სემიტურ ენათა მოკლე დახასიათება (ფონეტიკა, მორფოლოგია, სინტაქსი)

სემიტურ ენებს ახასიათებთ:
  1. მდიდარი კონსონანტური სისტემა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფარინგალები და ე. წ. ემფატიკური თანხმოვნები, მრავალგვარი სიბილანტები და დენტალები.
  2. სიტყვის ძირითად ცნებას მხოლოდ თანხმოვნებისაგან შემდგარი ძირები გადმოგვცემენ, ხმოვნები კი ამ ცნების სემანტიკურ მოდიფიკაციას გამოხატავენ.
  3. სემიტური ძირი, ჩვეულებრივ, სამი თანხმოვნისაგან შედგება. თუმცა გვაქვს ორ, ოთხ და იშვიათად ხუთთანხმოვნიანი ძირებიც.
  4. სახელის კატეგორიებიდან აღსანიშნავია სქესი, რიცხვი, ბრუნება (ზოგიერთ ენაში დაკარგულია) და სტატუსი. ამასთან, სახელის განსაზღვრისას გამოიყენება როგორც მორფოლოგიური, ასევე სინტაქსური ხერხი.
  5. სქესი ორგვარია: მამრობითი (არამარკირებული) და მდედრობითი. ბრუნების სისტემა 3 ბრუნვითაა წარმოდგენილი (როგროც ჩანს, ამ მხრივ განსხვავებული ვითარება გვქონდა ძველ აქადურში). რიცხვი სამია: მხოლობითი (არამარკირებული), ორობითი და მრავლობითი)
  6. უაღრესად იშვიათია კომპოზიტები (გარდა მრავალრიცხოვანი საკუთარი სახელებისა). მათი გაჩენა ახალი სემიტური ენებისთვისაა უფრო დამახასიათებელი.
  7. ზმნის კატეგორიებიდან აღსანიშნავია: ასპექტი, თემები და გვარი. ზმნას არ აქვს გრამატიკული დროები იმ გაგებით, როგორც ამას სხვა ენათა ოჯახებში ვხვდებით. ზმნის ფინიტური (უღლებადი) ფორმები ერთმანეთს უპირისპირდება მოქმედების ასპექტის მიხედვით. ამგვარად მიღებულია პერფექტივი (გამოხატავს მოქმედების დასრულებას) და იმპერფექტივი (გამოხატავს დაუსრულებელ მოქმედებას); როგორც წესი, პერფექტივი ნამყო დროის ფორმების საფუძვლად გამოდის, იმპერფექტივი– აწმყო და მომავლისა.
  8. ძალზედ პროდუქტიულია სემიტურ ენებში სახელის მეორე სახელით განსაზღვრის, ანუ Status Constructus–ის სინტაქსური კონსტრუქცია.
  9. სემიტურში ფართოდ არის გავრცელებული ნომინალი (სახელადი) წინადადება.
  10. ვერბალ, ანუ ზმნურ წინადადებაში წყობა ამგვარია: შემასმენელი, ქვემდებარე, დამატება. ამ მხრივ გამონაკლისია აქადური, სადაც ქვემდებარე უსწრებს შემასმენელს, რაც შუმერული ენის ზეგავლენით უნდა აიხსნას.
წყარო:
მ. მეფარიშვილი, სემიტურ ენათა ისტორიული გრამატიკა, თბილისი, 2008
კ. წერეთელი, ბიბლიის ებრაული, თბილისი, 2001