კურსის მიზანია მაგისტრანტი გაეცნოს კომპიურეტულ ლექსიკოგრაფიას, როგორც, ერთი მხრივ, კომპიუტერული ლინგვისტიკისა და მეორე მხრივ, გამოყენებითი ენათმეცნიერების დარგს; მის მეთოდებსა და მეტაენას. წარმოდგენა შეექმნას ბეჭდური და ელექტრონული ლექსიკონების მსგავსება-განსხვავებაზე ფორმის, შინაარსისა და ფუნქციონირების თვალსაზრისით. ამასთან, შეიძინოს ლექსიკოგრაფიული მუშაობისათვის საჭირო ცოდნა; გაეცნოს კომპიუტერული ლექსიკოგრაფიის მიღწევებს საქართველოში; სადღეისო პრობლემებსა და მათი გადაწყვეტის ძირითად მეთოდებსა და მიმართულებებს; სემინარულ მეცადინეობებზე უშუალოდ გაეცნოს ამგვარ ლექსიკონებს და  შეიძინოს ელექტრონული რესურსების გამოყენებისა და ლექსიკოგრაფიული სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო  ჩვევები.

კურსის მიზანია მაგისტრანტებს გააცნოს:

ადამიანის ვერბალური ქცევის სპეციფიკა ენის ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროში, სამეტყველო ეტიკეტის მნიშვნელობა ადამიანურ ყოფაში, ვერბალურ-არავერბალური საშუალებების საკომუნიკაციო ფუნქციები, სამეტყველო ეტიკეტის სოციოლინგვისტური და პრაგმალინგვისტური ასპექტები, თავაზიანობის გრამატიკულ-ლექსიკური ინდიკატორები ქართულ ზეპირსა და წერითს მეტყველებაში, თავაზიანობის გამოხატვის განსხვავება სიტუაციის ოფიციალურობის ხარისხის მიხედვით (ოფიციალურ-საქმიან და შინაურულ საკომუნიკაციო რეგისტრებში, სამეცნიერო და პოლიტიკურ დისკურსში),  სამეტყველო ეტიკეტის მნიშვნელობა კულტურათაშორის ურთიერთობასა და დიპლომატიაში. 

კურსი „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა (ცვლილებები და ნორმა)“ შედის სამაგისტრო პროგრამაში „ქართველური ენათმეცნიერება“; ის მოიცავს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების ისტორიას, ნორმათა დადგენის პრინციპებს, გრამატიკულ-ორთოგრაფიული ნორმების ანალიზს, მათი ჩამოყალიბების პროცესის მიმოხილვას, მორფოლოგიისა და სინტაქსის მოსაგვარებელ სადავო საკითხებს, არსებული ორთოგრაფიულ-საცნობარო ლიტერატურის გაცნობას, ენათმეცნიერების განსხვავებულ თვალსაზრისთა შეჯერებას. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიექცევა მართებულად წერისა და მეტყველების, სამეცნიერო და პუბლიცისტური ტექსტების რედაქტირების უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გამყარებას.