ნესტან კუტივაძე

ლიტერატურული ზღაპრის ჟანრული თავისებურებისათვის

 

ლიტერატურული ზღაპრის, როგორც ჟანრის, უნივერსალური განმარტება არ არსებობს. უმრავლეს ლიტერატურულ ცნობარსა და ენციკლოპედიაში იგი განიხილება, როგორც ზღაპრის ერთ-ერთი სახე, რომელსაც ფოლკლორულისაგან განსხვავებით ჰყავს ავტორი. ლიტერატურათმცოდნეები, ასევე, გამოყოფენ ფოლკლორისტულ ზღაპარს, რომელიც ფოლკლორულ და ლიტერატურულ ზღაპარს შორის შუალედურ საფეხურად ითვლება და მისი წარმოქმნა რომანტიზმის ეპოქას, ფოლკლორისტების მიერ ჩაწერილი და გადამუშავებული ზღაპრების გამოცემას უკავშირდება.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქვეყანაში ლიტერატურული ზღაპრის გენეზისი შეიცავს როგორც მსგავსს, ისე განსხვავებულ ნიშნებს, მაინც XIX საუკუნის დასაწყისი აღმოჩნდა ის პერიოდი, როდესაც ევროპაში დაიბადა ახალი ჟანრი - ლიტერატურული ზღაპარი და მას თითქმის ყველგან წინ უსწრებდა ფოლკლორული ზღაპრების ჩაწერა-შეგროვება, შესწავლა, დამუშავება და გამოცემა.

ლიტერატურული ზღაპრის ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი დანიელ მწერალს ჰანს ქრისტიან ანდერსენს (1805-1875). მან ლიტერატურული ზღაპარი უმაღლეს მწვერვალზე აიყვანა. ზოგადად, ლიტერატურათმცოდნეობაში მიჩნეულია, რომ მსოფლიო ლიტერატურაში განსაკუთრებული მოვლენაა სკანდინავიური ლიტერატურული ზღაპარი თავისი არსებობის ხანგრძლივი, მდიდარი და უწყვეტი ტრადიციით.

ზოგიერთი მკვლევარი ლიტერატურულ და ფოლკლორულ ზღაპარს საერთოდ არ მიჯნავს ერთმანეთისაგან, მეცნიერთა ნაწილი კი გამოყოფს სპეციფიკურ ნიშან-თვისებებს, რომლებიც შეიძლება ახასიათებდეს ლიტერატურულ ზღაპარს, როგორც ჟანრს. ასეთ ნიშნებად ასახელებენ:

  • ავტორის მიერ ნაწარმოებში ხალხური ზღაპრის მხატვრული სახეების, თემებისა და სიუჟეტების გამოყენებას;
  • ტექსტი შეიძლება თანაბრად იყოს გამიზნული როგორც საბავშვო, ისე ზრდასრული მკითხველისთვის.

ის, რომ ლიტერატურული ზღაპარი თანაბრად შეიძლება მიემართებოდეს როგორც ყმაწვილებს, ისე ზრდასრულ მკითხველს, მიანიშნებს რეპრეზენტაციის მდიდარ შესაძლებლობებზე, რომელსაც ეს ჟანრი იძლევა.

ბუნებრივია, რომ დროთა განმავლობაში ლიტერატურული ზღაპრის ტრანსფორმაცია ხდებოდა და იგი ასახავდა იმ ეპოქისა და იმ საზოგადოების პრობლემებს, რომელშიც იწერებოდა. სავსებით კანონზომიერია, რომ ჯადოსნურ ზღაპრებთან ერთად ჯერ კიდევ განმანათლებლობის ეპოქაში შეიქმნა სატირული და ფილოსოფიური ზღაპრები, ასევე, ცნობილია ისიც, რომ ხშირად ზღაპრებში ასახული პრობლემების გამო, ამ, ერთი შეხედვით, უწყინარი ნაწარმოებების გამოქვეყნებას მძაფრი რეაქცია მოჰყვებოდა და იკრძალებოდა კიდეც. მაგრამ ამ ჟანრმა მაინც დაამტკიცა საკუთარი სიცოცხლისუნარიანობა. სხვადასხვა ეპოქაში ლიტერატურული ზღაპრის ჟანრის წინა პლანზე წამოწევა გამოწვეული იყო არა იმდენად მწერლის სურვილით, რამდენადაც იმ დროის მოთხოვნილებით, რომელშიც ცხოვრობდა. ზოგიერთ ეპოქაში ლიტერატურული ზღაპარი ვითარდებოდა, ზოგჯერ კი მისი არსებობასაც ძლივს ამჩნევდნენ, მაგრამ არასდროს არ მომკვდარა. რადგანაც ყველა დროში იგი ართობდა, ამხიარულებდა, ამშვიდებდა, ასწავლიდა სიბრძნეს, აძლევდა იმედს, ეხმარებოდა აღდგომოდა ბოროტებას.

ლიტერატურულ ზღაპარს შემდეგნაირად განმარტავს სკანდინავიური ლიტერატურის მკვლევარი და მთარგმნელი ლიუდმილა ბრაუდე: „ლიტერატურული ზღაპარი არის ავტორისმიერი მხატვრული პროზაული ან პოეტური ნაწარმოები, რომელიც დაფუძნებულია ფოლკლორულ წყაროზე ან თავად ავტორის გამონაგონზე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ემორჩილება მის ნება-სურვილს; ეს არის ნაწარმოები, უმეტესწილად, ფანტასტიკური, რომელშიც აღწერილია გამოგონილი ან ტრადიციული ზღაპრული გმირების საოცარი თავგადასავალი და ზოგიერთ შემთხვევაში ორიენტირებულია ბავშვებზე; ნაწარმოები, რომელშიც საოცრება, ჯადო ასრულებს სიუჟეტის წარმომქმნელი ფაქტორის როლს, გვეხმარება პერსონაჟების დახასიათებაში.“

როგორც ამ განმარტებიდან ჩანს, ბრაუდე ლიტერატურული ზღაპრის შემდეგ ნიშნებს გამოყოფს:

  • იგი შეიძლება ეფუძნებოდეს ფოლკლორულ წყაროსაც და გამონაგონსაც, მაგრამ აუცილებლად ემორჩილება ავტორის ნება-სურვილს;
  • ის უნდა იყოს ფანტასტიკური ხასიათის ნაწარმოები და ასახავდეს გამოგონილი ან ტრადიციული ზღაპრების გმირების თავგადასავლებს;
  • ჯადოქრობა, სასწაული უნდა ქმნიდეს სიუჟეტს და ახასიათებდეს პერსონაჟებს.

ამის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია კონკრეტული ფოლკლორული და ლიტერატურული ზღაპრების ურთიერთმიმართების კვლევა, რაც კიდევ უფრო ზუსტად გვიჩვენებს მათს საერთო და განმასხვავებელ ნიშან-თვისებებს. ყოველივე ეს დაგვეხმარება ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს არა მხოლოდ ფოლკლორული და ლიტერატურული ზღაპრის სპეციფიკაც, უფრო ნათლად წარმოჩნდეს განსხვავება ფოლკლორულთან ახლოს მდგომსა და თავისუფლად შექმნილ ზღაპრებს შორის.

ასევე, ლიტერატურული ზღაპრის სპეციფიკის შესწავლისას მნიშვნელოვანია მეცნიერული ნაშრომების გათვალისწინება, რომლებიც არსებობს ფოლკლორისტიკაში. სწორედ ამ მონაცემების გამოყენებით შესაძლებელია უფრო ზუსტად განისაზღვროს ხალხური და ლიტერატურული ზღაპრების უმთავრესი მახასიათებლები.

როგორც ცნობილია, ფოლკლორისტიკაში ზღაპარი განიხილება, როგორც ურთიერთდაკავშირებულ ელემენტთა შინაგანი ერთობლიობა. ხალხური ზღაპარი არის ორგანიზებული სისტემა თავისი მოტივებით, სიუჟეტებით, ჟანრული კომპოზიციითა და მხატვრული სტილის ნიშნებით. ხალხურ ზღაპარს, გარდა მყარი კომპოზიციისა, აქვს მკვეთრად გამოხატული იდეური და ფსიქოლოგიური შინაარსი.

ლიტერატურული ზღაპარი ხელოვნურად შექმნილი ნარატივია, რომლის ნიშან-თვისებების გამოსავლენად უპირველესად უნდა დადგინდეს მისი მიმართება კარგად გამოკვეთილი სტრუქტურის მქონე ტექსტთან - კლასიკურ, ჯადოსნურ ზღაპართან.

როგორც ცნობილია, ხალხურ ზღაპარში არ ხდება პერსონაჟთა გარეგნობისა თუ სხვა ინდივიდუალური შტრიხების დეტალური აღწერა. ამ მხრივ, ლიტერატურული ზღაპარი შეუზღუდავია. პირიქით, მსოფლიოში ცნობილი ზღაპრული პერსონაჟები სწორედ გამოკვეთილი ინდივიდუალობის წყალობით არ კარგავენ საყოველთაო ინტერესს. ასევე, ლიტერატურულ ზღაპრებში შეიძლება კონკრეტულად იყოს მითითებული მოქმედების ადგილი და დრო, დეტალურად აღწერილი გარემო და ა.შ., ადამიანთა განცდებზეც საგანგებოდ მახვილდება ყურადღება, რაც ხალხური ჯადოსნური ზღაპრისათვის არ არის დამახასიათებელი და რაც არასდროს იზღუდება ლიტერატურულ ზღაპარში.

 

წიგნიდან:

კუტივაძე, ნესტან. ქართული ლიტერატურული ზღაპარი (XIX საუკუნე). ქუთაისი: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014.

ბოლო ცვლილება: ორშაბათი, აპრილი 3 2023, 4:54 PM