სისასტიკის ასახვისა და გენდერული სტერეოტიპების გამო

ფსიქოლოგებისა და ანთროპოლოგების გამოკვლევებით, მითების უმრავლესობა უნივერსალურია და მომდინარეობს ადამიანის ზოგადი მოთხოვნილებიდან, დაადგინოს და ერთგვარად ახსნას რეალობა.  რამდენადაც მითები ადამიანის ინდივიდუალურ და კოლექტიურ მოთხოვნილებებს გამოხატავენ, სპეციფიკური და ურთიერთგანსხვავებული არიან. ისინი ცალკეული საზოგადოებების სურვილებს ავლენენ, დაკონკრეტებული არიან დროსა და სივრცეში და არ წარმოადგენენ უბრალოდ ბუნდოვან აბსტრაქციებს.

სხვადასხვა მეცნიერების პოზიციიდან, განსაკუთრებით სოციალურ მეცნიერებათა მხრიდან, ხშირია ხალხური ზღაპრის კრიტიკა სხვადასხვა მიზეზის გამო. ერთ-ერთი გარემოება, რის გამოც ხალხური ზღაპარი კრიტიკული განსჯის ობიექტი ხდება არაფოლკლორისტების მიერ, არის სისასტიკის ასახვა. მეორე მიზეზი, რისთვისაც ტრადიციულ ზღაპარს მუდმივად აკრიტიკებენ, გენდერული სტერეოტიპებია. 

1) ზღაპარი და სისასტიკე. ხალხურ ზღაპარში სისასტიკისა და კანიბალიზმის ასახვა მჭიდროდ არის დაკავშირებული უძველეს რწმენა-წარმოდგენებსა და მაგიურ რიტუალებთან. ადამიანის მსხვერპლშეწირვის ელემენტები, რომელთაც ჯადოსნურ ზღაპრებში ვხვდებით, სავარაუდოდ, ამგვარი წეს-ჩვეულების ანარეკლს შეიცავს. სისხლიანი მსხვერპლის მაგალითები უხვადაა ხალხურ ზღაპრებში, განსაკუთრებით ისეთ სიუჟეტებში, რომლებშიც მსხვერპლშეწირვა გმირის გაცოცხლების ერთადერთი გზაა.

ზღაპრული და მითოსური მოტივები გვამის დანაწევრების, ძვლის მოხარშვისა და სხვათა შესახებ სამონადირეო წეს-ჩვეულებების შემადგენელი ნაწილია. ზღაპრული ზებუნებრივი არსებები (ჯადოქრები, ეშმაკები, გოლიათები) რომ კაცის ხორცს ჭამენ, ამას მაგიური კანიბალიზმის სახე აქვს და მაქციობის რწმენის უძველეს შრეს ასახავს.

ეთნოლოგიური კვლევების თანახმად, ყოველგვარი მსხვერპლშეწირვა გულისხმობს მსახურის, ღვთაებისა და შესაწირი საგნის ურთიერთსოლიდარობას. იქნება ეს საგანი ცხოველი, მცენარე თუ ნივთი, რომელსაც ექცევიან როგორც ცოცხალს, მისი მოსპობა გამოსასყიდ მსხვერპლს უდრის.

მსხვერპლშეწირვის იდეა მჭიდრო კავშირშია ტოტემიზმთან. მსხვერპლშეწირვას მთლიანობაში ხსნიდნენ როგორც გადმონაშთს ან როგორც ტოტემიზმის ნიშანს.

ზღაპარი მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ფანტაზია წმინდა ადამიანური ქმედებაა და ხელს არ უშლის ჭეშმარიტების აღქმას.

საზღაპრო რეპერტუარის მრავალფეროვნება ჯადოსნური ზღაპრის კვლევის უამრავ პერსპექტივას შლის და გარდა ფოლკლორისტიკისა, სხვა მეცნიერებათა დაკვირვების ობიექტსაც წარმოადგენს. ამასთან, ზღაპრის ნებისმიერი ასპექტის შესასწავლად გასათვალისწინებელია ზეპირ და ლიტერატურულ ტრადიციათა შორის არსებითი განსხვავება და ზღაპრის ჟანრული თავისებურებები.

 

2) გენდერული სტერეოტიპები. კიდევ ერთი ყველაზე ხშირად დასმული საკითხი და კრიტიკული დამოკიდებულება ზღაპრების მიმართ ჩანს გენდერული სტერეოტიპების ირგვლივ.

გენდერული კვლევის მეთოდიკა ჩამოყალიბდა ფემინისტური კვლევების შედეგად. ფემინიზმი ცდილობს, აღმოაჩინოს და განსაზღვროს სოციალური უთანასწორობა და ამავე დროს, შეამსუბუქოს და აღმოფხვრას ეს პრობლემა. გენდერული კვლევების მეთოდები ეხმაურება სოციალურ ცვლილებებს. ერთ-ერთი მთავარი მეთოდოლოგია ფემინისტურ კვლევებში არის თვისობრივი კვლევა, რაც მიმართულია გენდერული უთანასწორობის მაგალითების წარმოჩენაზე. გენდერული კვლევა იყენებს სხვადასხვა ემპირიულ მასალას, მათ შორის ეთნოგრაფიულსაც, და სვამს უამრავ საკითხს, როგორებიცაა

გენდერული როლების ჩამოყალიბება, გენდერული და სექსუალური პოლიტიკა, სოციალური, ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემები და სხვა.

სხვა სოციალურ როლებთან ერთად გენდერული როლი საზოგადოებაში ყალიბდება სოციალურ სტრუქტურებად და კულტურას ერწყმის. გენდერის თეორია სწავლობს არა მხოლოდ ქალისა და კაცის მოქმედებებს, არამედ იმასაც, თუ რამდენად ახდენს გავლენას მათზე კულტურული გარემო და სოციუმი. კაცებსა და ქალებზე შექმნილი სტერეოტიპები ძირითადად ასეთია: კაცები არიან  დომინანტურები, საკუთარ თავში დარწმუნებულები და კონკურენტუნარიანები. ამის საწინააღმდეგოდ, ქალები არიან მეგობრულები, არაეგოისტები, სხვების გულშემატკივარნი და ემოციურები. ეს სტერეოტიპები, სოციალურად განპირობებიული გენდერული როლების შემადგენელი ნაწილია. შესაძლოა სტერეოტიპები სრულიად არ შეესაბამებოდეს სიმართლეს, მაგრამ საზოგადოება მაინც აღიარებდეს მათ.

გენდერული კვლევები ტრადიციულ ზღაპრებში ხედავენ სქესთა შორის როლების გადანაწილების პრობლემას, რაც საფუძველს აძლევს მეცნიერებს, მოგვცენ ამა თუ იმ პერიოდის საზოგადოების სოციოკულტურული სურათი. ის მოსაზრება, რომ ქალი არის პასიური არსება, ხოლო მამაკაცი - აქტიური და ეს ზღაპარშიც აისახება, ხშირად გაზვიადებულად არის წარმოდგენილი სოციოლოგთა მიერ. როდესაც გენდერულ სტერეოტიპებზე მაგალითი მოჰყავთ, ყოველთვის ის ზღაპრები ექცევა ფსიქოლოგთა და სოციოლოგთა ყურადღების ცენტრში, რომლებშიც დაჩაგრული ქალი ელოდება ცხენზე ამხედრებულ უფლისწულს გადასარჩენად. ფოლკლორისტები კი გენდერულ საკითხებზე მსჯელობისას არ შემოიფარგლებიან მხოლოდ ქალთა პასიური როლით და მაგალითად უამრავ ზღაპარს ასახელებენ, რომლებშიც ქალი აქტიური პერსონაჟია და თავად იბრძვის.  

ფოლკლორული მონაცემების სიღრმისეული შესწავლა წინ უნდა უძღოდეს სხვადასხვა განზოგადებულ ინტერპრეტაციებს. სოციალურ მეცნიერებათა პოზიციიდან შეიძლება უამრავი საკითხი გადაიჭრას და ღირებული დასკვნები გაკეთდეს, მაგრამ კოლექტიური რწმენა-წარმოდგენებისა და სიმბოლოთა კვლევისას აუცილებელია თავად ფოლკლორული შემოქმედების თავისებურების გათვალისწინება.

ბოლო ცვლილება: ორშაბათი, მაისი 29 2023, 12:10 PM