ქართველთა ეთნოგენეზისისა და უძველესი
კულტურული კავშირების შესახებ წერილობითი პირველწყაროები არ არსებობს.
მიუხედავად ამისა, ქართული ეთნოსის პრეისტორიის თაობაზე როგორც ქართულ,
ასევე ევროპელ მეცნიერებებში სხვადასხვა თეორია არსებობს უმთავრესი
ენათმეცნიერული, არქეოლოგიური და მითოლოგიური ფაქტების ინტერპრე-
ტაციების საფუძველზე.
ქართული ეთნოსის უძველესი კონტაქტების შესახებ თეორიები ევროპაში
დაიწყო ზოგი ლინგვისტიკის მეცნიერული კვლევებითა და თეორიებით XVII-XVIII
საუკუნეების მიჯნაზე. გ.ლაიბნიცი მსგავსებებს ეძიებდა ქართულ და ინდოევროპულ
ენათა ოჯახებს შორის. მარი ბროსესა და ფრანც ბობის თვალსაზრისით,
ქართველური ენები ინდოევროპული (ინდურ-ირანული) ოჯახის წევრადაა
მიჩნეული. ახალ თვალსაზრისს ავითარებს ფრიდრიხ მიულერი 1864 წლიდან,
ქართველური და მთის კავკასიური ენების ერთ ენათა ოჯახად მოაზრებით. ამ
თვალსაზრის დაუჭირა მხარი ივანე ჯავახიშვილმა, არნოლდ ჩიქობავამ და ეს
თეორიაა დღეს პოპულარული და ოფიციალურად მიღებულია ლინგვისტურ
წრეში. ნიკო მარი თავდაპირველად ქართულ ენას სემიტური ოჯახის წევრად
თვლიდა. შემდგომში ქართული და მედიტერანული მკვდარი ენები (პელაზგები,
ეტრუსკული და მათთან ერთად ბასკურიც) ერთ იაფეტურ ენათა ოჯახად მიიჩნია და
ბოლოს ამ ოჯახს ინდოევროპული ოჯახის ენებიც დაუკავშირა.
ამ ლინგვისტური თეორიებიდან ამოიზარდა უძველესი ქართული სამყაროს
ეთნო-კულტურილი კავშირის თეორია წინარე ბერძნული (პელაზგურ) და ასევე
ეტრუსკული და ბასკური მოსახლეობიდან [პაულ კრეჩმესი 1896წ); ფრიტც
შახერმაიერი (1955წ); ე. ფურნეე 1979წ). ქართველ მეცნიერთაგან ამ თეორიას
ავითარებს რისმაგ გორდეზიანი.
ბერძნული და ქართული მითოსის უძველესი ბერძნული ეპოსის (ჰომეროსი)
ცალკეული ფაქტების ანალიზით (ამირანის ეპოსი, პრომეთე; პელაზგური არგო)
პარალელების გარკვეული თვალსაზრისებია გამოთქმული. (წაიკითხეთ ჩემი
მიმოხილვითი სტატია: ჟურნ.: „ქართველოლოგი“ √10, 2003წ. გვ. 45-49).
2. საისტორიო ფაქტებით და წყაროებით მოღწეული ცნობების თანახმად
ქართული კულტურული და კერძოდ ლიტერატურული ურთიერთობების ძალზე
მნიშვნელოვანი კულტურული და კერძოდ ლიტერატურული ურთიერთობები
ძალზე მნიშვნელოვანი იყო ბერძნული-ბიზანტიურ, სომხურ, სპარსულ, არაბულ,
ევროპულ და რუსულ კულტურულ სამყაროებთან, ძირითადად ამ ურთიერთო-
ბების წიაღში ვითარდება ქართული ქრისტიანული ანუ სასულიერო და მეორე
მხრივ, შუა საუკუნეების საერო მწერლობის პროცესი საქართველოში. ბერძნულ-
ბიზანტიური ურთიერთობით დაწყებული ქართული სასულიერო მწერლობა (IVVსს)
ქრისტიანული ეკლესიის დიოფიზიტურად და მონოფიზიტურად დიდი
გათიშვის გამო V საუკუნის დასასრულიდან ქართული მწერლობა უპირატესად
სომხურ-ქართულ ურთიერთობების სფეროში ვითარდება. ქართულ-სომხური
საეკლესიო გათიშვიდან (VIIს. პირველი ათწლეული) ქართული საზოგადოებრივი
აზრი და მწერლობაც თანდათანობით უახლოვდება და ვითარდება ბიზანტიური
საღვთისმეტყველო-ლიტერატურული პროცესის კვალდაკვალ. თუმცა ქართული
საეკლესიო პრაქტიკა და შესაბამისად სასულიერო მწერლობა ინარჩუნებს
ტრადიციულ სტილს და მიმართულებებს და გამოკვეთს ეროვნულ
თავისთავადობას საღვთისმეტყველო-ლიტერატურულ პრაქტიკაში.
VIII-X საუკუნეების ქართულ სასულიერო მწერლობას კ. კეკელიძე უწოდებს
ქართული მწერლობის ეროვნულ ხანას: ეროვნული, ორიგინალური ქართული
ჰიმნოგრაფიული მწერლობის განვითარება და სხვა. ქართულ საეკლესიო
მწერლობაში გამოიკვეთება ეროვნულ-პატრიოტული სტილი და შემდგომში XII
საუკუნეში ქართულ საზოგადოებრივ აზროვნებაში ჩამოყალიბდება ე.წ.
მესიანისტური კონცეფცია. ამ ეტაპზე ქართულ ლიტერატურულ პროცესში
მნიშვნელოვანია ქართული მწერლობის კავშირი არაბულ სასულიერო
ლიტერატურასთან. თანდათან იწყება ერთგვარი შეტოლება დიდ ბიზანტიურ
მწერლობასთან და ამ პრინციპის წიაღში დაფუძნდება ათონის ქართული
საღვთისმეტყველო – ლიტერატურული სკოლა – X-XI საუკუნეები (იოანე
ათონელი, ეფთვიმე ათონელი, გიორგი ათონელი – ათონელი ანუ მთაწმინდელი).
ათონის ლიტერატურული სკოლიდან დაწყებული თანდათან იცვლება
ქართული ლიტერატურის ძირითადი მიმართულება, აქცენტი გადადის ბიზანტიური
მწერლობის საფუძვლიან ათვისებაზე. ანუ – თარგმანის უპირატესი მნიშვნელობა
და ზუსტი თარგმანის პრინციპის დამკვიდრება. ეს ტენდენცია ათონის სკოლიდან,
გადადის შავი მთის საღვთისმეტყველო-ლიტერატურულ სკოლაში (ეფრემ მცირე),
შემდეგ გელათის ლიტერატურულ სკოლაში (არსენ იყალთოელი, იოანე
პეტრიწი). ქართულ თეოლოგიურ-ფილოსოფიურ მწერლობაში მკვიდრდება ის
ახალი თეოლოგიური სტილი, რაც ბიზანტიაში გამოჩნდა მანგანის აკადემიაში (XI
საუკუნის II ნახევრიდან), რომელიც ანტიკურ ბერძნულ ფილოსოფიას (პლატონი,
არისტოტელე) უხსნის გზას თეოლოგიის პრობლემატიკის დამუშავებაში. ეს
მიმართულება განაპირობებს ევროპული გვიანდელი შუასაუკუნეების თეოლო-
გიურ-ფილოსოფიურ აზროვნებას, რომელსაც სქოლასტიკას უწოდებენ; ხოლო
მის უმაღლეს ეტაპს განვითარებულ ანუ მაღალ სქოლასტიკას. ეს მიმართულებაა
მკვეთრად გამოხატული იოანე პეტრიწის ფილოსოფიაში და რუსთველის
შემოქმედებაში.
XI-XII საუკუნეების მიჯნაზე ქართულ მწერლობაში ე.წ. საერო მწერლობა,
რაც გამოწვეული იყო ქართული ეროვნული სახელმწიფოს განმტკიცებით და
ქვეყანაში საზოგადოებრივი ყოფის რადიკალური ცვლილებებით - ფეოდალური
კლასის, სამხედრო არისტოკრატიის და სამეფო კარის დაწინაურებით. ეს
ლიტერატურული მიმართულება თავდაპირველად სპარსული ენიდან თარგმნილი
(„ვისრამიანი“) და აღმოსავლური სტილით შექმნილ ნაწარმოებებში („ამირანდა-
რეჯანიანი“) გამოვლინდა. „ვეფხისტყაოსნის“ საფუძველზე ქართულ ლიტერატუ-
რულ აზროვნებაში გამოიკვეთა ევროპული, ქრიატიანული აზროვნების ის ეტაპი,
რომელიც ე.წ. გვიანდელი შუასაუკუნეების ანუ წინარე რენესანსის ეპოქის
აზროვნებაში გამოვლინდა, ქართული მწერლობის ნიმუშების ბაზაზე ქართველი
ავტორის მიერ შეიქმნება ევროპული მწერლობის შედევრი („ბალავარიანი“ –
„ვარლამისა და იოასაფის ისტორია“).
როგორც უკანასკნელი ათწლეულის სამეცნიერო კვლევებმა დაამტკიცა,
ქართული „ვეფხისტყაოსანი“ ევროპული დიდი რენასანსული მწერლობის – XVII
საუკუნის დასაწყისის ინგლისური დრამატურგიის სიუჟეტურ წყაროდაა
გამოყენებული.