არამეული ენა

არამეული ენა ერთ-ერთი უძველესი სემიტური ენაა, რომელზეც თითქმის სამი ათასი წლის მანძილზე იქმნებოდა წერილობითი ძეგლები და რომელიც დღესაც განაგრძობს არსებობას.
სახელწოდება “არამეული” და “არამელეები” ამ ენაზე მოლაპარაკეთათვის მოდის სიტყვისაგან “არამ”, რომელიც უძველეს არამეულ წარწერებსა და ბიბლიურ და აქადურ ტექსტებში გვხვდება. “დაბადების” X თავში, სადაც ეთნარქების ტაბულაა მოცემული, სემის ძეთა შორის ჩვენ ვკითხულობთ არამის სახელსაც. აქადურ წარწერებში ’არამē –ს სახელით (ძვ. წ. XIV ს.-დან დაწყებული) ცნობილია სემიტური წარმოშობის მომთაბარე ტომები, რომლებიც ჩრდილო არაბეთის სტეპებიდან მესოპოტამიის კულტურულ რეგიონებში შეიჭრნენ. თვით ამ ხალხის უძველეს წერილობით ძეგლებში “არამ” თავდაპირველად ქვეყნის აღმნიშვნელ სახელად გვევლინება (ძვ. წ. VIII საუკუნის ზაქირის წარწერა), ხოლო აქედან ნაწარმოები სიტყვები “არამეული” და “არამეულად” ელეფანტინის წარწერებიშია დადასტურებული (ძვ. წ. V ს.).
არამეული ენის სტრუქტურის განხილვა მის ყველა დონეზე ისტორიულ ასპექტში საშუალებას იძლევა ენის განვითარებაში სამი ძირითადი ეტაპი გამოვყოთ: ძველი არამეული, საშუალო არამეული და ახალი არამეული. აღსანიშნავია, რომ ყველა ხსენებულ ეტაპზე მკაფიოდ განირჩევა ტერიტორიული დიალექტებიც; პირველი ორი ეტაპი მკვდარ დიალექტებს ვარაუდობს, მესამე კი – ცოცხალს.
I ეტაპი (ძველი არამეული) მოიცავს პერიოდს, რომელიც ვარაუდობს არამეულ წერილობით ძეგლებს დღიდან მათი წარმოქმნისა ვიდრე ახ. წ. III-IV სს., ე. ი. იმ დრომდე, როდესაც ედესაში თავს იჩენს მძლავრი არამეული ლიტერატურული ენა – სირიული და “სირიული ხანის” სხვა დიალექტები. ამ ეტაპს განეკუთვნება: უძველესი არამეული წარწერების ენა (ძვ. წ. X-VIII სს.), ე. წ. კლასიკური, ანუ ოფიციალური არამეული ენა, რომელიც ასურეთისა და სპარსეთის იმპერიაში იყო გავრცელებული (ძვ. წ. VII-IV სს.), ბიბლიის არამეული – ძირითადად იგივე ოფიციალური არამეული, რომელზედაც გავლენა მოახდინა უფრო გვიანდელმა პალესტინის დიალექტმა (ძვ. წ. III-II სს.) და ნაბატეური და პალმირული წერილობითი ძეგლების ენა (ძვ. წ. I – ახ. წ. III ს.).
II ეტაპი (საშუალო არამეული) წარმოდგენილია III-VIII სს. პალესტინის, სირიისა და მესოპოტამიის დიალექტებით. ამ პერიოდის არამეული დიალექტები ქმნიან ორ, ერთმანეთისგან საკმაოდ მკვეთრად განსხვავებულ ჯგუფს: დასავლურსა და აღმოსავლურს. დასავლურ ჯგუფში შედის: თარგუმებისა და იერუსალიმის თალმუდის არამეული ენა – ე. წ. იუდეურ-არამეული, პალესტინელ ქრისტიანთა და სამარიტანელთა არამეული დიალექტები; აღმოსავლური ჯგუფი აერთიანებს სირიულს, მანდეურსა და ბაბილონის თალმუდის არამეულ ენას.
III ეტაპი (ახალი არამეული) მოიცავს თანამედროვე არამეული დიალექტების მთელ ჯგუფს (მა’ლულას, ტურაბდინის, სიირტის, მოსულის, ურმიისა და სხვ. დიალექტებს.)

წყარო
კ. წერეთელი, არამეული ენა, თბილისი,