მითი, თქმულება და ზღაპარი

 მითოლოგიური გადმოცემა, თქმულება და ზღაპარი ფოლკლორული პროზაული ჟანრებია, რომლებსაც ბევრი რამ აქვთ საერთო, მაგრამ მათ შორის რამდენიმე განმასხვავებელი ნიშანია.

მითოსის თხრობა პირველყოფილ საზოგადოებებში ტაბუირებული იყო გარკვეული პირობებით და აკრძალვებით დროსა და სივრცის, მთხრობელისა და აუდიტორიის მიხედვით, სიტყვის მაგიური ძალებისადმი რწმენის მოსაზრებებით. მითოლოგიური გადმოცემის მოყოლა ყველასთვის და ყოველთვის არ შეიძლებოდა, რადგან ის მიჩნეული იყო საიდუმლო, წმინდა ამბად ღვთაებაზე ან რაიმე ღვთაებრივ მოვლენაზე. იმ შემთხვევაში, თუ მითის თხრობა აღარ არის საკრალური აქტი, აღარ არსებობს რაიმე აკრძალვა და მის მოსასმენად ყველა დაიშვება, მათ შორის ბავშვებიც, ამბავი უკვე კარგავს მითოსის თავდაპირველ მნიშვნელობას და იქცევა გართობად.

მაგალითად, თუ მითოსი ტოტემურ წინაპარზე იყო, მაშინ მისი დესაკრალიზაციისას - უბრალო ამბად გადაქცევისას ამოღებულია ინფორმაცია ტოტემურ წინაპართა მითოსური მოგზაურობის შესახებ, სამაგიეროდ კი ყურადღება მახვილდება ტოტემურ წინაპართა საოჯახო ურთიერთობაზე, ჩხუბზე, სათავგადასავლო მომენტებზე. ასეთ დროს ამბის თხრობა უფრო თავისუფალია და გზა ეხსენება ვარიაციებსა და ფანტაზიას.

დესაკრალიზაცია ასუსტებს რწმენას მონათხრობის ნამდვილობაში. მკაცრი სარწმუნოება იცვლება არამკაცრ სარწმუნოებად და ხდება ჩვეულებრივი ყოფითი ამბავი, თუმცა ფანტასტიკური ელემენტებით თხრობაში.

მითოსისათვის დამახასიათებელია მოქმედების გადატანა მითოსურ ხანაში, „სიზმრების ხანაში“, „როცა ადამიანებსა და ცხოველებს ერთმანეთის ესმოდათ“, „როცა მთები და მდინარეები ჯერ არ იყო გაჩენილი“ და მისთ. როდესაც ტოტემური რწმენა-წარმოდგენები დავიწყებას ეძლევა, მითოლოგიური გადმოცემების ასეთი დასაწყისები ირონიულ ელფერს იძენს.

თქმულების (გერმ. Sage) პირველი განმარტება ძმებ გრიმებს ეკუთვნის: „თქმულება უფრო ისტორიულია, ზღაპარი უფრო პოეტური”. თქმულებაში ისინი ხედავდნენ ბუნდოვანებას, რომლითაც ისტორიის დღე იწყება და ალბათ მთავრდება. ამ აზრით ისინი თქმულებას ზღაპრისგანაც გამიჯნავდნენ: თქმულებას არა აქვს თხრობის ისეთი მრავალფეროვანი ხერხები, როგორც ზღაპარს, მაგრამ თქმულებას აქვს რაღაც განსაკუთრებული. თქმულება რაღაც ცნობილს და ცნობიერს მიეწერება, რომელიმე ადგილს ან ისტორიაში შემონახულ სახელს.

შეიძლება დაგვრჩეს შთაბეჭდილება, რომ თქმულებაში საქმე გვაქვს მყარ ფორმასთან. სინამდვილეში კი თქმულებას თავის ბუნდოვანებაში მტკიცე ლოკალიზაციის საყრდენი სჭირდება.

თქმულებას შეიძლება საფუძვლად ედოს ერთი განსაზღვრული ობიექტური ამბავი – თუნდაც ბუნების თავისთავადი მოვლენა ან ხელჩართული ბრძოლა, შავი ჭირი ანდა სიკვდილის შემთხვევა. დაბოლოს, თქმულებები შეიძლება დაუკავშირდნენ  რაიმე ობიექტურ სინამდვილეს, რომელიც ახსნას მოითხოვს: ეს იქნება თუნდაც გამოქვაბული, კლდის თავისებური აგებულება, გზაჯვარედინი ველზე, აგრეთვე სახელი, ანდაზა, გამოყენებითი რეკვიზიტი. თქმულების ჟანრობრივი ფორმის ამოსავალი წერტილია რაღაც გაუგონარი, გამოუცნობი ფაქტი, რომელიც ეწინააღმდეგება ადამიანს ზებუნებრივისა და აუხსნელის სახით და ამავე დროს წინ წამოწეული ისტორიული მოვლენით. თქმულება ეძებს გაუგონარს და ბუნდოვანს, რათა ყოველდღიურობამ ნორმიდან გადახვეულ ამხსნელ კატეგორიებში და ფორმებში გადაინაცვლოს. ეს ფორმები წინასწარ არიან მომზადებულნი ხალხის რწმენა-წარმოდგენებსა და მოტივებში.

ძლიერი ადამიანის, კეთილი მმართველის, დაუნდობელი სარდლის, მრისხანე ფეოდალის სახეები თქმულებებში გარდამავალი საფეხურია ისტორიული თქმულებიდან დემონურ თქმულებამდე. სოციალური დისტანცია ხშირად ზებუნებრივში გადაიზრდება, ღვთისმოწყალებისა და ღვთის ნების იდეამ თავისი მტკიცე გამოხატვა ჰპოვა თქმულების წარმოდგენებში. დემონურობა ადამიანურშიც შემოდის, მაგალითად, კუდიანთა და ჯადოქართა მრავალრიცხოვანი ისტორიები.

 „დემონურ თქმულებაში“ შედის აგრეთვე „მითოსური“ ცნობიერების სივრცის თქმულებები, რომელთა მოქმედი პირები თუმცა ადამიანთა სამყაროში მოძრაობენ, მაგრამ მას არ ეკუთვნიან ან არ ეკუთვნოდნენ: გოლიათები და ჯუჯები, სტიქიური სულები და აგრეთვე ცალკეული ღვთაებრივი სახეები.

თქმულებებში ეტიოლოგიზმი, ტოპონიმებისა და ისტორიული პირების არსებობა შეადგენს ერთ განუყოფელ ერთიანობას.  თქმულება უფრო სუბიექტურია, მოთხრობილია კონკრეტული ადამიანების ამბები ან მათი ურთიერთობები ღვთაებრივ არსებებთან. ზღაპრებში ეს კონკრეტიკა არ არსებობს. ზღაპრებში ისტორიული პირები და ტოპონიმები არ სახელდებიან. ინტერესი გადატანილია გამოგონილი გმირის პირად ბედზე. მითოლოგიურ გადმოცემაში გმირი თუ ცეცხლს იტაცებს, ის კულტურული გმირია. ზღაპრის გმირი თუ ცეცხლის მოტაცებას გადაწყვეტს, ამას ან ვინმეს დავალებით აკეთებს, ან თვითონ მას სჭირდება ნანადირევის შესაწვავად.

ზღაპრულ გმირს არ გააჩნია ისეთი ღვთაებრივი ძალა, რომელსაც ფლობს მითოსური გმირი. მაგრამ ზღაპრის გმირმა შეიძლება ზებუნებრივი ძალა შეიძინოს გარკვეული განსაცდელის გავლის შედეგად, გარკვეული რთული დავალების შესრულების შემდეგ.

თქმულებებში და მითოლოგიურ გადმოცემებში ქორწინება არის საშუალება სოციალური კომუნიკაციისა და მაგიური „ქონების“ მოპოვებისა. ზღაპარში ქორწინება არის საბოლოო მიზანი და უმნიშვნელოვანესი ფასეულობა. ზღაპრის ქორწინება არ არის მხოლოდ მაღალი სოციალური სტატუსის მოპოვება, არამედ ბედნიერება.

საგა - ამ სიტყვით აღნიშნავენ სკანდინავიური კულტურისთვის სპეციფიკურ თქმულებათა ციკლს ისტორიულ პირებზე, ღვთაებებზე, ქრისტიანულ წმინდანებზე, ყოფით ამბებზე, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ურთიერთობებზე. სიტყვის ძირი saga, sage ყველა გერმანიკულ ენაში თხრობის აღმნიშვნელია. მაგალითად, გერმანულში გამოიყენება თქმულების აღსანიშნად, შვედურში - ზღაპრების. ქართულად თარგმნისას შესაბამისად ან თქმულებად გადმოგვაქვს, ან ზღაპრად, მაგრამ როცა ქართულადაც „საგად“ მოვიხსენიებთ, მაშინ აუცილებლად იგულისხმება ჩრდილოურ, უმეტესად ისლანდიური ზეპირსიტყვიერებისა და ლიტერატურისთვის დამახასიათებელი ბიოგრაფიული ნარატივი და თაობათა ისტორიები.

 

მითი, თქმულება, საგა

ზღაპარი

 

  1. საკრალურობა
  2. რწმენა-წარმოდგენასთან კავშირი
  3. ტოპონიმები, ისტორიული ადგილები
  4. ღვთაებრივი გმირი
  5. მითოსური (წინარეისტორიული) დრო
  6. ეტიოლოგიზმი (ახსნილია წარმოშობის მიზეზი)
  7. კოსმიურობა

 

 

  1. არასაკრალურობა
  2. არასარწმუნოებრივი
  3. პირობით-პოეტურობა
  4. ჩვეულებრივი გმირი
  5. ზღაპრული (არაისტორიული) დრო
  6. ეტიოლოგიზმი არ არსებობს
  7. ინდივიდუალიზაცია
ბოლო ცვლილება: შაბათი, მარტი 18 2023, 3:00 PM