ფოლკლორისტიკის ისტორიის ყველა ეტაპზე მკვლევართა ყურადღების ცენტრში მუდმივად იდგა საკითხი ზეპირ სიუჟეტთა საერთაშორისო გავრცელების, მსგავსებისა და კულტურული კონტაქტების შესახებ.
ფოლკლორის მეცნიერული კვლევა კონკრეტულ სოციალურ ფენაზე ფოკუსირებით დაიწყო - სოფლის მოსახლეობაზე. ტერმინი „ფოლკლორი“ შემდგომშიც ამ სოციალური პოზიციის აღნიშვნით იყო შემოფარგლული. დღესდღეობით ფოლკლორისტები გადაჭრით ცდილობენ, თანამედროვე საზოგადოება მთელი თავისი მრავალფეროვნების გათვალისწინებით შეისწავლონ და არა რომელიმე კლასზე კონცენტრირებით.
თანამედროვე კვლევებში გამოიკვეთება რამდენიმე მნიშვნელოვანი მეთოდი, რომელთაგან ზოგს ხანგრძლივი ისტორია აქვს, ზოგი - შედარებით ახალია, მაგრამ ყველა მათგანი ფოლკლორის კულტურულ გარემოსთან მიმართების შესწავლას გულისხმობს.
ისტორიულ-კომპარატივისტული ფოლკლორისტიკა
ფოლკლორის შედარებით-ისტორიული მეთოდებით შესწავლა გულისხმობს კულტურული ფორმების განვითარების ისტორიას გარკვეული მოდელების (ჟანრი, ფაბულა და სხვ.) ჩარჩოებში.
დღესდღეობით ფოლკლორულ სიუჟეტთა საერთაშორისო კატალოგი “The Types of International Folktales” საშუალებას აძლევს ნებისმიერ სამეცნიერო მიმართულებას, ხალხური სიტყვიერება მისთვის შესაბამისი მეთოდით იკვლიოს. გერმანელმა მეცნიერმა ჰანს-იორგ უთერმა განაახლა და წარმოადგინა ხალხური თხრობითი ჟანრების ტიპების სრული აღწერა და კვლევის შედეგები. კატალოგში შესულია როგორც საერთაშორისო სიუჟეტების დიდი რაოდენობა, ასევე ცალკეული მონოგრაფიები თხრობით ჟანრთა ტიპებზე. საძიებელი საგულდაგულოდ შევსებულია და გათვალისწინებულია დღემდე არსებული ყველა მოტივთა თუ ტიპების კატალოგების მონაცემები.
ATU კატალოგში (ამ შემოკლებით შევიდა ის სამეცნიერო მიმოქცევაში) ყოველ სიუჟეტურ ტიპს აქვს ნომერი, სახელწოდება და გადმოცემულია შინაარსი. ეს კონცეფცია თხრობითი ჟანრის ტიპს გაიაზრებს, როგორც “მოხეტიალეს”. ამით აღინიშნება არა როგორც ფიზიკური სიდიდე ანდა წარსულის მკვდარი მასალა, არამედ პირიქით: სიუჟეტური ტიპი განსაზღვრულია თავისი ადაპტაციის უნარით _ ტიპს შეუძლია სხვა თემატურ და შუალედურ კომპონენტებთან ინტეგრაცია. სიუჟეტის აღწერილობის გარდა საძიებელში მითითებულია გეოგრაფიული გავრცელება: დოკუმენტირებულია მოცემული რეგიონების, ენობრივი და ეთნიკური ჯგუფების სიუჟეტურ ტიპთა და მოტივთა კატალოგები.
ამდენად, ფოლკლორულ სიუჟეტთა საერთაშორისო კატალოგი “The Types of International Folktales” არა მარტო ისტორიულ-კომპარატივისტულად ორიენტირებული ფოლკლორისტიკისათვის არის მნიშვნელოვანი გამოცემა, არამედ ყოველგვარი ხალხური გადმოცემის ფართო მასშტაბით კვლევისათვის, მათ შორის, შესრულების ტრადიციის მკვლევართათვის.
პერფორმანსის კვლევა
კონტექსტისა და შესრულების ტრადიციის კვლევა ფოლკლორისტიკაში მე-20 საუკუნის 60-იანი წლებიდან აქტიურად წარიმართა. პერფორმანსზე დაკვირვება, ხალხური შემოქმედების ნიმუშის შესწავლა ყოფასთან მჭიდრო კავშირში დღემდე აქტუალურია ფოლკლორისტიკაში. პერფორმანსი არის კომპლექსური მოქმედება, რომლის მეშვეობითაც მხატვრული ნაწარმოები ერთდროულად გადმოცემულიც არის და აღქმულიც. მოლაპარაკე, მსმენელი და გარემოება ერთმანეთთან გადაჯაჭვულია. პერფორმანსში ერთმანეთს კვეთს საზოგადოებრივი კომუნიკაციის ორივე განშტოება: ის, რაც მოლაპარაკეს მსმენელთან აკავშირებს და ის, რომელიც სიტუაციას და ტრადიციას აერთიანებს.
პერფორმანსი ლოგიკურად ასახავს რამდენიმე კრიტიკულ პუნქტს: 1) პროდუქცია, 2) გადმოცემა, 3) მითვისება, 4) შენახვა, 5) განმეორება. მის წიგნში „ზეპირსიტყვიერების შესავალი“ ლიტერატურული და ზეპირი ტრადიციები პარალელურად არის შესწავლილი. ამ ჩამოთვლილ პუნქტებიდან, ხალხური ნაწარმოების პერფორმანსი შეიცავს (1) გადმოცემას და (2) გათავისებას. იმპროვიზაციის შემთხვევაში, ამას ემატება პირველი პუნქტი - პროდუქცია. ყველა საზოგადოებაში, რომელსაც კი დამწერლობა აქვს, ამ ხუთი ოპერაციიდან ყოველი მათგანი ან ხმითა და სმენით აღწევს სრულყოფას, ან ვიზუალურად დაფიქსირებით.
პერფორმანსის კვლევა ფოლკლორისტიკაში იმ პრინციპს ეფუძნება, რომ ზეპირსიტყვიერებისა და დამწერლობის სახით ერთმანეთის საპირისპიროდ ცივილიზაციის ორი ტიპი დგას. მეცნიერები, რომლებიც ამ საკითხს სწავლობენ, ცდილობენ, ზეპირი მეტყველებისა და დამწერლობის კონტრასტული ნიშნები განაზოგადონ. დამწერლობა მხედველობასთან არის კავშირში, ზეპირი მეტყველება - სმენასთან. ყოველ ეპოქაში ერთმანეთის პარალელურად არსებობენ და მუშაობენ „ზეპირი მეტყველების ადამიანები“ და „დამწერლობის ადამიანები“.
სტრუქტურალიზმი
ფოლკლორული ტექსტის სტრუქტურული შესწავლა ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო ვლადიმერ პროპმა. მისმა „ზღაპრის მორფოლოგიამ“ ფოლკლორისტიკის მთელი მომავალი განსაზღვრა და დღემდე აქტუალურ წიგნს წარმოადგენს ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. ვ. პროპის ნაშრომი წინ უსწრებდა სტრუქტურალიზმს როგორც სამეცნიერო მიმდინარეობას, მაგრამ 60-იანი წლებიდან სტრუქტურალიზმი ლინგვისტიკის გავლენითაც შეიჭრა ფოლკლორისტიკაში. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ევროპულ და ამერიკულ ფოლკლორისტიკაში განსაკუთრებით პოპულარული იყო „ლინგვისტური მიმართულება“ - სტრუქტურალიზმი, რომლის მიხედვითაც კულტურის ყოველი კომპონენტის ანალიზი ისე ხდება, თითქოს ის ენა იყოს.
კვლევის ეს სფეროები ფოლკლორისტიკაში - ისტორიულ-შედარებითი მეთოდით მუშაობა, პერფორმანსის კვლევა და სტრუქტურული ტიპოლოგია - ერთმანეთს არ გამორიცხავენ, არამედ უფრო ნათელს ხდიან ფოლკლორის შესწავლის მნიშვნელობას კულტურული გლობალიზაციის პროცესში. კვლევის ცენტრში ექცევა იმ ფორმათა შესწავლა, რომლებიც თანამედროვე კონტექსტებში ჩნდება. Fფოლკლორის შედარებით-ისტორიული მეთოდით კვლევის მიზანია, სრულად და დახვეწილად გაიაზროს ის გზები, თუ როგორ მუშაობს ცოდნის ზეპირი კომუნიკაციები ზოგადად და სპეციფიკურ კულტურულ სიტუაციებში. ამ მხრივ კი შესაძლებელია ხალხური შემოქმედების ნიმუშებისა და ჟანრების განვითარების ეტაპების დადგენაც, თუ როგორ მოაღწიეს მათ დღევანდლამდე და კვლავ არსებობენ.