ჩრდილოარაბული

ჩრდილოარაბული გავრცელებულია დასავლეთ აზიაში, აფრიკის დიდ ნაწილსა და მალტაზე. ადრე ამას ემატებოდა პირინეის ნახევარკუნძული, სიცილია, ბალეარის კუნძულები; არაბულად მოსაუბრე მოსახლეობა გვხვდება შუა აზიაშიც. ურთიერთისაგან უნდა გაიმიჯნოს პროტოარაბული, სალიტერატურო არაბული და დიალექტები.
1. პროტოარაბული დამოწმებულია ეპიგრაფიკული ძეგლებით, რომლებიც ავლენენ სამ ერთეულს: სამუდურს, ლიჰიანურს და საფაურს. წარწერები აღმოჩენილია როგორც არაბეთის ნახევარკუნძულზე, ისე მის ფარგლებს გარეთაც. წარწერების უმრავლესობას ათარიღებენ რამდენიმე საუკუნით ჩვენს წელთაღრიცხვამდე და მას შემდეგ. სამუდური და საფაური წარწერები ღარიბია შინაარსით და უმთავრესად საკუთარ სახელებს შეიცავენ. გაცილებით მრავალფეროვანია ლიჰიანური. მართალია, მასალები ფრაგმენტულია, მაგრამ ისინი მაინც გვაწვდიან არაბული ენის ისტორიისათვის მეტად მნიშვნელოვან ცნობებს.
2. სალიტერატურო არაბულის ჩამოყალიბება იწყება წინაისლამურ ხანაში. ეპიგრაფიკულ ძეგლთა რიცხვი მცირეა. ამ ხარვეზს ავსებს საყოველთაოდ აღიარებული ისლამამდელი პოეზია. პოეტური თხზულებები ცნობილია VI ს.-დან. მათ თაობიდან თაობას ზეპირად გადასცემდნენ რავიები (გადმომცემნი, დეკლამატორები). VII ს.-დან იწყება ჩაწერა და თავმოყრა კრებულებსა და დივანებში, რომელთაგან განსაკუთრებით ფასეულია მუალაკები (VII ს.), ქითაბ ალ-აღანი (X ს.) და სხვ. ლიტერატურული ნორმების დადგენისა და სტანდარტიზაციის საქმეში განსაკუთრებული როლი ყურანს ხვდა წილად. კლასიკურ ენაზე იქმნებოდა თხზულებები ფილოსოფიასა და თეოლოგიაში, ისტორიასა და გეოგრეფიაში, მათემატიკაში, მხატვრულ ლიტერატურაში და სხვ. ყურანის და ძველი პოეზიის ტრადიციებს არ უკავშირდება მხოლოდ ქრისტიანული არაბული ლიტერატურა, რომელიც იმთავითვე სასაუბრო ენას ემყარებოდა. X ს.-დან შეინიშნება როგორც ლიტერატურის, ისე, ზოგადად, კულტურის განვითარების შეფერხება, შემდეგ კი - დაქვეითება. იზღუდება სალიტერატურო არაბულის სფერო და იგი ადგილს თანდათან სპარსულს უთმობს. ამ მხრივ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა მოგვიანო პერიოდში. სალიტერატურო არაბულს მხოლოდ ღვთისმეტყველების წარმომადგენლები მიმართავდნენ. ასეთ პირობებში მეტი გასაქანი მიეცა ხალხურ მეტყველებასა და ფოლკლორს. აღსანიშნავია, რომ ზოგმა ქვეყანამ არაბული კულტურის (კერძოდ, ენისა და ლიტერატურის) გავლენა ამ პერიოდში განიცადა. იგი გზას იკვლევს ინდოეთში (XVI ს.-დან), ცენტრალურ აფრიკაში; ჩრდილო კავკასიაში XIII-დან XX ს.-ის 30-იან წლებამდე სამწერლობო ენა არაბული იყო.
XIX ს.-დან იწყება სალიტერატურო არაბულის აღორძინება (ნაჰდა), რასაც ხელი შეუწყო არაბულ სამყაროში მომხდარმა პოლიტიკურმა და კულტურულმა ძვრებმა.
3. თანამედროვე დიალექტები გარდა არაბეთის ნახევარკუნძულისა გავრცელებულია მრავალ ქვეყანაში. ისინი პირობითად შეიძლება, ორ ჯგუფად დაიყოს:

აღმოსავლური დასავლური (მაღრიბული)
1.არაბეთის ნ/კ-ის დიალექტ. 1. ლიბიური
2.სირიულ-ლიბანურ-პალესტინური 2. ტუნისური
3.მესოპოტამიური 3. ალჟირული
4.ეგვიპტური 4. მაროკოული
5.სუდანური 5. ჰასანია (დას. აფრიკაში)
6.შუააზიური (ბუხარული, კაშკადარიული)


წყარო
ა. ლეკიაშვილი, არაბული ენა, თბილისი, 1976