სემიტურ ენათა ჩრდილო-აღმოსავლური შტო. აქადური ენა

სემიტურ ენათა ჩრდილო-აღმოსავლური შტო წარმოდგენილია მხოლოდ აქადური ენით და მისი ასურულ-ბაბილონური დიალექტებით, თუმცა, სემიტოლოგთა ნაწილი ამავე ქვეჯგუფში აერთიანებ ებლაურ ენასაც ( ე. წ. ებლა) აქადური სასაუბრო ენას წარმოადგენდა შუამდინარეთში და გავრცელებული იყო მის ფარგლებს გარეთაც ძვ. წ აღ. III - I ათასწლეულებში. სახელწოდება მომდინარეობს ქალაქ-სახელმწიფო აქადიდან, რომელიც მესოპოტამიაში ცივილიზაციის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ცენტრს წარმოადგენდა. აქადურ ენაზე პირველი ნიმუშები მოგვეპოვება ძვ. წ. XXVI ს.-დან (ძირითადად საკუთარი სახელები შუმერულ ტექსტებში), გაბმული ტექსტები კი - XXIV ს.-დან. II და I ათასწლეულში მესოპოტამიაში ორი გეოგრაფიული დიალექტი წარმოიშვა: ჩრდ. ასურეთში - ასურული და სამხრეთში - ბაბილონური. ლინგვისტურად ისინი ერთმანეთისაგან რიგი ფონოლოგიური, მორფოლოგიური და ლექსიკური თვისებებიით განსხვავდებიან. აღსანიშნავია, რომ ასურული და ბაბილონური დამწერლობაც კი დამოუკიდებლად ვითარდებოდა. ძველასურული ენა ცნობილია 15 000 წერილიდან და სამართლებლივი და ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებიდან.მათი უმრავლესობა ნაპოვნია კაბადოკიაში, ანატოლიასა და სირიის სხვადასხვა რეგიონებში. შუა ასურულზე შესრულებული ძეგლები ძალზედ მწირად მოიპოვება. ხელთ გვაქვს მხოლოდ ასურეთის სამეფოს მეფეთა წარწერები და სხვადასხვა სახის ტექსტები. ახალასურული ასურეთში ძვ. წ. აღ. მე-7 საუკუნემდე, ანუ ასურეთის სამეფოს დაცემამდე, სასაუბრო ენას წარმოადგენდა. მოგვეპოვება დიდი რაოდენობით წერილები და ადმინისტრაციული ხასიათის ტექსტები, აგრეთვე სამეფო წარწერები და სამეცნიერო ნაშრომებიც კი; როგორც ყველა სხვა პერიოდში, ამ დროსაც ლიტერატურული ტექსტები ბაბილონური დიალექტის ლინგვისტურ გავლენას განიცდიან. ძველბაბილონური სამხრეთ მესოპოტამიაში აქადთა სამეფოს პირველი დინასტიის პერიოდში არსებობდა. შუა ბაბილონური იმ პერიოდში წარმოადგენდა სასაუბრო ენას, როცა როცა ბაბილონში კასიტები ბატონობდნენ. შუაბაბილონური ნაკლებადაა გადმოცემული, ძირითადად, სამართლებლივი და ეკონომიკური ხასიათის დოკუმენტებით და სამეფო წარწერებით. ჯერ კიდევ კასიტების ბატონობის პერიოდიდან მოყოლებული, ძვ. ბაბილონური ბაბილონისა და ასურეთის მწერალთა კლასიკურ, სალიტერატურო ენად იქცა. სტანდარტული ბაბილონური არის ბაბილონური ენის დიალექტი, რომელზეც შესრულებულია ისეთი მნიშვნელოვანი თხზულებანი, როგორიცაა ენუმა ელიში და გილგამეშის ეპოსი, აგრეთვე მრავალი ლიტერატურული ტექსტი და სამეფო წარწერა. მე-2 ათასწლეულის მე-2 ნახევრიდან, აქადური,კერძოდ კი მისი ბაბილონური დიალექტი,lingua franca-დ იქცა მთელს რეგიონში. უკვე VII ს.-დან მოყოლებული ახალ წელთაღრიცხვამდე აქადური ენის ადგილს თანდათან არამეული ენა იკავბს, თუმცა, ასურულ-ბაბილონური რჩება სამწერლობო ენად. ყველაზე მოგვიანო პერიოდის აქადური წერილობითი ძეგლები სელევკიდების სამეფოს განეკუთვნება (ძვ. წ. II-I). აქადური ენისა და მისი დიალექტების პერიოდიზაცია ძველი აქადური (ძვ. წ. 2500-200) ძველბაბილონური (ძვ. 2000-1500) ძველასურული (ძვ. 2000- 1500) შუაბაბილონური (ძვ. 1500-1000) შუაასურული (ძვ. 1500-1000) ახალბაბილონური (ძვ. 1000-600) ახალასურული (ძვ. წ. 1000- 600) გვიანბაბილონური (ძვ. 600- 100) სტანდრტ. ბაბილონური (ძვ. წ. 1500-0) ძირითადი წყარო: მ. ღამბაშიძე, აქადური ენა, თბილისი, 2007