თეოდორ ბენფეის სახელი და „მოხეტიალე სიუჟეტთა“ თეორია სამუდამოდ დაუკავშირდა ერთმანეთს.

გერმანელი ენათმეცნიერის, სანსკრიტოლოგ თეოდორ ბენფეის მიერ თარგმნილი „პანჩატანტრა“ და მისი მონოგრაფიული გამოკვლევა „ორიენტალისტიკის შედევრად“ აღიარეს ევროპაში.


ზუსტ თარგმანთან, სხვადასხვა რედაქციის შედარებასა და ისტორიულ-კულტურულ ანალიზთან ერთად თეოდორ ბენფეიმ განიხილა „პანჩატანტრას“ გავლენა ხალხურ თხრობით ტრადიციაზე. მეცნიერი არც საპირისპირო გზას  გამორიცხავდა – ეზოპეს იგავ-არაკების გავრცელებას ინდოეთში, ოღონდ იმ დროისთვის ინდურ ხალხურ ტრადიციაში უკვე უნდა არსებულიყო მსგავსი სიუჟეტები:

       „საზოგადოდ, ევროპული იგავ-არაკების უმეტესობა ე.წ. ეზოპესეულის სახეცვლილებაა; ზოგიერთს კი ინდური წარმომავლობის კვალი ამჩნევია, როგორც საერთოდ ინდური იგავების დიდ ნაწილს; თავისუფლება, რომელიც მათ ახასიათებთ, და კიდევ ბევრი სხვა მომენტი იმაზე მეტყველებს, რომ ინდოელებს უკვე შექმნილი ჰქონდათ ეზოპესეული იგავების მსგავსი. განსხვავება მათ კონცეფციებსა და ეზოპეს იგავებს შორის მდგომარეობდა ზოგადად იმაში, რომ ეზოპეს შემოქმედებაში ცხოველები თავისი ხასიათის შესაბამისად მოქმედებენ, ინდური იგავები ცხოველის სპეციფიკურ ბუნებას უგულვებელყოფენ და მათი სახით ადამიანი გამოჰყავთ. ეს შესაძლოა ნაწილობრივ ცხოველთა იგავების დიდაქტიკურ ბუნებას მივაწეროთ, ნაწილობრივ კი ინდოეთში გამეფებულ რწმენას სულთა გარდასახვაზე“.

ბენფეიმ დაასკვნა, რომ ზღაპრებისა და სხვა ხალხური მოთხრობების დიდი რაოდენობა ინდოეთიდან გავრცელდა მსოფლიოში. მისი აზრით, ეს გავრცელება დაიწყო ჩვენი წელთაღრიცხვის X საუკუნის ახლო ხანებში:

„იგავებისგან განსხვავებით, მოთხრობები და, განსაკუთრებით ზღაპრები, ინდური წარმოშობისა უნდა იყვნენ, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია: ინდოელებმა შეიძლება მოგვიანებით გაიცნეს ცხოველთა იგავები, მაგრამ ევროპას გადამუშავებული დაუბრუნეს. აღმოსავლური და დასავლური იგავ-არაკების, ზღაპრებისა და მოთხრობების სფეროს კვლევამ დამარწმუნა, რომ იგავების მცირე რაოდენობა და გაცილებით მეტი ზღაპარი და მოთხრობა ინდოეთიდან სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება გავრცელების დროს, ჩვენი წელთაღრიცხვის მეათე საუკუნემდე ცოტა ხნით ადრე რამდენიმე სიუჟეტი მოხვდა დასავლეთში – და იმის მიუხედავად, რომ პანჩატანტრას ან ქალილა და დიმნას თარგმანების მეშვეობითაც იყო ცნობილი – მაინც ზეპირი გზით გავრცელდა მოგზაურებისა და ვაჭრების წყალობით.


ბენფეი გავრცელების გზას მოიაზრებს ინდოეთიდან დასავლეთისკენ და ასევე აღმოსავლეთისკენ – ჩინეთთან ურთიერთობით:
„მეათე საუკუნიდან, მაჰმადიანი ხალხების ინდოეთში შეჭრისა და დაპყრობის შემდეგ, ინდოეთის გაცნობა უფრო ინტენსიურად დაიწყო. იქიდან მოყოლებული, ზეპირი და ლიტერატურული ტრადიციები ფეხდაფეხ მოდიან. ინდური მოთხრობები სპარსულად და არაბულად ითარგმნა და მთლიანად ან ნაწილობრივ მალევე გავრცელდა ისლამური ქვეყნების გავლით აზიაში, აფრიკაში, ევროპაში და ქრისტიანულ დასავლეთში. გზაჯვარედინი იყო ბიზანტიის იმპერია, იტალია და ესპანეთი. უფრო დიდი მასშტაბი ჰქონდა ინდური კონცეფციის ზემოთაღნიშნული სამი ჟანრის ინდოეთის აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით გავრცელებას. ჩვენი კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მათი საწყისია ბუდისტური ლიტერატურა. ამით მათ პირველივე საუკუნიდან შეაღწიეს ჩინეთში, რამდენადაც ჩინეთი ბუდისტურ ინდოეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული“.


 ხალხური „ლიტერატურა“ უპირველეს ყოვლისა ზეპირ ტრადიციაში არსებობდა, მოგვიანებით კი ზეპირს ლიტერატურული ტრადიციაც დაემატა:


„ევროპულ ლიტერატურაში ნოველებს პირველად ბოკაჩოსთან ვხვდებით, ზღაპრებს კი სტრაპაროლასთან. ხალხის მიერ ლიტერატურიდან აღებული და გადამუშავებული ისევ ლიტერატურაში მოხვდა, იქიდან კი კვლავ ხალხში დაბრუნდა. ამის შედეგად უამრავმა მოთხრობამ ეროვნული სულისა და შემოქმედი ინდივიდუმების ერთობლივი ზემოქმედებით ის ნაციონალური ხასიათი მიიღო, რაც მხოლოდ ინდივიდუმის შრომით მიიღწევა და რაც მას მაღალმხატვრულ ღირებულებას ანიჭებს“.


თეოდორ ბენფეი მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ევროპელი ხალხები ინდოეთიდან მომდინარე სიუჟეტებსა და თემებს იყენებდნენ, მაგრამ მათი ინტერპრეტირებისას ახალი ნაწარმოებები იქმნებოდა.

ციტატები თარგმნილია წიგნიდან: Benfey, Theodor. Pantschatanra. Fünf Bücher indischer Fabeln, Märchen und Erzählungen. Aus dem Sanskrit übersetzt mit Einleitung und Anmerkungen von Theodor Benfey. Leipzig: Brockhaus, 1859.

ბოლო ცვლილება: ხუთშაბათი, დეკემბერი 15 2022, 7:52 PM