ჰილდებრანდის სიმღერა

ამბობენ,

ჰილდებრანდი და ჰადუბრანდი

ერთურთის წინააღმდეგ საომრად გაემზადნენ.

იარაღი აისხეს შვილმა და მამამ,

აბჯარი ჩაიცვეს, წელზე მახვილი შემოირტყეს,

იარაღი აისხეს გმირებმა.

ჰილდებრანდმა, ჰერიბანდის ძემ, ჭარმაგმა, გამოცდილმა,

ჰკითხა ჰადუბრანდს,

ორიოდ სიტყვით მოეთხრო, თუ ვინ იყო მისი მამა,

რა ერქვა, სადაური იყო.

„მომიყევი და მეც გეტყვი, ვის ვიცნობ

ამ სამეფოში, მთელ ქვეყანაზე“.

ჰადუბრანდმა მიუგო, ჰილდებრანდის ძემ:

„ჩემი ხალხისგან გამიგია,

ძველი და ბრძენი წინაპრებისგან, რომ

მამაჩემს ჰილდებრანდს ეძახდნენ, მე კი ჰადუბრანდი მქვია,

ოდოაკერის რისხვას გაექცა და აღმოსავლეთს მიაშურა

დიტრიხთან და მის მეომრებთან ერთად.

შინ დამწუხრებული ცოლი და მცირეწლოვანი ვაჟი

დატოვა და აღმოსავლეთს მიაშურა.

ამიტომაც დააღონა ფრიად დიტრიხი

უიმისობამ: უმეგობრო კაცი იყო,

ოდოაკერი სასტიკად სძულდა და ჰილდებრანდი მისი ერთგული მეომარი გახდა,

მუდამ წინ მიუძღოდა ჯარს, ბრძოლის ჟინით,

სიმამაცით განთქმული.

არა მგონია, ცოცხალი იყოს...“

„მხოლოდ ღმერთმა უწყის“, თქვა ჰილდებრანდმა, „არ მოგიხდეს

ბრძოლა შენივე მოყვასთან“.

მოიხსნა მკლავზე შებმული რგოლი,

ოქროს რგოლი, მეფის ნაბოძები,

ჰუნების მბრძანებლის. „მიიღე ნიშნად მეგობრობისა!“

ჰადუბრანდმა, ჰილდებრანდის ძემ, მიუგო:

„შუბით ავიღებ შენს საჩუქარს,

შუბი შუბის წილ!

თავს იკატუნებ, ბებერო ჰუნო,

მაცდუნებ მაგ სიტყვებით და შუბს აღმართავ,

მზაკვრობაში გაგილევია შენი დღენი, ბერიკაცო.

მეზღვაურებისგან ვიცი,

ოკეანის დასავლეთით, ბრძოლაში დაეცა და

მკვდარია ჰილდებრანდი, ჰერიბანდის ძე!“

ჰილდებრანდმა, ჰერიბანდის ძემ უთხრა:

„აბჯარზე გეტყობა,

კეთილშობილი პატრონი გყავს,

და რომ სამეფოდან ჯერ არავის განუდევნიხარ.

ავისმომასწავებელი ჟამია, ღმერთი მოწამეა:

სამოც ზაფხულს და ზამთარს ვეხეტებოდი უცხო ქვეყანაში,

მუდამ მეომართა რიგებში ვიდექი,

ვერ მომიხელთა სიკვდილმა,

ახლა კი ჩემმა საკუთარმა ძემ უნდა შემომკრას მახვილი,

დანა ჩამცეს, ან არა და, მე გავხდები მისი მკვლელი.

თუ გაბედავ, წაიღე ბერიკაცის აბჯარი,

წაიღე ალაფად, თუ თავს უფლებას მისცემ,

აღმოსავლეთის ხალხიდან უკანასკნელი ლაჩარიც კი არ იტყვის უარს

შენთან ბრძოლაზე, ასე რომ გწადია,

დაე, ვიბრძოლოთ; ვნახოთ, რომელი ჩვენგანი

აყრის აბჯარს მეტოქეს“.

და იშიშვლეს იფნის მახვილები

ფიცხელ ბრძოლაში, ფარებს აძგერეს,

ერთურთს შეერკინენ, ფარებს სცემდნენ,

საზარლად სცემდნენ,

სანამ არ დაემსხვრათ ცაცხვის ფარები

იარაღისგან...

 

მამა-შვილის ბრძოლის მოტივი ევროპაში ფიქსირებულია XIII-XV საუკუნეების ხელნაწერებში, ძველ ისლანდიური საგებში: Didriks saga (XIII საუკუნის მეორე ნახევარი), Ásmunar saga kappabana და Kjalnesinga saga (XIV s.), Ásmundar saga (XV ს.). "Das jüngere Hildebrandslied" (XV ს.).


თქმულების ისტორიული ფონია გერმანელ ტომთა ბრძოლები რომის იმპერიის წინააღმდეგ. 456 წელს რომი დაიპყრო ოდოაკერმა. ამავე ხანებში რომს აუჯანყდნენ გოთები თეოდორიხის ხელმძღვანელობით.

"ჰილდებრანდის სიმღერაში" აღწერილი თეოდორიხისა და ოდოაკერის დამოკიდებულება არ შეესაბამება ისტორიულ სინამდვილეს. დიტრიხი ამ თქმულებებში ტახტის კანონიერ მემკვიდრედ არის მიჩნეული მანამ, ვიდრე გამეფდებოდა.

ისტორიულად დადასტურებულია, რომ თეოდორიხის ბრძოლაში ოდოაკერის წინააღმდეგ ჰუნები მონაწილეობას არ იღებდნენ, რომ დიტრიხს დაკარგული პოზიციების დაბრუნებაში დახმარება ბიზანტიელებმა გაუწიეს და არა ჰუნებმა. თქმულებებში კი დიტრიხის დამხმარედ ჰუნები არიან წარმოდგენილი და არა ბიზანტიელები. ისინი აძლევენ თავისი ქვეყნიდან დევნილ დიტრიხს თავშესაფარს და ჯარსაც, რომლის დახმარებითაც თეოდორიხი ამარცხებს თავის მოწინააღმდეგეს. ჰუნების ქვეყანაში დიტრიხის გაქცევისა და იქ სამხედრო დახმარების მიღების ამბავი პოეტური გამონაგონია.

გერმანულიდან თარგმნა ე. გოგიაშვილმა

 

 

ბოლო ცვლილება: ოთხშაბათი, მარტი 15 2023, 7:50 PM