სამშაბათი, მაისი 21 2024, 3:49 PM
საიტი: ელექტრონული სწავლების პორტალი
კურსი: შესავალი გერმანული ენის ლექსიკოლოგიაში (ლექსიკოლოგია)
ლექსიკონი: ლექსიკოლოგიური ცნებების ლექსიკონი

არაერთმნიშვნელოვნება (Ambiguität)

ერთი სიტყვით რამდენიმე საგნის ან მოვლენის აღნიშვნის შესაძლებლობა. არაერთმნიშვნელოვანია სიტყვა, რომელიც რამდენიმე ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა. არაერთმნიშვნელოვნების ცალკეული ტიპებია:
პოლისემია, ომონიმია და კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნება.


ექსტენსია (Extension, Begriffsumfang)

გერმანელი მათემატიკოსის, გოოთლობ ფრეგეს ტერმინოლოგიით – მნიშვნელობა (Bedeutung). რეალურად არსებული ობიექტი ან ობიექტთა ერთობლიობა, რომელსაც სიტყვა აღნიშნავს.

იდიომა (გერმ. Idiom)

(ბერძნ. სიტყვიდან idioma - განსაკუთრებულობა, თავისებურება)სიტყვათშენაერთი ან მყარი შესიტყვება/სინტაქსური წყვილი, რომლის მნიშვნელობა არ გამოითვლება მისი შემადგენელი ელემენტების კომბინაციის შედეგად, მაგ. Angsthase აღნიშნავს ძალიან მშიშარა ადამიანს, და არა შეშინებულ კურდღელს, "Schwedische Gardine" აღნიშნავს ციხეს, "Flinte ins Korn werfen" დანებებას და მისთ.

ინტენსია (Intension, Begriffsinhalt)

გერმანელი მათემატიკოსის, გოთლობ ფრეგეს ტერმინოლოგიის "აზრი" (Sinn). ენობრივი ინფორმაცია აღსანიშნი ობიექტის – რეფერენტის, ექსტენსიის შესახებ.

კომპოზიციური მნიშვნელობა (Kompositionelle Bedeutung)

მნიშვნელობა, რომელიც მიიღება სხვადასხვა ენობრივი ერთეულის მნიშვნელობათა კომბინაციის შედეგად. კომპოზიციური მნიშვნელობა გააჩნია ტექსტს, წინადადებებს, სინტაქსურ წყვილებს, ზოგიერთ რთულ სიტყვებს,

კონტექსტური არაერთმნიშვნელოვნება (Kontexuelle Ambiguität)

სიტყვის მნიშვნელობის ცვლილება კონტექსტის გავლენით. ჩვენს ლექციების კურსში კონტექსტური არაერთმნიშვნელოვანების ორი ტიპია განხილული: მეტაფორა და მეტონიმია.

ლემა (Lemma)

სალექსიკონო ერთეული, ცნება, რომელიც განმარტებულია ლექსიკონში.

ლექსიკონი (Lexikon, Wörterbuch)

წიგნი ან მონაცემთა ბაზა, სადაც გარკვეული თანმიმდევრობით (ანბანურად, სისტემურად, კატეგორიების მიხედვით) დალაგებულია ამა თუ იმ ენის სიტყვები/გამოთქმები ან რომელიმე დარგის ცნებები და მოცემულია მათი განმარტება.

არსებობს ძალიან ბევრი ტიპის ლექსიკონი. ენების რაოდენობის მიხედვით განასხვავებენ ერთენოვან, ორენოვან და მრავალენოვან ლექსიკონებს; ლექსიკური ფონდის ტიპის მიხედვით – დიალექტების, სასაუბრო ენის, სალიტერატურო (სტანდარტული) ენის, სოციოლექტურ (მაგ. ახალგაზრდული ჟარგონის), სასაუბრო ენის, ძირითადი სასაუბრო ლექსიკის (Grundwortschatz), თანამედროვე ენის, ძვ. ზემოგერმანულის, საშ. გერმანულის და მსგ. ლექსიკონებს; აღწერილი ენობრივი ნიშნების დონეების მიხედვით – ორთოგრაფიულ, ორთოეპიურ, მორფოლოგიურ, განმარტებით და მისთ. ლექსიკონებს; აღწერილ ნიშანთა ურთიერთმიმართების მიხედვით – ცნებების, ომონიმების, სინონიმების, ანტონიმების და მსგ. ლექსიკონებს; მეთოდური, თეორიული საფუძვლების მიხევით – სემასიოლოგიურ, ონომასიოლოგიურ, სინქრონულ, დიაქრონულ, ეტიმოლოგიურ ლექსიკონებს; ლექსიკონის ადრესატთა მიხედვით სასკოლო, დიდაქტიკურ, პროფესიულ და ა,შ. ლექსიკონებს.

ლექსიკური მნიშვნელობა (გერმ. Lexikalische Bedeutung, Wortbedeutung)

1. სიტყვის კონტექსტისგან დამოუკიდებელი, მენტალურ ლექსიკონში შენახული მნიშვნელობა; სისტემური, სალექსიკონო მნიშვნელობა.

2. მნიშვნელობა, ცნება, რომელიც არ არის მიღებული ცალკეული ლექსიკური ელემენტის კომბინაციის შედეგად. ლექსიკური მნიშვნელობა ამ გაგებით შეიძლება დამახასიათებლია იყოს მხოლოდ ცალკეული ლექსემებისთვის, არამედ ზოგიერთი მყარი შესიტყვებისთვისაც, როგორიცაა მაგალითად გერმ. Kleiner Zeh (ფეხის ნეკი)Flinte ins Korn werfen (დანებება), grauer Star (ცნება) – თითოეულ ამ შესიტყვებას, რომელსაც ასევე მრავალსიტყვიან ლექსემებს (Mehrwortlexem) უწოდებენ, ერთი კონკრეტული ცნება და აღსანიშნი ობიექტი, შესაბამისად ერთი ლექსიკური მნიშვნელობა შეესატყვისება.

ლექსიკური სემანტიკა (გერმ. Lexikalische Semantik, Wortsemantik)

ლექსიკოლოგიისა და სემანტიკის ქვედისციპლინა, რომლის შესწავლის საგანს სიტყვის კონტექსტისგან დამოუკიდებელი ლექსიკური მნიშვნელობა წარმოადგენს. ლექსიკურ სემანტიკას ევალება ცალკეული ლექსემების მნიშვნელობათა აღწერა და ასევე ამ მნიშვნელობათა შორის ურთიერთმიმართების განსაზღვრა.

მახასიათებლების სემანტიკა, კომპონენტური სემანტიკა (Merkmalsemantik, Komponentialsemantik)

სემანტიკური თეორია, რომლის მიხედვით ენობრივი ერთეულების მნიშვნელობა ერთ განუყოფელ მთლიანობას კი არ წარმოადგენს, არამედ შედგება ცალკეული უმცირესი კომპონენტებისგან, მახასიათებლებისგან.

მენტალური ლექსიკონი (mentales Lexikon)

ლექსიკური ცოდნის პრეზენტაცია ადამიანის გონებაში (ხანგრძლივ მეხსიერებაში).

მენტალური ლექსიკონი ლექსიკოგრაფიული პროდუქტებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. ის გაცილებით უკეთ არის ორგანიზებული. სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა წამის მეათასედში საჭირო სიტყვის პოვნა, როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება. ლექსიკონებისაგან განსხვავებით სიტყვები მარტო ბგერადობისა და წერილობითი ფორმების მიხედვით არაა ორგანიზებული. აქ მნიშვნელობაც ძალიან დიდ როლს თამაშობს, რადგან ხშირად ხდება, რომ მსგავსი მნიშვნელობის მქონე სიტყვები ერთმანეთში ერევათ. მენტალური ლექსიკონი ზომა შეზღუდული არ არის, პირიქით შეიძლება მუდმივად გაფართოვდეს. ის რაოდენობრივად გაცილებით მეტს მოიცავს ვიდრე ჩვეულებრივი ლექსიკონი.

მეტაფორა (Metapher)

კონტექსტური არაერთმნიშვნელობის ერთ-ერთი ტიპი, რომლის დროსაც ხდება ერთი ფენომენის სემანტიკური კომპონენტების გადატანა მეორეზე გარკვეული თავისებურებების უკეთ ხაზგასასმელად, მაგალითად (1) წინადადებაში ძაღლის სემანტიკური მახასიათებელი „ყეფა“, „ყეფის უნარი“ გამოყენებულია ლეიტენანტის „მჭექარე“ და დიდი ალბათობით არასასიამოვნო მეტყველების დასახასიათებლად:
(1) Der Feldwebel bellte seine Kommandos.

მეტაფორა გულისხმობს ამოსავალი სფეროდან (Herkunftsbereich) ცნებების სესხებას, მეორე, ძირითადი სფეროს (Zielbereich) საგნების ან მოვლენების დასახასიათებლად.

მეტონიმია

კონტექსტური არაერთმნიშვნელობის, მნიშვნელობის კონტექსტური ცვლილების ერთ–ერთი ფორმა. მნიშვნელობის მეტონიმური ცვლილება გულისხმობს რაიმე ცნების რეფერენტის (აღსანიშნის) ჩანაცვლებას მასთან დაკავშირებული ცნებებით. (უნივერსიტეტი–ინსტიტუცია ან უნივერსიტეტი–შენობა).
კონტექსტური არაერთმნიშვნელობის ეს ტიპი ფართოდ არის გავრცელებული. განვიხილოთ მაგალითად სიტყვა უნივერსიტეტის ინტერპრეტაციის შესაძლებლობები:

(1)
ა) ჩვენი უნივერსიტეტი ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარეობს.
ბ) უნივერსიტეტმა ჰუმანიტარული ფაკულტეტი გააუქმა
გ) უნივერსიტეტი ისევ 14 ოქტომბერს იწყება.

(1ა) წინადადადებაში უნივერსიტეტი აღნიშნავს კონკრეტულ შენობას ან შენობათა კომპლექსს, (1ბ)–ში უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, ხოლო (1გ)–ში – სემესტულ სწავლებას უნივერსიტეტში. პოლისემიასთან საქმე ამ შემთხვევაშიც არ გვაქვს. ის რომ სიტყვა უნივერსიტეტის ამდენი სახის ინტერპრეტაციაა შესაძლებელი, განპირობებულია თვითონ ცნების თავისებურებით. თუ 1ლ მაგალითს უფრო მეტად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ უნივერსიტეტი ყველა შემთხვევაში ისეთი რამეს აღნიშნავს რაც თვითონ უნივერსიტეტის განეკუთვნება (რასაც უნივერსიტეტის ცნება მოიცავს).

მნიშვნელობა (Bedeutung)

ვიწრო გაგებით სიტყვებთან, ან სხვადასხვა სახის ენობრივ ერთეულებთან დაკავშირებული მენტალური ინფორმაცია. ფართო გაგებით მნიშვნელობა ბევრ ასპექტს მოიცავს:

· აღსანიშნი ობიექტი (ექსტენსია),

· ცნებითი ინფორმაცია აღსანიშნი ობიექტის შესახებ (ინტენსია)

· სისტემური ღირებულება - მიმართება სხვა ენობრივ ნიშნებთან

· მნიშვნელობის მიმართება ენის მომხმარებლებთან (მოსაუბრეებთან, მსმენელებთან),

· საკომუნიკაციო ფუნქცია (ინფორმაცია მთქმელის ინტენციის შესახებ),

· საკომუნიკაციო გარემო და მისთ.


იხ.ლექსიკური მნიშვნელობა, კომპოზიციური მნიშვნელობა