XIX საუკუნის მეცნიერებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი იყო მსოფლიოს ყველა კუთხეში ზღაპრების არსებობისა და მათი არქაულობის დამადასტურებელ ნიშანთა აღმოჩენა. როცა იაკობ და ვილჰელმ გრიმებმა სცადეს ამ მოვლენათა შეფასება, წამოაყენეს ჰიპოთეზა, რომ ზღაპრები ინდოევროპული წარმომავლობისა იყვნენ და ინდოევროპელ ხალხთა მითოლოგიის ნაშთებს წარმოადგენდნენ. ეს მოსაზრება ლოგიკური და დამაჯერებელი ჩანდა იმ დროს, როცა ინდოევროპულ ენათა ნათესაობა ახალაღმოჩენილი იყო.

ჰიპოთეზა, რომ ზღაპრები წარსულის ანარეკლია, დღესაც ძალაშია, რადგან რიგ ზღაპრებში მართლაც ჩანს სიძველის კვალი. თუმცა ამის შემოწმება მხოლოდ ზეპირი ტრადიციების მეშვეობით რთულია და მეცნიერები ეთნოგრაფიულ და არქეოლოგიურ მონაცემებს მიმართავენ. გარდა ამისა, ზღაპრები მუდმივად კვლავწარმოქმნის პროცესშია, ბევრი ზღაპარი სწორედ ახალი ეპოქის კუთვნილებაა. ეს ჭეშმარიტება, ცხადია, ძმებმა გრიმებმაც კარგად იცოდნენ. მათი ინდოევროპული თეორია გულისხმობდა არა ყველა ზღაპრის, არამედ მხოლოდ ზღაპრის გარკვეული ტიპების, კერძოდ, ფანტასტიკური ამბების მითებთან მსგავსებას.

ძმები გრიმების 1835 წელს გამოცემული „გერმანული მითოლოგია“ სამეცნიერო ნაშრომის მოდელად იქცა XIX საუკუნის ფილოლოგიაში. ამ ნაშრომის სახელწოდებამ განაპირობა თავად თეორიის სახელიც. რადგანაც იაკობ გრიმს მოცემული აქვს ინდოევროპული მითების სისტემატიზაციისა და მნიშვნელობათა ახსნის მცდელობა, ამ სფეროში მუშაობას საერთო სახელი „მითოლოგიური სკოლა“ ეწოდა.

მითოლოგიურ თეორიას ენათმეცნიერული და ფილოსოფიური საფუძვლები ჰქონდა: 1) ინდოევროპულ ენათა ნათესაობა და 2) მითოლოგია როგორც ხელოვნების ფუნდამენტი.

რომანტიკულ ფილოსოფიაში მითოლოგიის განმარტებები სუბიექტივისტურ-პოეტურ გააზრებას და რომანტიკულ შემეცნებას უკავშირდება. გერმანელი რომანტიკოსი მწერლის, ნოვალისის (1772-1801) მიხედვით, მითოლოგია „თავისუფალი პოეტური გამონაგონია, სინამდვილეს მრავალი სიმბოლოთი მოსავს“.

იაკობ გრიმი მითების წყაროებს ყველგან ხედავდა: ხალხურ თქმულებებსა და ზღაპრებში, საბავშვო თამაშებში, გათვლებსა და ხატოვან სიტყვა-თქმებში. მითოსს ის პოეზიისა და ენის საფუძვლად მოიაზრებდა: „ამ ზღაპრებში წინარე გერმანული მითოსია, რომელიც დაკარგული გვეგონა და თუ მას ჩვენი სამშობლოს კურთხეულ მხარეებში მოვძებნით, დაუჯერებელ ამბებად გადაქცეული აურაცხელი განძი დაგვხვდება“. („საბავშვო და საოჯახო ზღაპრების“ წინასიტყვაობიდან).

გრიმები ჯადოსნურ ზღაპრებს მითის „ნამსხვრევებად“ მოაზრებდნენ. ზღაპარს „შავი და თეთრი საცოლე“ ხსნიდნენ, როგორც დღისა და ღამის მითოლოგემას. „მძინარე მზეთუნახავს“ უკავშირებდნენ ძველ გერმანულ ბრუნჰილდას ამბავს, რომელიც ეკლის ჩხვლეტამ ჩააძინა; „ოქროს ჩიტს“ – ტრისტანსა და იზოლდას, „ოქროს ბატს“ კი „უმცროს ედაში“ მოთხრობილ ლოკის თავგადასავალს: ყველა ზღაპრისთვის საერთოა ძველი დროის რწმენათა ნაშთები, რომლებიც ზებუნებრივი საგნების სახით შემოგვრჩა. ეს „მითოსური“ პატიოსანი ქვის ნამსხვრევებს ჰგავს, ბალახითა და ყვავილებით დაფარულ მიწაზე რომ არიან მიმოფანტული და მხოლოდ მახვილი თვალი თუ შეამჩნევს (ი. გრიმი).

 ვილჰელმ გრიმი თავის წიგნში „ძველი დანიური საგმირო სიმღერები, ბალადები და ზღაპრები“ 1811 წელს წერდა: „სხვადასხვა ხალხის პოეტური შემოქმედების ურთიერთშედარებისას ნათლად ჩანს მათი მსგავსება. [...] ღვთაებრიობა, პოეტური სული ყოველ ხალხში არსებობს და ერთადერთი წყარო აქვს; ამიტომაც ვხედავთ ყველგან ერთსა და იმავეს, შინაგან თანხმობას, ნათესაობას, რომლის გენეალოგიური ხე დაიკარგა, მაგრამ საერთო საწყისზე მიანიშნებს; ბოლოს კი, ანალოგიური განვითარება, ოღონდ განსხვავებული გარემო-პირობები და გავლენები. ამიტომ არის, რომ ყოველ ბგერაში ვპოულობთ გარეგნული სახის მრავალფეროვნებას, ციდან მოვლენილს, რომლის ქვეშაც მცენარეები ხარობს და თითოეულში ვხედავთ უსასრულობას“.

ძმები გრიმების მთავარი დებულებები მოცემულია „საბავშვო და საოჯახო ზღაპრების“ წინასიტყვაობასა და „გერმანულ მითოლოგიაში“. ისინი მითს ამოსავალ ფორმად მიიჩნევდნენ, რომლისგანაც წარმოიშვა ზეპირსიტყვიერების სხვადასხვა ჟანრი: ზღაპარი, ლეგენდა, თქმულება, ბალადა და სხვა. მითოლოგიური სკოლა მეორე სახელწოდებითაც   გახდა ცნობილი – არიული თეორია, რადგან კვლევისთვის გამოყენებული იყო არიული ფოლკლორული მასალა. იაკობ გრიმი ცდილობდა გერმანული მითოლოგიური პანთეონის აღდგენას ლინგვისტურ-ეტიმოლოგიური ანალიზის მეშვეობით. იგი წინარე ენის თეორიიდან ამოდიოდა და განზრახული ჰქონდა წინარე არიული მითების რეკონსტრუქცია.

ხალხური გადმოცემები, საგმირო თქმულებები, ბალადები და ლეგენდები ნაციონალურ ისტორიულ გმირებს უკავშირდებიან. ფოლკლორული მასალის შეკრება ერთ-ერთი პროგრამული აქტივობა გახდა XIX საუკუნის ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობებში, რადგან კულტურული მემკვიდრეობა უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა სახელმწიფოებრიობის შენების გზაზე დამდგარი ქვეყნებისთვის.

ბოლო ცვლილება: შაბათი, თებერვალი 25 2023, 6:42 PM