯდა და აქეთ-იქით იყურებოდა. გერდა თავის დაკვრით მიესალმა, ზუსტად ისე, როგორც ბებიამ ასწავლა.

- თქვენს შესახებ ჩემმა საქმრომ ბევრი კარგი რამ მიამბო! - უთხრა მოშინაურებულმა ყვავმა. - თქვენი ცხოვრება ძალზე ამაღელვებელია! ხომ არ ინებებთ, აიღოთ სანთურა, მე კი წინ წავალ, ჩვენ პირდაპირ ვივლით, აქ ჩვენ არავინ შეგვხვდება.

- მგონი, ვიღაცა მოგვდევს, - თქვა გერდამ. მას მოეჩვენა, თითქოს გვერდით რაღაც აჩრდილებმა ჩაურბინეს: ფაფარაშლილმა ცხენებმა და მათზე ამხედრებულმა რაინდებმა.

- ეს სიზმრებია! - უთხრა მოშინაურებულმა ყვავმა. - ისინი აქ იმიტომ მოდიან, რომ დიდებულთა გონება სანადიროდ წაიყვანონ. ჩვენთვის ეს უკეთესიცაა, დაძინებულებს უკეთ გავარჩევთ.

ამასობაში პირველ დარბაზში შევიდნენ, სადაც კედლებზე ყვავილებიტ მოქარგული, ვარდისფერი ატლასი იყო აკრული. გოგონას ისევ ჩაუქროლეს სიზმრებმა, მაგრამ ისეთი სიჩქარით, რომ მხედრების გარჩევა ვერ მოასწრო.

დარბაზები ერთი მეორეზე უკეთესები იყვნენ და ადვილად შეიძლებოდა დაბნეულიყავი. ბოლოს საძილე ოთახსაც მიაღწიეს, რომლის ჭერიც უზარმაზარი პალმის წვერს მოგაგონებდათ, დამშვენებულს უძვირფასესი ბროლის ფოთლებით. ჭერის შუა გულიდან ოქროს მსხვილი ჯაჭვი ეშვებოდა, რომელზეც მთის შროშანის მაგვარი ორი საწოლი ეკიდა.

ერთი მათგანი თეთრი იყო და მასში პრინცესა იწვა, მეორე კი  სადაც გერდას კაი ეგულებიდა, წითელი ფერისა გახლდათ. გოგონამ ადვილად გადასწია ერთ-ერთი წითელი ფოთოლთაგანი და მუქი-ქერა კეფა შენიშნა.

”ეს კაია”, - გაიფიქრა მან, ხმამაღლა დაიძახა მისი სახელი და სანთურა მის სახესთან ახლოს მიიტანა. სიზმრები ხმაურით შორს გაიფანტნენ; პრინცმა გაიღვიძა და თავი მოაბრუნა... ოჰ, ღმერთო ჩემო, ეს ხომ კაი არ იყო!

პრინცი კაის მხოლოდ კეფის მხრიდან ჰგავდა, მაგრამ კაისავით ლამაზი და ახალგაზრდა იყო. თეთრი საწოლიდან პრინცესამ გამოიხედა და იკითხა - რა მოხდაო. გერდა ატირდა და მთელი თავისი ისტორია მოუყვა, მათ შორის ისიც, თუ როგორ ცდილობდნენ მის დახმარებას ყვავები.

- ოჰ, შე საცოდავო! - შესძახეს პრინცმა და პრინცესამ. შეაქეს ყვავები, უთხრეს, რომ სულაც არ უჯავრდებიან - ოღონდ ამიერიდან ასეთი რამ აღარ ჩაიდინოთო და მათი დაჯილდოებაც კი გადაწყვიტეს.

- თავისუფალ ფრინველებად დარჩენა გსურთ, თუ სამეფო კარის ყვავების თანამდებობა გირჩევნიათ, რომ სამზარეულოს ნარჩენები მიიღოთ და სრულ კმაყოფაზე იყოთ? - შეეკითხა პრინცესა.

ყვავებმა თავი დაუკრეს და სამზარეულოს სრულ კმაყოფაზე ყოფნა არჩიეს - ადრე თუ გვიან აუცილებლად დავბერდებით და ლუკმა პური გვექნებაო.

პრინცი ადგა და თავისი საწოლი გერდას დაუთმო - მეტის გაკეთება გოგონასთვის მას არ შეეძლო; გერდამ გულზე ხელები დაიკრიფა და გაიფიქრა: ”რა კეთილები არიან ადამიანებიც და ცხოველებიც!” - დახუჭა თვალები და ტკბილად დაიძინა. სიზმრები ისევ მოფრინდნენ საწოლ ოთახში, მაგრამ ახლა მათ კაი მოჰყავდათ თავისი ციგით. ბიჭი გერდას თავს უკრავდა და უღიმოდა, მაგრამ ვაი, რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო და როგორც კი გოგონას გაეღვიძა, იმ წამსვე გაქრა.

მეორე დღეს გოგონა თავიდან ფეხებამდე აბრეშუმსა და ხავერდში ჩასვეს და სასახლეში დარჩენის ნება დართეს.

გერდას შეეძლო სასახლეში უზრუნველად ეცხოვრა, მაგრამ იქ მხოლოდ რამდენიმე დღეს დარჩა, ხოლო შემდეგ ცხენიანი ოთხთვალა ეტლი და წყვილი ფეხსაცმელი ითხოვა, რომ თავისი ძმობილის ძებნა გაეგრძელებინა.

გერდას ფეხსაცმელებიც მისცეს, საუცხოო კაბაც და ხელსათბურებიც, ხოლო როდესაც მასპინძლებს ემშვიდობებოდა, კარებთან ოქროს ეტლი ჩამოდგა, რომელიც ვარსკვლავივით ბრწყინავდა და რომელსაც პრინცის და პრინცესას გერბები ამშვენებდა. მეეტლეს, ლაქიას და მხედრებს - გამცილებლად მხედრებიც გააყოლეს - თავზე მცირე ზომის ოქროს ჯიღები ედგათ. პრინცმა და პრინცესამ გერდა ეტლში თავისი ხელით ჩასვეს და გზა მშვიდობისა უსურვეს.

გარეულმა ყვავმა, რომელმაც დაქორწინება უკვე მოასწრო, გოგონა სამი მილის მანძილზე გააცილა და მთელი გზა მის გვერდით იჯდა. მოშინაურებული ყვავი ჭიშკარზე შესკუპებულიყო და ფრთებს ატყლაშუნებდა; გერდას გაცილება მას არ შეეძლო, რადგან იმის შემდეგ, რაც რაც სასახლის კარზე თანამდებობა მიიღო, ძალზე ბევრს ჭამდა და მუცელი სტკიოდა. ეტლი გატენილი იყო შაქრის კვერებით, ხოლო საჯდომს ქვეშ შედებული ყუთი - ხილითა და თაფლის პურებით.

- მშვიდობით! მშვიდობით! - დაემშვიდობნენ პრინცი და პრინცესა.

გერდა ატირდა. მასთან ერთად ატირდა ყვავიც. სამი მილის გავლის შემდეგ გოგონას ყვავიც დაემშვიდობა. მათი განშორება ძალზე გულის ამაჩუყებელი გახლდათ! ყვავი ხეზე შეფრინდა და მანამ იქნევდა ფრთებს, სანამ მზესავით მბრწყინავი ეტლი თვალს არ მიეფარა.

 

ამბავი მეხუთე

პატარა ყაჩაღანა

 

გერდა უღრან ტყეში აღმოჩნდა, სადაც ყაჩაღები ცხოვრობდნენ. ოქროს კარეტა ცეცხლივით ელავდა და ყაჩაღებს თვალებს უბრმავებდა. ამის ატანა კი მათ არ შეეძლოთ.

- ოქრო! ოქრო! - აყვირდნენ ისინი, ცხენებს აღვირში სწვდნენ, დახოცეს მეეტლე, ლაქია, გამცილებელი მხედრები და გერდა ეტლიდან გადმოათრიეს.

- ჰო-ჰო, როგორი კოხტა და გაფუმფულებული გოგოა! ნიგვზით გაუსუქებიათ! - შესძახა თმაგაჩეჩილმა, წარბებჩამოვარდნილმა ყაჩაღმა დედაბერმა. - ბატკანივით გემრიელი ხორცი ექნება! იფ, იფ, იფ, მალე პირს ჩავიტკბარუნებთ!..

დედაბერმა მჭრელ, მოელვარე დანას ხელი წამოავლო, მაგრამ ჰოი საშინელებავ!

- ვაიმე! - წამოიკივლა უეცრად: ყაჩაღ დედაბერს მის ზურგს უკან მჯდომმა, საკუთარმა ქალიშვილმა ყურზე უკბინა, რომელიც ისეთი თავნება იყო, რომ მეტი აღარ შეიძლებოდა.

- ოჰ, შე საძაგელო გოგონავ! - დაუყვირა დედეამ, მაგრამ გერდას მოკვლა ვეღარ მოასწრო.

- მე მინდა, რომ მაგ გოგონამ ჩემთან ითამაშოს, - თქვა პატარა ყაჩაღანამ. - თავისი ლამაზი კაბა, ხელსათბურებთან ერთად, მე უნდა მომცეს და ღამე ჩემს ლოგინში, ჩემთან ერთად დაწვეს.

და გოგონამ ისევ უკბინა დედას, თანაც ისე ძლიერად, რომ სიმწრისაგან იგი შეხტა და ადგილზე დაბზრიალდა.

- შეხედე, შეხედე, როგორ ააცეკვა საკუთარმა შვილმა!

- მე ეტლში ჩაჯდომა მინდა! - აყვირდა ყაჩაღანა და თავისიც გაიტანა - ის ხომ საშინლად განებივრებული, უზრდელი და ჯიუტი ვინმე გახლდათ. ის და გერდა ეტლში ჩასხდნენ და ტყეში გაინავარდეს.

პატარა ყაჩაღანა გერდას სიმაღლისა იყო, მაგრამ მასზე ფართო მხარბეჭიანი და ღონიერი გახლდათ, ხოლო სახის კანი უფრო მუქი ჰქონდა. ყაჩაღანა გერდას მოეხვია და უთხრა:

- მე თუ არ გაგიბრაზდი, ისე შენ ვერავინ ვერ მოგკლავს. შენ, ალბათ პრინცესა ხარ?

- არა, - მიუგო გერდამ და უამბო, როგორ უყვარს კაი და მის ძებნაში რა გადახდა თავს.

პატარა ყაჩაღმა დაკვირვებით შეხედა, თავი ოდნავ გადააქნია და უთხრა:

- ისინი მაშინაც ვერ მოგკლავენ, თუნდაც მე გაგიბრაზდე, - უმჯობესია ჩემი ხელით მოგკლა!

და მან გერდას ცრემლები მოსწმინდა, ხოლო შემდეგ ხელები გერდას მშვენიერ ხელსათბურებში დამალა. სეირნობიდან დაბრუნებულებმა, ეტლი ჭიშკართან გააჩერეს და ისინი ყაჩაღების ციხესიმაგრის ეზოში შევიდნენ.

ციხესიმაგრის კედლები დამსკდარ-დახეთქილი იყო და ნაპრალებში ყვავ-ყორნები ბუდობდნენ. საიდანღაც უზარმაზარი ძაღლები გამოცვივდნენ, რომელთაც ადამიანის გადაყლაპვა თავისუფლად შეეძლოთ, მაგრამ ისინი მხოლოდ მაღლა ხტოდნენ და არც კი ყეფდნენ - ეს მათ აკრძალული ჰქონდათ. ნახევრად დანგრეული, კედლებ-გაჭვარტლული და ქვის იატაკიანი, უზარმაზარი დარბაზის შუაგულში, ცეცხლი ენთო. ბოლი ჭერისკენ მიედინებოდა და რადგან დარბაზს საკვამური არა ჰქონდა, გარეთ გასასვლელი თვითონვე უნდა მოეძებნა. ცეცხლზე უზარმაზარი ქვაბი თუხთუხებდა, რომელშიც სუპი იხარშებოდა, ხოლო შამფურებზე კურდღლები და ბაჭიები იწვოდნენ.

- შენ ჩემთან ერთად აი, აქ დაწვები, ჩემი პატარა მხეცუნების მახლობლად, - უთხრა გერდას ყაჩაღანამ.

გოგონები დააპურეს და ისინი დასაძინებლად მათთვის გამოყოფილი კუთხისკენ წავიდნენ, სადაც ჩალაზე ნოხები იყო დაგებული. მაღლა, ქანდარაზე ასზე მეტი მტრედი შემომსხდარიყო. მათ თითქოს ეძინათ, მაგრამ როდესაც გოგონები მიუახლოვდნენ, ოდნავ შეინძრნენ.

- ყველა ჩემია! - უთხრა პატარა ყაჩაღანამ, ერთ-ერთ მტრედს ფეხებში ხელი დასტაცა და ისე დაიქნია, რომ მტრედმა შეიფრთხიალა. - აჰა, აკოცე! - დაუყვირა მან და გერდას ფრინველი პირდაპირ სახეში ატაკა.

- აქ კი ტყის ოინბაზები სხედან, - გააგრძელა ყაჩაღანამ და კედელში დატანებულ, ხის წნელით შეღობილ, პატარა ნიშაზე მიუთითა. - ესენი ისეთი ოინბაზები არიან, თუ არ დამწყვდიე, აუცილებლად გაფრინდებიან. ეს კი ჩემი საყვარელი ქორბუდაა! - და ყაჩაღანა კედელზე მიბმულ, ჩრდილოეთის ირემს რქებში სწვდა. - ესეც დაბმული უნდა გყავდეს, თორემ აუცილებლად გაიპარება! ყოველ საღამოს დანის ბასრი წვერით კისერზე ვუღიტინებ ხოლმე - ამისი სიკვდილივით ეშინია.

ამ სიტყვებით მან კედლის ბზარიდან გრძელი დანა გამოიღო და ირემს კისერზე მსუბუქად გაუსვა. საწყალი ცხოველი შიშისაგან შეხტა, პატარა ყაჩაღანა კი ახარხარდა და გერდა საწოლთან მიიწვია.

- ნუთუ შენ დანასთან ერთად გძინავს? - შეეკითხა გოგონა.

- დანის გარეშე არასოდეს ვიძინებ! - უპასუხა ყაჩაღანამ. - ვინ იცის როდის დამჭირდება! აბა, კიდევ ერთხელ მიამბე კაის შესახებ და როგორ შემოიარე მთელი ქვეყანა, მის საპოვნელად.

გერდამ თხოვნა შეუსრულა. გალიაში დამწყვდეული გარეული მტრედები წყნარად ღუღუნებდნენ, დანარჩენებს კი ეძინათ. ყაჩაღანას ცალ ხელში დანა ეჭირა, მეორე კი გერდას კისერზე შემოეხვია და ხვრინვა ამოუშვა. გოგონას მთელი ღამე თვალი არ მოუხუჭავს, რადგან არ იცოდა ყაჩაღები მას მოკლავდნენ თუ ცოცხალს დატოვებდნენ.

მოულოდნელად გარეულმა მტრედებმა ღუღუნით წარმოსთქვეს:

- გურ-გურ! ჩვენ ვნახეთ კაი! თეთრ ქათამს მისი ციგა ზურგზე მოკიდებული მოჰქონდა, თვითონ კი თოვლის დედოფლის მარხილში იჯდა. ისინი ტყეში მიჰქროდნენ, ჩვენ კი, ჯერ კიდევ ბუდეში ვიწექით. თოვლის დედოფალმა ისე შემოგვიბერა, რომ ჩვენს გარდა, ყველანი გაიყინენ. გურ-გურ!

- ნუთუ მართლა ნახეთ კაი?! - წამოიძახა გერდამ. - ხომ არ იცით საით წავიდა თოვლის დედოფალი?

- ალბათ, ლაპლანდიაში - იქ ხომ მუდმივად თოვლი და ყინვაა. აგერ, ჩრდილოეთის ირემს შეეკითხე, ალბათ მას უკეთ ეცოდინება.

- დიახ, იქ მარადიული თოვლი და ყინულია. შესანიშნავი ადგილია! - თქვა ჩრდილოეთის ირემმა, - იქ შენს ნებაზე იმდენი შეგიძლია ინავარდო, რამდენიც გნებავს. სწორედ იქ არის თოვლის დედოფლის საზაფხულო სასახლე, ხოლო მუდმივი ადგილსამყოფელი - დიდებული დარბაზები - ჩრდილოეთ პოლუსთან ახლოს, კუნძულ შპიცბერგენზეა განლაგებული.

- ოჰ,კაი, ჩემო ძვირფასო კაი! - ამოიოხრა გერდამ.

- წყნარად იწექი, თორემ ამ დანას ჩაგცხებ! - აბუზღუნდა პატარა ყაჩაღანა.

დილით გერდამ მასპინძელს უამბო, რაც გარეული მტრედებისგან მოისმინა.  პატარა ყაჩაღანამ გოგონას ყურადღებით შეხედა, თავი გააქნია და წარმოსთქვა:

- ჰოოო!... - შენ იცი სად არის ლაპლანდია? - შეეკითხა იგი ბოლოს ჩრდილოეთის ირემს.

- თუ არა მე, აბა ვის ეცოდინება?! - უპასუხა ირემმა და თვალები გაუბრწყინდა, - მე ხომ იქ დავიბადე და გავიზარდე.

- მომისმინე, - უთხრა გერდას პატარა ყაჩაღანამ, - ჩვენები ყველანი უკვე წავიდნენ, სახლში მხოლოდ დედაჩემი დარჩა; ცოტა ხნის შემდეგ დიდი ბოთლიდან სასმელს გადაჰკრავს და ჩაეძინება, აი, მაშინ შევძლებ შენს დახმარებას.

და აი დედაბერმა მართლაც გადახუხა დიდი ბოთლიდან რაღაც სასმელი და ხვრინვა ამოუშვა. პატარა ყაჩაღანა ჩრდილოეთის ირემთან მივიდა და უთხრა:

- ძალიან მსურს კვლავ გავერთო შენით! ძალზე სასაცილოდ გამოიყურები, როდესაც დანის წვერით კისერში გიღიტინებ, მაგრამ რაც არის, არის - ახლავე კისრიდან თოკს შეგხსნი და გაგანთავისუფლებ. შეგიძლია შენს ლაპლანდიაში მოუსვა, მაგრამ სამაგიეროდ ეს გოგონა თოვლის დედოფლის სასახლეში უნდა წაიყვანო - იქ მისი ძმობილი კაი იმყოფება. შენ ალბათ მოუსმინე, რაც მან მომიყვა. შენ ხომ ყურები მუდამ დაცქვეტილი გაქვს.

ჩრდილოეთის ირემმა სიხარულისაგან შეიკუნტრუშა, პატარა ყაჩაღანამ გერდა ირემზე შესვა და ყოველი შემთხვევისათვის ზედ მაგრად მიაბა, ხოლო მოხერხებულად რომ მჯდარიყო, ქვეშ ბალიში ამოუდო.

- აჰა, უკანვე აიღე შენი ბეწვიანი ჩექმები, - უთხრა ყაჩაღანამ, - გზაში ხომ სიცივე იქნება! ხელსათბურს კი დავიტოვებ, მე ის ძალიან მომწონს. სამაგიეროდ დედაჩემის ხელთათმანებს მოგცემ, იდაყვებამდე მოგწვდება. აბა ხელები შიგ გაუყარე! ახლა შენ ხელები დედაჩემის მახინჯ ხელებს მიგიგავს.

გერდა სიხარულისაგან ტიროდა.

- ვერ ვიტან, როდესაც სლუკუნებ! - თქვა პატარა ყაჩაღანამ. - შენ ახლა კი არ უნდა ტიროდე, არამედ გიხაროდეს. აი შენ, ორი პური და ლორი, რომ გზაში არ იშიმშილო.

ყაჩაღანამ ერთიც და მეორეც ირემს ზურგზე დააკრა, კარები გააღო, მრისხანე ქოფაკები სახლში შეიტყუა, თავისი მჭრელი დანით თოკი გადაჭრა და ირემს უთხრა:

- აბა, აქედან სწრაფად მოუსვი და გოგონას გაუფრთხილდი.

გერდამ პატარა ყაჩაღანას თავისი უზარმაზარ ხელთათმანებიანი ხელები გაუწოდა და დაემშვიდობა. ჩრდილოეთის ირემი ადგილიდან მოწყდა და მთელი სისწრაფით წინ გაქანდა. გადაიქროლა ტყეები, ჭაობები და ტრამალები. ირგვლივ მგლები ყმუოდნენ და ყორნები მოსჩხაოდნენ.

- ოჰ, ოჰ! - მოისმა უეცრად ციდან და თითქოს ცარგვალი ცეცხლად აინთო.

- აი ისიც, ჩემი მშობლიური ჩრდილოეთის ნათება! - თქვა ირემმა. - შეხედე, როგორ კაშკაშებს!

ირემმა კიდევ უფრო სწრაფად გაქუსლა წინ. დღედაღამ, შეუსვენებლად მირბოდა. პურები უკვე გათავდა, ლორიც გამოილია და აი, ისინი ლაპლანდიაში აღმოჩნდნენ.

 

ამბავი მეექვსე

ლაპლანდიელი და ფინელი ქალები

 

ირემი ერთ-ერთი ღარიბული ქოხის წინ შეჩერდა. მისი სახურავი მიწამდე იყო დაშვებული, კარები კი ისეთი დაბალი ჰქონდა, კაცი ფორთხვით თუ შეძვრებოდა შიგ.

ქოხში მხოლოდ ერთი ლაფლანდიელი დედაბერი აღმოჩნდა, რომელიც ქონის ჭრაქის შუქზე თევზს სწვავდა. ჩრდილოეთის ირემმა ლაფლანდიელ ქალს გერდას მთელი თავგადასავალი უამბო, მაგრამ მანამდე საკუთარი მოუყვა, რადგან მას ეს უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნდა.

გერდა სიცივისაგან ისე გაფიჩხულიყო, რომ ხმის ამოღების თავიც არა ჰქონდა.

- ოჰ, თქვე საწყლებო! - თქვა ლაფლანდიელმა. - წინ კიდევ უზარმაზარი გზა გიდევთ: ფინეთამდე, სადაც თოვლის დედოფალი ცხოვრობს და ყოველ საღამოს ცისფერ, ბენგალურ ცეცხლს ანთებს ხოლმე, ას მილზე მეტი გაქვთ გასავლელი. მე რამდენიმე სიტყვას წაგიწერთ გამხმარ თევზზე, რადგან ქაღალდი არა მაქვს და ფინელ ქალთან გაგატანთ. ის ქალი ჩემზე უკეთ დაგეხმარებათ.

როდესაც გერდა გათბა, დანაყრდა და კარგად დაისვენა, ლაფლანდიელმა ქალმა მართლაც დაუწერა რამდენიმე სიტყვა გამხმარ თევზზე, გააფრთხილა არ დაგეკარგოსო, გოგონა ირმის ზურგზე შესვა, ზედ მიაბა და ირემიც წინ გაქანდა.

- ოჰ, ოჰ! - ისევ მოისმა ციდან და იქედან საუცხოო ფერის ნათება გადმოიფრქვა. ბოლოს ფინეთშიც ჩააღწიეს და ფინელი ქალის საკვამურზე დააკაკუნეს, რადგან მის სახლს კარები საერთოდ არა ჰქონდა.

სახლში ისეთი სიცხე იდგა, რომ ფინელი ქალი ნახევრად შიშველი დადიოდა. მან სწრაფად გახადა გერდას კაბა, ხელთათმანები და ჩექმები - სხვანაირად გოგონას ძლიერ დასცხებოდა. ირემს თავზე ყინულის ნაჭერი დაადო და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგა წერილის კითხვას, რომელიც გამხმარ თევზზე იყო დაწერილი.

მან წერილი სამჯერ, სიტყვა სიტყვით წაიკითხა და როდესაც კარგად დაიზეპირა, თევზი  ქვაბში ჩადო - იგი ხომ საჭმელად ვარგისი იყო.

ირემმა ფინელ ქალს ჯერ თავისი თავგადასავალი უანბო, შემდეგ კი გერდასი მოუყვა. მასპინძელი თვალებს ახამხამებდა და ხმას არ იღებდა.

- შენ ისეთი ბრძენქალი ხარ... - უთხრა ირემმა. - ხომ ვერ დაგვიმზადებდი გოგონასთვის ისეთ სასმელს, რომელიც მას თორმეტი გოლიათის ღონეს მისცემდა? მაშინ იგი თოვლის დედოფალს აუცილებლად მოერეოდა!

- თორმეტი გოლიათის ღონე! - ჩაილაპარაკა ფინელმა ქალმა. - მერე გამოადგება კი იგი?!

ამ სიტყვებთან ერთად მან ტაროდან ტყავის გრაგნილი აიღო და გაშალა: იგი სავსე იყო რაღაც საოცარი ნაწერებით.

ფინელი ქალი კითხვას შეუდგა და მანამდე კითხულობდა, სანამ შუბლიდან ოფლი ღვარად არ წამოუვიდა.

ირემმა ისევ სთხოვა, დახმარებოდა გერდას, თვითონ გოგონა კი ფინელს ისეთი მავედრებელი, ცრემლიანი თვალებით შესცქეროდა, რომ მან ისევ აახამხამა თვალები, ირემი გვერდზე გაიხმო და თან თავზე ყინულს უცვლიდა, თანაც ეჩურჩულებოდა:

- კაი მართლაც თოვლის დედოფალთანაა, მაგრამ იგი ძალზე კმაყოფილია და მიაჩნია, რომ უკეთეს ბედს ვერც კი ინატრებდა. ამის მიზეზი ჯადოქრული სარკის ის ნამსხვრევებია, გულსა და თვალში რომ ჩაუვარდა. თუ ისინი იქედან არ მოშორდნენ, თოვლის დედოფლის გავლენას თავს ვერასოდეს დააღწევს.

- შენ არ შეგიძლია, გერდას ისეთი რამ მისცე, რაც მას ყველაზე ძლიერს გახდის? - შეეკითხა ირემმა.

- ვერა, იმაზე ძლიერს, ვიდრე ის თვითონ არის, მე ვერ გავხდი! ნუთუ ვერ ამჩნევ, რა უზარმაზარი ძალის პატრონია იგი? ვერ ხედავ როგორ თავდადებით ემსახურებიან მას ადამიანებიც და ცხოველებიც? მან ხომ ფეხშიშველმა ნახევარი ქვეყნიერება შემოიარა! გერდას სიძლიერე მის მოსიყვარულე გულშია, იმაში, რო იგი უმანკო და კეთილი გოგონაა. მან თვითონ უნდა შესძლოს თოვლის დედოფლის დარბაზებში შეღწევა და კაის სხეულიდან ჯადოსნური სარკის ნამსხვრევების ამოღება. ჩვენ ვერაფერს ვუშველით! აქედან ორი მილის სავალზე თოვლის დედოფლის ბაღები იწყება. მიიყვანე გოგონა იქ, დასვი და სასწრაფოდ უკანვე დაბრუნდი.

ამ სიტყვებით ფინელმა ქალმა გერდა ირმის ზურგზე შესვა და ცხოველიც იმ წამსვე მთელი სისწრაფით გაეშურა წინ.

- ვაიმე, სადაა ჩემი თბილი ჩექმები?! სადაა ჩემი ხელთათმანები?! - დაიყვირა გერდამ, როგორც კი ყინვაში აღმოჩნდა.

ირემი კი მთელი სისწრაფით გარბოდა და მანამ არ შეჩერებულა, სანამ წითელ ნაყოფიან, დიდ ბუჩქთან არ მიირბინა. იქ მან გოგონა ზურგიდან ჩამოსვა, სახე დაუკოცნა და ლოყებიდან ცრემლები წამოსცვივდა. შემდეგ მოტრიალდა და ისარივით უკან მოკურცხლა.

საწყალი გოგონა ყინვაში უჩექმოდ და უხელთათმანოდ მარტოდმარტო დარჩა.

გერდა წინ გაიქცა. რაც ძალი და ღონე ჰქონდა გარბოდა. მის შესახვედრად თოვლის ფანტელების მთელი ლაშქარი მოჰქროდა. მაგრამ ისინი ციდან როდი ცვიოდნენ - ცა მოწმენდილი იყო - ჩრდილოეთის ნათებას არემარე მზესავით გაენათებინა. ფანტელები მიწიდან პირდაპირ გერდასკენ მორბოდნენ და სულ უფრო და უფრო მსხვილნი ხდებოდნენ.

გოგონას მოაგონდა, თუ როგორი მსხვილნი ჩანდნენ ფანტელები გამადიდებელი შუშის ქვეშ, მაგრამ ესენი გაცილებით დიდნი და საშიშნი იყვნენ.

ეს ფანტელები თოვლის დედოფლის მზვერავთა მოწინავე ლაშქარი გახლდათ. ერთნი საზიზღარ ზღარბებს ჰგავდნენ, მეორენი - ასთავიან გველეშაპებს, მესამენი - თმა გაბურძგნულ დათვებს. მაგრამ ყველანი თეთრად მოქათქათე, ცოცხალი თოვლის ფანტელები იყვნენ.

გერდა მაინც მედგრად მიიწევდა წინ და ბოლოს თოვლის დედოფლის დარბაზებთანაც მიაღწია.

მოდით, ახლა ვნახოთ, რას აკეთებდა ამ დროს კაი. იგი გერდაზე საერთოდ არ ფიქრობდა და წარმოდგენაც არა ჰქონდა, თუ იგი მასთან ასე ახლოს იმყოფებოდა.

 

ამბავი მეშვიდე

რა ხდებოდა თოვლის დედოფლის სასახლეში და რა მოხდა შემდეგ

 

თოვლის დედოფლის სასახლის კედლები ქარბუქისგან იყო ნაგები, კარები და ფანჯრები კი ქარიშხლისა ჰქონდა. ასზე მეტი დარბაზი ერთი მეორის მიყოლებით ისე იყვნენ განლაგებულნი, როგორც ისინი ახირებულმა ქარმა მიაბუქა. დარბაზები ჩრდილოეთის ნათებით იყვნენ განათებულნი და მათგან ყველაზე დიდი, მრავალ მილზე იყო გადაჭიმული.

რა საშინელ სიცივეს და სიცარიელეს დაესადგურებინა ამ დარბაზებში! მხიარულებას და სიხარულს აქ არასოდეს შემოეხედა: არ იმართებოდა დათვების ბალ-მასკარადები, სადაც თეთრ დათვებს შეეძლოთ, ქარიშხლის მუსიკაზე, გრაციოზულად ეცეკვათ და უკანა ფეხებით სიარულის ოსტატობა ეჩვენებინათ, არასოდეს თამაშობდნენ ბანქოს, რომელსაც მუდამ ახლავს ჩხუბი და აყალ-მაყალი.

ვერასოდეს მოისმენდით ფინჯან ყავაზე შეკრებილი თეთრი მელიების ჭორაობას. აქ მხოლოდ სიცივე, სიცარიელე და გრანდიოზულობა გამეფებულიყო.

თოვლისგან ნაგები, ყველაზე დიდი, ცარიელი დარბაზის შუაგულში, ერთი გაყინული ტბა მდებარეობდა. მასზე ყინული ათას ნაწილად იყო დამსკდარი, მაგრამ ეს ნაწილები ისე საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ რაღაც ფოკუსი გეგონებოდათ. დედოფალი, როცა შინ გახლდათ, ტბის შუაგულში, ყინულზე იყო მოკალათებული და მიაჩნდა, რომ იგი გონების სარკეზე იჯდა; მისი აზრით ეს იყო ერთადერთი და საუკეთესო სარკე მთელს ქვეყნიერებაზე.

კაი მთლად გალურჯებულიყო და სიცივისაგან ნელ-ნელა შავდებოდა კიდეც, მაგრამ ამას ვერ ამჩნევდა - თოვლის დედოფლის კოცნამ მას სიცივის შეგრძნება დაუკარგა, ხოლო გული ისედაც გაყინული ჰქონდა.

ბიჭი ყინულის ბრტყელ, მჭრელ კიდეებიანი ნატეხების ერთმანეთზე დაწყობით ერთობოდა. ხომ არსებობს ასეთი თამაში - ხის პატარა ფიცრების საშუალებით, სხვადასხვა ფიგურების აწყობა, რომელსაც ჩინურ თავსატეხს უწოდებენ. კაიც ყინულის ნატეხებით ასეთი ფიგურის აწყობას ცდილობდა, რომელსაც გონების ყინულოვანი ვარჯიში ერქვა.

მის თვალში ყინულის ნატეხები ხელოვნების საოცარ ნიმუშებს წარმოადგენდნენ, ხოლო მათი აწყობა - უპირველეს საქმეს. ეს იმიტომ ხდებოდა რომ მას თვალში ჯადოსნური სარკის ნამსხვრევი ედო.

ხანდახან მისი აწყობილი ფიგურებიდან სიტყვებიც გამოდიოდა, მაგრამ ვერაფრით ვერ ააწყო სიტყვა ”მარადისობა”, რომელიც მას ყველაზე მეტად უნდოდა. ამ სიტყვის აწყობა მას ასე ძალიან იმიტომ სურდა, რომ თოვლის დედოფალმა უთხრა: ”თუ ამ სიტყვას ააწყობ, შენი თავის ბატონ-პატრონი შენვე იქნები და მე შენ მთელ ქვეყნიერებას, აგრეთვე ერთ წყვილ ციგურებს გაჩუქებო”. მაგრამ ბიჭი სულ ტყუილუბრალოდ წვალობდა - სიტყვა ”მარადისობა”-ს აწყობას ვერ ახერხებდა.

- ახლა მე თბილ ქვეყნებში უნდა გავფრინდე და შავ ქვაბებში ჩავიხედო, - თქვა ერთ დღეს თოვლის დედოფალმა.

შავ ქვაბებს ის ცეცხლის მფრქვეველი მთის კრატერებს: ეტნასა და ვეზუვს ეძახდა.

თოვლის დედოფალი გაფრინდა, ხოლო კაი თვალუწვდენელ, ცარიელ დარბაზში მარტო დარჩა. შესცქეროდა ყინულებს, დღე და ღამ ფიქრობდა და ფიქრისაგან თავი უსკდებოდა. გაფითრებული, ერთ ადგილას უძრავად იჯდა. კაცი იფიქრებდა, მთლად გაყინულაო.

სწორედ ამ დროს, დარბაზს, რომელსაც კარებად ქარიშხალი ჰქონდა შებმული, გერდა მოადგა. მოულოდნელად ქარიშხალი ჩადგა, თითქოს ჩაეძინაო. გოგონა უზარმაზარ, თოვლისგან ნაგებ, ცარიელ დარბაზში შევიდა და კაი დაინახა. გერდამ უმალვე იცნო იგი, ყელზე შემოეხვია, გულში ჩაიკრა და აღტაცებით შესძახა:

- კაი, ჩემო ძვირფასო კაი! როგორც იქნა გიპოვნე!

ბიჭი კი ისევ უძრავად იჯდა. მაშინ გერდა მდუღარე ცრემლებით ატირდა. ცხელი ცრემლები კაის მკერდზე დაეცა, გულში შეაღწია, გაადნო ყინულის საფარველი და მასთან ერთად ჯადოსნური სარკის ნამსხვრევებიც. ბიჭმა შეხედა გერდას, თვალები ცრემლებით აევსო და ისე ცხარედ ატირდა, რომ ცრემლებთან ერთად თვალებიდან სარკის ნატეხებიც გადმოუვარდა. კაიმ ახლა კი იცნო თავისი დობილი და სიხარულისაგან შესძახა:

- გერდა, ძვირფასო გერდა!.. სად იყავი ამდენი ხანი, ან მე თვითონ სად ვიყავი? და მან ირგვლივ მიმოიხედა. - რა საშინელი სიცივე და სიცარიელეა აქ!

კაი გერდას მაგრად ჩაეკრა. გოგონა სიხარულისაგან კისკისებდა და ცეკვავდა. ეს ისეთი შესანიშნავი სანახაობა იყო, რომ ყინულის ნატეხებმაც ცეკვა დაიწყეს. იცეკვეს, იცეკვეს და როდესაც დაიღალნენ, დალაგდნენ და ჰოი საოცრებავ! სწორედ ის სიტყვა - ”მარადისობა” - შეადგინეს, რომლის შედგენაც თოვლის დედოფალმა დაავალა.

ამის შემდეგ კაი თავის თავის ბატონ-პატრონი, ანუ თავისუფალი შეიქნა და დამატებით მთელი ქვეყნიერების, აგრეთვე ერთი წყვილი ციგურების მიღებაც შეეძლო.

გერდამ კაის ლოყებზე აკოცა და ორივე ლოყა წამსვე ვარდისფრად აუღაჟღაჟდა; აკოცა თვალებში და თვალებიც ძველებურად გაბრწყინდნენ; შემდეგ ხელ-ფეხი დაუკოცნა და ისინიც ხელად ჯანმრთელნი და ენერგიულნი გახდნენ.

თოვლის დედოფალი ახლა საშიში აღარ იყო: მის გავლენას კაიზე ძალა უკვე დაკარგული ჰქონდა და ამის საბუთი ყინულის ბრწყინავი ნატეხებით დაწერილი სიტყვა ”მარადისობა” გახლდათ.

კაი და გერდა ყინულოვანი დარბაზიდან ხელიხელ ჩაკიდებულნი გამოვიდნენ. ისინი მიდიოდნენ და საუბრობდნენ ბებიაზე, მათ ბაღში აყვავებულ ვარდებზე. ქარიშხალი უკვე ჩამდგარიყო, მზე ანათებდა, ხოლო როდესაც წითელი ნაყოფით დახუნძლულ ბუჩქთან მივიდნენ, იქ მათ ჩრდილოეთის ირემი ელოდებოდათ.

გოგონა და ბიჭი ჯერ ფინელ ქალს ესტუმრნენ, კარგად გათბნენ და შინისაკენ მიმავალი გზა გამოჰკითხეს. შემდეგ კი ლაფლანდიელი ქალისკენ გასწიეს, რომელმაც მათ ახალი ტანსაცმელი შეუკერა და თავისი ციგით ისინი კარგა მანძილზე გააცილა.

ჩრდილოეთის ირემმა და ლაფლანდიელმა ქალმა კაი და გერდა ლაფლანდიის საზღვრამდე მიაცილეს, სადაც ისინი მათ გამოემშვიდობნენ.

უკვე გაზაფხული დამდგარიყო: მიწიდან მწვანედ მოხასხასე ბალახს ამოეყო თავი. აი, ტყეც გამოჩნდა. აჟღურტულდნენ ჩიტები. ხეები მწვანე კვირტებით დაიფარნენ. ტყიდან მათ შესახვედრად შესანიშნავ ცხენზე ამხედრებული, ახალგაზრდა ქალიშვილი გამოვიდა, რომელსაც ქამარში რევოლვერები ჰქონდა გარჭმული.

გერდამ მყისვე იცნო ისინი: ქალიშვილი სწორედ ის ყაჩაღანა გახლდათ, რომელმაც იგი სიკვდილს გადაარჩინა, ხოლო ცხენი კი ის ბედაური, ყაჩაღებმა მისი ეტლიდან რომ გამოხსნეს.

ქალიშვილმაც იცნო გერდა. უნდა გენახათ, როგორ გაიხარა ორივემ!

- აბა, ერთი კარგად დამენახე, შე მაწანწალავ! - უთხრა მან კაის. - მინდა დავრწმუნდე, ღირხარ კი იმად, რომ შენი გულისთვის ადამიანმა მთელი ქვეყანა შემოიაროს და კიდით კიდემდე გეძებოს?

გერდა მას ლოყაზე ხელით მოეფერა და პრინცისა და პრინცესას ამბავი გამოჰკითხა.

- ისინი უცხო ქვეყნებში წავიდნენ, - უპასუხა ახალგაზრდა ყაჩაღმა

- ყვავი სადღაა? - კვლავ შეეკითხა გერდა.

- გარეული ყვავი მოკვდა, მოშინაურებული კი დაქვრივდა. გლოვის ნიშნად ფეხზე შავი ნაჭერი უკეთია და თავის ბედს მისტირის, მაგრამ ეგ არაფერია. უმჯობესია მიამბო თავს რა გადაგხდა და როგორ იპონვე შენი ძმობილი!

გერდამ და კაიმ თავიანთი თავგადასავალი უამბეს. შემდეგ იგი თავისი გზით წავიდა, გერდა და კაი კი თავისი გზით.

ისინი მიდიოდნენ და მათ გზაზე გაზაფხულის ყვავილები გაფურჩქნულიყვნენ. ბალახი მწვანედ ბიბინებდა.

აი, ზარის გაბმული ხმა შემოესმათ. ეს მათი მშობლიური ქალაქის სამრეკლოს ზარი გუგუნებდა. ისინი ნაცნობ კიბეებს აუყვნენ და ოთახში შევიდნენ, სადაც ყველაფერი ძველებურად დახვდათ: საათი ”ტიკ-ტიკ”-ო ტიკტიკებდა, ხოლო ისრები ციფერბლატზე უწინდებურად დაცოცავდნენ.

მაგრამ როგორც კი ოთახის დაბალი კარები გაიარეს, მიხვდნენ, რომ გაზრდილიყვნენ და დიდები გამხდარიყვნენ. გაფურჩქნული ვარდის ბუჩქები სახურავიდან წინანდებურად ფანჯარაში იჭყიტებოდნენ; მათი პატარა საბავშვო სკამებიც იქვე ეწყო.

კაი და გერდა თავთავიანთ სკამებზე დასხდნენ, ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს და თოვლის დედოფლის გაყინული, ცარიელი დარბაზები ცუდი სიზმარივით დაავიწყდათ.

ისხდნენ ასე, ერთმანეთის გვერდით, ხნით უკვე დიდები, მაგრამ გულით ისევ ბავშვები. გარეთ კი უკვე ზაფხული იდგა, თბილი, მადლიანი ზაფხული.

 

* * * * * * *

ბოლო ცვლილება: ოთხშაბათი, მაისი 17 2023, 7:39 PM