სემიტური ენები და მათი კლასიფიკაცია

   ტერმინი “სემიტური ენები” პირველად გერმანელმა მეცნიერმა ა. შლოცერმა გამოიყენა 1781წ. სემიტი ხალხის, კერძოდ: ასურელების, ფინიკიელების, ებრაელების, არამეელების, არაბებისა და აბისინიელების (ეთიოპელების) სალაპარაკო ენათა აღსანიშნავად. ტერმინი “სემიტი” და “სემიტური ენები” შექმნილია “დაბადების” X თავის საფუძველზე, რომელშიც ებრაულად, არამეულად, არაბულად და ეთიოპურად მოლაპარაკე ტომები ნოეს უფროსი ძმის – სემის შთამომავლებად იხსენიებიან. მართალია, ბიბლიის მიხედვით, ტერმინი “სემიტები” მთიანად არ მოიცავს სემიტურ ენათა ყველა მატარებელს (მაგალითად, ფინიკიელები ქამის შთამომავლებად არიან გამოცხადებულნი) და სემის შთამომავალთა შორის ლიდიელებსა და ელამელებსაც ვხვდებით, მაგრამ ჯერჯერობით უკეთესი ტერმინი მეცნიერებს არ შემოუთავაზებიათ. ორიენტალისტები სემიტურ ენათა კლასიფიკაციის რამდენიმე ვარიანტს გვთავაზობენ: როგორც წესი, გამოყოფენ სამ ძირითად შტოს: აღ. სემიტურს /აქადური/, ჩრდ. სემიტურსა /ქანაანურ-არამეული/ და სამხ. სემიტურს /არაბულ-ეთიოპური/. გვხვდება სემიტურ ენათა სხვაგვარი დაყოფაც: აღმოსავლურ და დასავლურ შტოებად; პირველში აქადურს გულისხმობენ, ხოლო მეორეში _ ყველა დანარჩენს, ან ჩრდ. და სამხ. სემიტურ შტოებად; ამ შემთხვევაში სამხ. სემიტურია არაბული და აბისინიური, ხოლო ყველა დანარჩენი _ ჩრდილოსემიტური. გამოყოფენ ასევე ჩრდ. ცენტრალურ (ჩრდ. დასავლურ), ჩრდ. პერიფერიულ (ჩრდ. აღმოსავლურ), სამხ. ცენტრალურსა და სამხ. პერიფერიულ შტოებს.

   დღესდღეობით, სემიტურ ენათაგან ყველაზე ფართოდ გავრცელებულია არაბული (322 მილ. ადამიანი ლაპარაკობს ამ ენაზე), მას მოსდევს ამჰარული (27 მლნ.), ტიგრინია (დაახ. 6, 7 მლნ.) და ებრაული (დაახ. 5 მლნ.)