კურსის მიზანია მაგისტრანტს  მისცეს ღრმა, საფუძვლიანი და სისტემური ცოდნა დამწერლობათმცოდნეობისა და ხელნაწერმცოდნეობის დარგში. კომპარატივისტული ანალიზის გზით შუა საუკუნების  ქრისტიანული აღმოსავლეთის  კულტურულ კონტექსტში ქართული პალეოგრაფიისა და კოდიკოლოგიის ადგილის განსაზღვრა მაგისტრანტს საშუალებას მისცემს უკეთ გააცნობიეროს ქართული პალეოგრაფიისა და კოდიკოლოგიის ცალკეული პრობლემები და შეიმუშავონ ახალი იდეები მათს გადასჭრელად. 

პრაქტიკულ ასპექტში კურსი მიზნად ისახავს, მაგისტრანტი სრულყოფილად დაეუფლოს   ქართული დამწერლობის ძველ სახეობებს (ასომთავრული, ნუსხური და ადრეული მხედრული), შეიძინოს  ქართული ანბანის ძველი სახეობებით დაწერილი წერილობითი ძეგლების (ხელნაწერების)  წაკითხვის, გაგებისა და გაანალიზების უნარი და ტექსტის გამოსაცემად მომზადებისთვის აუცილებელი პრაქტიკული ჩვევები, შეძლოს პალეოგრაფიისა და კოდიკოლოგიის სფეროში კვლევითი ხასიათის ნაშრომის დაგეგმვა, კვლევის დამოუკიდებლად განხორციელება უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით.

კურსის მიზანია მაგისტრანტი გაეცნოს კომპიურეტულ ლექსიკოგრაფიას, როგორც, ერთი მხრივ, კომპიუტერული ლინგვისტიკისა და მეორე მხრივ, გამოყენებითი ენათმეცნიერების დარგს; მის მეთოდებსა და მეტაენას. წარმოდგენა შეექმნას ბეჭდური და ელექტრონული ლექსიკონების მსგავსება-განსხვავებაზე ფორმის, შინაარსისა და ფუნქციონირების თვალსაზრისით.

კურსის მიზანია მაგისტრანტებს გააცნოს:

ადამიანის ვერბალური ქცევის სპეციფიკა ენის ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროში, სამეტყველო ეტიკეტის მნიშვნელობა ადამიანურ ყოფაში, ვერბალურ-არავერბალური საშუალებების საკომუნიკაციო ფუნქციები, სამეტყველო ეტიკეტის სოციოლინგვისტური და პრაგმალინგვისტური ასპექტები, თავაზიანობის გრამატიკულ-ლექსიკური ინდიკატორები ქართულ ზეპირსა და წერითს მეტყველებაში, თავაზიანობის გამოხატვის განსხვავება სიტუაციის ოფიციალურობის ხარისხის მიხედვით (ოფიციალურ-საქმიან და შინაურულ საკომუნიკაციო რეგისტრებში, სამეცნიერო და პოლიტიკურ დისკურსში),  სამეტყველო ეტიკეტის მნიშვნელობა კულტურათაშორის ურთიერთობასა და დიპლომატიაში. 

კურსი „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენა (ცვლილებები და ნორმა)“ შედის სამაგისტრო პროგრამაში „ქართველური ენათმეცნიერება“; ის მოიცავს თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ჩამოყალიბების ისტორიას, ნორმათა დადგენის პრინციპებს, გრამატიკულ-ორთოგრაფიული ნორმების ანალიზს, მათი ჩამოყალიბების პროცესის მიმოხილვას, მორფოლოგიისა და სინტაქსის მოსაგვარებელ სადავო საკითხებს, არსებული ორთოგრაფიულ-საცნობარო ლიტერატურის გაცნობას, ენათმეცნიერების განსხვავებულ თვალსაზრისთა შეჯერებას. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება მიექცევა მართებულად წერისა და მეტყველების, სამეცნიერო და პუბლიცისტური ტექსტების რედაქტირების უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გამყარებას.

აღნიშნული კურსი გათვალისწინებულია  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის სამაგისტრო პროგრამების -ქართველური ენათმეცნიერება და შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია - სტუდენტებისათვის.

სასწავლო კურსის მიზანია ძველი ქართული ენის ფონეტიკის, მორფოლოგიური სტრუქტურის, სინტაქსის სპეციფიკური საკითხების, ასევე, სტილისა და ლექსიკის საკვანძო საკითხების შესწავლა-განმტკიცება. სწავლების ამ საფეხურზე კურსი ითვალისწინებს ძველი ქართული ნათარგმნი თუ ორიგინალური ძეგლების ენობრივი და სტილისტური თავისებურებების განსაზღვრასა და ქრონოლოგიზაციას, ორგანულ და უცხოურ ენათა გავლენით დამკვიდრებულ ენობრივ მოვლენათა გამიჯვნასა და სწორ კვალიფიკაციას, ასევე, მაგისტრანტებში ტექსტზე სამეცნიერო მუშაობისათვის საჭირო ძირითადი უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

 

9809496