ებრაული ენა

ებრაულ ენის განვითარებაში სამი საფეხური უნდა გავარჩიოთ: ძველი ებრაული, რომელიც ძირითადად ძველი აღთქმის წიგნებითაა წარმოდგენილი, (მათი უდიდესი ნაწილი აღმოჩენილია ყუმრანის გამოქვაბულებში, ასევე მასადაში და ცნობილია მკვდარი ზღვის გრაგნილების სახელწოდებით) საშუალო ებრაული, რომელიც XX საუკუნის 40-იან წლებამდე “ახალ ებრაულად” ითვლებოდა (მიშნას და რაბინული ლიტერატურის ენა) და თანამედროვე ებრაული, ისრაელის სახელმწიფო ენა.
უძველეს ებრაულ ენობრივ მასალას იძლევა 1890 წ. ქვემო ეგვიპტის სოფ. თელ-ელ ამარნაში აღმოჩენილი არქივი, რომელიც შეიცავს თიხის ფირფიტებს ლურსმული წარწერებით. გაირკვა, რომ ეს არის დიპლომატიური ხასიათის წერილები აქადურ ენაზე და განეკუთვნება ძვ. წ. 1450 წ.-ს. წერილები ასურეთის, ბაბილონისა და ქანაანის მთავრებისაა ეგვიპტის ფარაონის ამენოფის IV-დმი, სადაც გვხვდება ებრაული სიტყვებიც.
როგორც ჩანს, ქანაანში ებრაელთა ეგვიპტიდან დაბრუნებამდე ლაპარაკობდნენ ებრაულად, ან ისრაელიანთა ენასთან ახლოს მდგომ დიალექტზე, ან ენაზე. ებრაული ენის ყველა სხვა ძეგლი ისრაელიანთა ძეგლებია.
ძველი ებრაული ენა, გარდა ძველი ართქმის წიგნებისა, ცნობილია ეპიგრაფიკული ძეგლებითაც, რომლებიც ბიბლიის შექმნის პერიოდს განეკუთვნებიან, ასეთია, მაგ., 1880 წ. იერუსალიმის მახლობლად სილოაჰის ტბასთან აღმოჩენილი ექვს სტრიქონიანი წარწერა. იგი განეკუთვნება დაახ. ძვ. წ. აღ-ით VIII ს.-ს და ცნობილია “სილუაჰის წარწერის“ სახელწოდებით. დაახლოებით ამავე ხანისაა ქ. სამარიას ოსტრაკაც.
ჩვენამდ მოღწეულ ებრაული წერილობითი ძეგლებიდან უძველესია გეზერის კალენდარი (ძვ. წ. X ს.).
ტერმინი “ებრაული ენა” ძველი აღთქმის წიგნებში არ გვხვდება. ამის ნაცვლად გვაქვს “ქანაანის ენა” და “იუდეური”; მაგრამ გვხვდება “ებრაელები”, რასაც უცხოელები ისრაელიანთა მიმართ ხმარობენ. ეს უკანასკნელნი თავის თავს “ისრაელის ძენი”-ს უწოდებდნენ.
ებრაულ ენას “წმინდა ენასაც” უწოდებენ. ეს სახელწოდება პირველად ძველი აღთქმის იუდეურ-არამეულ თარგმანში გვხვდება.
მას შემდეგ, რაც ებრაული ენა ცოცხალი ხმარებიდან გავიდა (ძვ. წ. II ს.) და ძველი აღთქმის კანონთა შეკრება დასასრულს უახლოვდებოდა, ებრაელებმა დაიწყეს მათი წმინდა კოდექსის ახსნა და კრიტიკული დამუშავება. შეიქმნა “მიშნა”.
მიშნა ქმნის პოსტბიბლიური ენისა და ლიტერატურის დასაწყისს, რომლის ენა საშუალო ებრაულადაა დღეს ცნობილი. იგი შესამჩნევლად განსხვავდება იმ ებრაულისაგან, რომელიც ოდესღაც ხალხური ენა იყო. მიშნას ენაში ფართოდაა გამოყენებული ცოცხალი არამეული მეტყველება: ლექსიკა, გრამატიკული ფორმები.
საშუალო საუკუნეებიდან დაწყებული XIX საუკუნის დასასრულამდე ებრაულ ენაზე დაწერილია მრავალი ნაწარმოები, მათ შორის პოეტური, ფილოსოფიური და გრამატიკული თხზულებანი. მათი ავტორების ერთი ნაწილი ცდილობდა ბიბლიის ენისათვის წაებაძა, მეორე – მიშნის ენისათვის.
ნამდვილი რევოლუცია ებრაული ენის განვითარებაში იწყება XIX ს.-ის 80-იან წლებში, როდესაც ელიაზარ ბენ-იეჰუდა მიზნად ისახავს ებრაულ ენას დაუბრუნდეს სამეტყველო ფუნქცია. მან შექმნა მრავალტომეული ებრაული ლექსიკონი, დააარსა გაზეთი, შემოიღო ებრაულის სწავლება სკოლასა და ოჯახში. მიმდინრე საუკუნის დასაწყისიდან ებრაული ენა განიცდის ინტენსიურ განვითარებას, რის შედეგადაც მივიღეთ თანამედროვე ებრაული ენა, რომლის საფუძველი ბიბლიის ენაა, გამდიდრებული შემდგომი ხანის ლექსიკით.


წყარო:
კ. წერეთელი, ბიბლიის ებრაული, თბილისი, 2001