უგარითული ენა

ქალაქ უგარითში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად საკმაოდ მდიდარი ბიბლიოთეკა აღმოჩნდა; ტექსტები შესრულებულია როგორც აქადურ, ამორეულ და ეგვიპტურ, ისე უგარითულ ენაზეც და ძვ. წ. აღ.-ის XIV-XII საუკუნეებით თარიღდება.
წერილობითი ძეგლების უმრავლესობა, როგორც მოსალოდნელი იყო, შესრულებულია თიხის ფირფიტებზე. ძირითადი ნაწილი წარმოადგენს დიპლომატიურ მიმოწერას, პირად კორესპონდენციებს, ასევე ლექსიკონებს. მნიშვნელოვანი ადგილი უკავი მითოლოგიური შინაარსის ტექსტებსა და ჰიმნებს, რომელთა აღმოჩენამ და გაშიფრვამ დიდი წვლილი შეიტანა ზოგადად ქანაანური მითოლოგიისა და ძველი აღთქმის ტექსტების უკეთ შესწავლასა და კვლევაში.
უგარითული ენა თავისი ფონეტიკური, მორფოლოგიური თუ სინტაქსური მახასიათებლებით საკმაოდ ახლოს დგას ძვ. ებრაულთან და ფინიკიურთან, სწორედ ამიტომ მკვლევართა ნაწილი მას ქანაანურ ენათა ქვეჯგუფში აერთიანებს; მაგრამ აშკარაა, რომ უგარითული ენის განვითარების უფრო ძველ საფეხურს უნდა წარმოადგენდეს, ამიტომ მეცნიერთა უმრავლესობა მას, ებლაურსა და ამორეულთან ერთად, II ათასწლეულის ენათა გჯუფში აერთიანებს, თუმცა, მკვეთრი საზღვრების გავლება სემიტურ ენათა ჩრდილო-დასავლური შტოს ამ ორ ქვეჯგუფს შორის ძალიან რთულია და მხოლოდ პირობითია.