ძველი ეთიოპური ენა

ეთიოპური ენები

ეთიოპური ენები ორ ჯგუფად იყოფა:
1.ძვ. ეთიოპური, ანუ გეეზი
2.თანამედროვე (ამჰარული, ტიგრინია, ტიგრე და სხვ.)

ჩვ. წ. აღრიცხვამდე ჯერ კიდევ საკმაოდ ადრე ეთიოპიის (ეთიოპია) ტერიტორიაზე გამოჩნდნენ არაბები არაბეთის ნახევარკუნძულიდან, რომლებიც საუბრობდნენ საბაური ენის სხვადასხვა დიალექტებზე. ისინი ასიმილირდნენ ადგილობრივ მცხოვრებლებთან. მკვიდრი მოსახლეობის - კუშიტების- ნაწილმა მიიღო ახალმოსულთა ენა. ამ ორი ხალხის შერწყმისა და განვითარების რთული და ხანგრძლივი პროცესის შედეგად ამ რეგიონში რამდენიმე ენა გაჩნდა.
საკუთრივ ძვ. ეთიოპური, ანუ გეეზი აქსუმის სამეფოს ენას წარმოადგენს, რომელიც ცნობილია ჩვ. წ. აღ-ის I ს.-დან. ამ ენაზე შესრულებულ უძველეს ძეგლს წარმოადგენს აქსუმის მეფის ეზანის წარწერა ( IV ს.-ს შუა ხანები).
აღსანიშნავია, რომ უკვე IV-V სს.-ში გეეზზე ითარგმნა ძველი და ახალი აღთქმა.
დროთა განმავლობაში გეეზმა დაკარგა სასაუბრო ენის ფუნქცია; თუმცა, იგი დღესაც გამოიყენება ღვთისმსახურებისას.
აღსანიშნავია, რომ ამ ენაზე ლიტერატურის დიდი ნაწილი მას შემდეგ შეიქმნა, რაც იგი სალაპარაკო ენას აღარ წარმოადგენდა; ეს არის როგორც რელიგიური ხასიათის თხზულებები, ისე წმინდა წიგნთა თარგმანები კოპტურიდან, ბერძნულიდან, ისტორიული ქრონიკები, რელიგიური ჰიმნები და სხვ.