სასწავლო კურსი შექმნილია სახელმწიფო ენის საუნივერსიტეტო კურსის 
დამტკიცებული თემატიკისა და აკადემიური წერის საუნივერსიტეტო სტანდარტების შესაბამისად და მისი მიზანია გამოკვეთოს ქართულის, როგორც სახელმწიფო ენის, მეცნიერებისა და განათლების ენის ფუნქციონირების ასპექტები,  განუვითაროს სტუდენტს ქართული ენის აკადემიური მიზნებისთვის გამოყენების უნარი; გააცნოს საერთაშორისო პრაქტიკაში დამკვიდრებული აკადემიური წერის პრინციპები, აკადემიურ სივრცეში საჭირო სხვადასხვა ტიპის წერილობითი ნაშრომის (ესე, რეფერატი, სამეცნიერო ნაშრომისტატია, საბაკალავრო ნაშრომები და ა. შ.)  შექმნის ხერხები და საშუალებები;  კურსი შესაძლებლობას მისცემს სტუდენტებს, დაეუფლონ არგუმენტისა და კონტრარგუმენტის სწორად ფორმულირებას, მიზნისათვის შესაფერისი სტილის შერჩევას,  ენის ნორმალიზაციის   ძირითად საკითხებს,  ფუნქციური სტილებისა და მათი პრაქტიკული რეალიზაციის გზებს; გამოიმუშაონ აკადემიური და სამეცნიერო ტექსტის შექმნის უნარები; აითვისონ დარგობრივი ტერმინთშემოქმედების ძირითადი პრინციპები და მექანიზმები, გაიაზრონ ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბებისა და  განვითარების  ისტორია,  მისი თანამედროვე მდგომარეობა,   გაეცნონ  თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით შექმნილ ქართული ენის ციფრულ რესურსებს და  შეძლონ მათი გამოყენება აკადემიური მიზნებისთვის.


კურსის მიზანია, განუვითაროს სტუდენტებს ეფექტური აკადემიური კომუნიკაციის უნარი, რაშიც იგულისხმება აკადემიური წერის, ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და პრეზენტაციის უნარები. კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან სამეცნიერო კვლევის ზოგად არსსა და დანიშნულებას, ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას სამეცნიერო წყაროებიდან და ბაზებიდან, მოძიებული ინფორმაციის სისტემატიზაციასა და გადმოცემას წერილობით და ზეპირად. ისინი განიხილავენ, დაგეგმავენ და შექმნიან წერილობით ნაშრომებს აკადემიური წერის წესების დაცვითა და სამეცნიერო ენის თავისებურებების გათვალისწინებით.