1907 წელს სკანდინავიელმა მეცნიერებმა კარლ კრონმა, კარლ ვილჰელმ ფონ სიდოვმა და დანიელ ოლრიკმა შექმნეს ფოლკლორისტთა საერთაშორისო საზოგადოება (Folklore Fellows) თავისი ბეჭდური ჟურნალით FF Communications. შემუშავებულ იქნა კვლევის სპეციალური მეთოდი შედარებითი მეთოდის საფუძველზე, რომელსაც შემდგომ „გეოგრაფიულ-ისტორიული მეთოდი“ ეწოდა და დღემდე გამოიყენება თანამედროვე მეცნიერებაში. პოპულარული სიუჟეტების აღსანუსხავად 1910 წლიდან ფინელმა მეცნიერმა ანტი აარნემ (1867-1926) დაიწყო მუშაობა ზღაპრის ტიპთა საერთაშორისო საძიებელზე. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ კატალოგი შეავსო და ახალი გამოცემა მოამზადა ამერიკელმა მეცნიერმა სტით ტომპსონმა  (1885-1976): 

Aarne, A.: The Types of the Folk-Tale. Translated and Enlarged by Stith Thompson, Helsinki 1928  =FF Communications 74; 

Aarne, A./Thompson, St.: The Types of the Folktale. A Classification and Bibliography. Second Reviyion, Helsinki 1961 =FF Communications 184.).
 
2004 წელს ჰელსინკის მეცნიერებათა აკადემიის ფოლკლორისტთა კავშირმა გამოსცა ზღაპრის ტიპთა ახალი საერთაშორისო კატალოგი სამ ტომად სახელწოდებით The Types of International Folktales. A Classification and Bibliography, რომელიც ანტი აარნესა და სტით თომპსონის „ზღაპართა ტიპების საძიებლის” სრულყოფილი გამოცემაა, შედგენილი გერმანელი მეცნიერის ჰანს-იორგ უთერის მიერ. ამიერიდან სამეცნიერო მიმოქცევაში ზღაპრის ახალი კატალოგი მითითებულია შემოკლებით ATU (Aarne-Thompson-Uther).

კატალოგი ტიპებად ჰყოფს და აღნუსხავს სხვადასხვა დროისა და ეთნიკური წარმოშობის სიუჟეტებს, წარმოადგენს მათ ტექსტებისა და ლიტერატურის მითითებით და ამზადებს შემდგომი კვლევისათვის.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფოლკლორული ნიმუშების დოკუმენტაცია ბევრ ქვეყანაში, ეთნიკურ და ენობრივ რეგიონებში ერთდროულად არ მიმდინარეობს. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ წარსულში საერთაშორისო კატალოგში უმეტეს ნაწილს შეადგენდა ევროპული მასალა. ეს მდგომარეობა ახლაც გრძელდება ამ კატალოგში, მაგრამ ეს არ არის არავითარი იდეოლოგიური ეთნოცენტრიზმი, არამედ მხოლოდ ანარეკლი მაშინდელი სიტუაციისა კვლევის სფეროში. უამრავმა ქვეყანამ მხოლოდ ახლა დაიწყო თავისი ფოლკლორის სისტემატიზირებული დამუშავება.
აარნე-თომპსონ-უთერის საერთაშორისო კატალოგის სახით სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვიდა სამაგიდო წიგნი ისტორიულ-კომპარატივისტულად ორიენტირებული ფოლკლორისტიკისათვის და საერთოდ, ყოველგვარი ხალხური გადმოცემის ფართო მასშტაბით კვლევისათვის.
ბოლო ცვლილება: ხუთშაბათი, დეკემბერი 15 2022, 7:48 PM